Skip to content Skip to sidebar Skip to footer

პლატფორმას “დედამ იცის” ესაუბრება ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის სპეციალისტი  მერი გიუნაშვილი.

რამდენად გავრცელებულია ბრტყელტერფიანობის პრობლემა ბავშვებში?

თანამედროვე კვლევებით, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებათა 62% ტერფის პათოლოგიებზე მოდის. მათ შორის ყველაზე გავრცელებული ბრტყელტერფიანობაა.

რა ასაკამდე ფორმირდება ტერფის ძვლები?

ტერფის ძვლებისა და თაღების ჩამოყალიბების პროცესი 4-5 წლიდან 8-წლამდე მიმდინარეობს. 4 წლამდე ასაკის ბავშვებში ძვლოვან ქსოვილზე მეტად ცხიმოვანი ქსოვილია განვითარებული და შეუძლებელია ბრტყელტერფიანობის დიაგნოზის დასმა, თუ საქმე არ გვაქვს თანდაყოლილ ბრტყელტერფიანობასთან.

შეიძლება გენეტიკური იყოს ბრტყელტერფიანობის პრობლემა თუ შეძენილიც და რატომ?

ბრტყელტერფიანობა, შესაძლოა განპირობებული იყოს გენეტიკური წინასწარგანწყობით. თუ რომელიმე მშობელს ძვალ-სახსროვანი სისტემის რაიმე პათოლოგია აღენიშნება, ყურადღებით უნდა დააკვირდეს საკუთარი შვილის ფიზიკურ განვითარებას.  არსებობს თანდაყოლილი და შეძენილი ბრტყელტერფიანობა. თანდაყოლილი ბრტყელტერფიანობა დაბადებისთანავე დიაგნოსტირდება. შეძენილი ბრტყელტერფიანობა შესაძლებელია გამოწვეული იყოს: ტრავმისგან, ნერვული სისტემის დაზიანებისგან (პოლიომიელიტის გადატანის შემდეგ) და რაქიტისგან. ყველაზე გავრცელებული კი სტატიკური ბრტყელტერფიანობაა, რომელიც გარდა გენეტიკური განწყობისა, შესაძლოა შემაერთებელი ქსოვილის დისპლაზიამ და მყეს-კუნთოვანი აპარატის სისუსტემ განაპირობოს.

როგორ ამოვიცნოთ ბრტყელტერფიანობა ბავშვებში?

თუ ბავშვი უჩივის ადვილად დაღლას, ქვედა კიდურებისა და ტერფების ტკივილს, განსაკუთრებით სიარულის ან სპორტული აქტივობის შემდეგ და აღენიშნება კოჭ-წვივის სახსრის შესივება, ეჭვი უნდა მივიტანოთ ბრტყელტერფიანობაზე. სახლის პირობებში სადიაგნოსტიკოდ არსებობს მარტივი ტესტი: დაუსველეთ ან ზეთი წაუსვით ბავშვს ორივე ტერფზე და დააყენეთ თეთრ, სუფთა ფურცელზე. დააკვირდით ანაბეჭდს, თუ ფურცელზე ტერფის 1/3-ია გამოსახული ეს ნორმაა, თუ ანაბეჭდზე ნახევარი ტერფი ჩანს, მაშინ საქმე გვაქვს პათოლოგიასთან. აუცილებლად გადაამოწმეთ შედეგი პედოგრაფიით ან პედოსკანირებით (ტერფის კომპიუტერული დიაგნოსტიკა).

რა გართულებებს იწვევს ეს პრობლემა?

ბრტყელტერფიანობას ხშირად თან ახლავს ისეთი გართულებები როგორიცაა:

  • ფეხების ტკივილი; 
  • სიარულის მანერის შეცვლა;
  • მუხლის სახსრების დეფორმაცია;
  • ხერხემლის სვეტის დეფორმაციები (სკოლიოზი, ლორდოზი, კიფოზი, კიფო-სკოლიოზი) და ა.შ.

რა ასაკში ისმევა ბრტყელტერფიანობის დიაგნოზი და როგორ ხდება მკურნალობა?

ბრტყელტერფიანობის სადიაგნოსტიკოდ ყველაზე ეფექტური გამოკვლევაა პედოგრაფია (ტერფის კომპიუტერული დიაგნოსტიკა), რომელიც   საშუალებას იძლევა მიღებული მონაცემების საფუძველზე დამზადდეს ინდივიდუალური სამკურნალო-საკორექციო ღაბაში (სუპინატორი). არსებობს რენტგენოლოგიური კვლევაც, რომელიც ბავშვებში ნაკლებად გამოიყენება. ღაბაშით მკურნალობის საუკეთესო პერიოდია 4-8 წლის ასაკი, 8-დან 12 წლამდე ნაწილობრივი დაქვემდებარების პერიოდია, ხოლო 12-13 წლის შემდეგ მიმდინარეობს არსებული შედეგის შენარჩუნება. სამკურნალო ღაბაშთან ერთად აუცილებელია ვარჯიში, მასაჟი, ზოგიერთ შემთხვევაში კი ფიზიოთერაპიაც.

როდის უნდა მივმართოთ ორთოპედს?

ტერფის პათოლოგიის შემჩნევისთანავე, მშობელმა უნდა მიმართოს ბავშვთა ორთოპედს ან პოდოლოგს. წელიწადში ერთხელ (საუკეთესო შემთხვევაში ორჯერ) სასურველია საკონტროლო ვიზიტები.

საპრევენციოდ რამდენად მიზანშეწონილია სუპინატორიანი ფეხსაცმლის გამოყენება და რამდენად მნიშვნელოვანია სწორად შერჩეული ფეხსაცმელი?

საპრევენციოდ სუპინატორიანი ფეხსაცმლის გამოყენება არ არის რეკომენდებული, რადგან ზოგიერთ შემთხვევაში ბავშვს აღენიშნება ჰიპერსუპინაცია (ფეხი გარეთ ბრუნავს). ასეთ დროს სუპინატორიანი ფეხსაცმელი უფრო გაამწვავებს პრობლემას.  

როგორი ფეხსაცმელი უნდა ეცვას ბავშვს როდესაც სიარულს სწავლობს?

პედიატრების თანამედროვე რეკომენდაციებით უმჯობესია ბავშვმა ფეხი აიდგას ფეხშიშველმა, რადგან ამ დროს ტერფი ოპტიმალურად სტიმულირდება. სასურველია შეურჩიოთ ტყავისგან დამზადებული ფეხსაცმელი, რომელსაც აქვს მოქნილი ძირი და ზედაპირზე არ ცურავს. ფეხსაცმლის ზომა ზუსტად უნდა ერგებოდეს ბავშვის ტერფს როგორც სიგრძეში, ისე სიგანეში. ყელის ზომა კი უმჯობესია სცდებოდეს და აფიქსირებდეს კოჭ-წვივის სახსარს.

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5