რა არის ბუასილი?
მის შესახებ ბევრი არ ლაპარაკობს, მაგრამ ბევრი ადამიანის ცხოვრების ნაწილია, განსაკუთრებით ორსულობის დროს. ბუასილი, იგივე ჰემოროიდული კვანძები, არის გაზრდილი და შეშუპებული სისხლძარღვები ანუსის შიგნით ან გარშემო.
ქალების 50%-ზე მეტს ის პირველად ემართება ორსულობის დროს, რადგან ორსულობის ჰორმონი პროგესტერონი ადუნებს სისხლძარღვებს, ასევე გაზრდილი საშვილოსნო და ნაყოფი ზრდის ზეწოლას ანუსის მიმდებარე ვენებზე. განსაკუთრებით გავრცელებულია მე-3 ტრიმესტრში. ბუასილი შეიძლება მშობიარობის დროს გაჭინთვის შემდეგაც წარმოიქმნას.
ბუასილის სიმპტომები:
- ქავილი, ტკივილი და შეშუპება ანუსის გარშემო.
- ტკივილი კუჭის მოქმედების (დეფეკაციის) დროს.
- ანუსის გარეთ ჩამოკიდებული კვანძი, რომლის ხელით შებრუნება ხდება საჭირო კუჭის მოქმედების შემდეგ.
- სისხლდენა კუჭის მოქმედების შემდეგ. სისხლი, როგორც წესი, ალისფერია.
როგორ შევამციროთ დისკომფორტი?
– შეკრულობა შეიძლება გახდეს ჰემოროიდული კვანძების გამომწვევი მიზეზი. ამიტომ, მიირთვით უჯრედისით მდიდარი საკვები (დაუცეხვავი მარცვლეული, უმი ხილი და ბოსტნეული), რათა განავალი იყოს რბილი და გქონდეთ რეგულარული კუჭის მოქმედება. ასევე მნიშვნელოვანია საკმარისი რაოდენობის წყლის დალევა დღის განმავლობაში.
– თავი აარიდეთ დიდ ხანს დგომას ან ჯდომას, რადგან ეს ზრდის დაწოლას ვენებზე. თუ თქვენ გიწევთ დიდ ხანს ჯდომა, ეცადეთ ყოველ საათში რამდენიმე წუთით გაიარ-გამოიაროთ ოთახში.
– გააკეთეთ სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებელი ვარჯიშები.
– ტკივილის შესამსუბუქებლად კვანძებზე დაიდეთ ყინულის კუბები.
– 10-15 წუთით ჩაწექით თბილ აბაზანაში.
– ცვალეთ გრილი და თბილი წყლით მკურნალობა.
– თუ კვანძები გარეთ გამოვარდა, ლუბრიკანტის დახმარებით მსუბუქი მოძრაობებით დააბრუნეთ ანუსის შიგნით.
– მოერიდეთ გაჭინთვას დეფეკაციის დროს, რადგან ამან შეიძლება გაამწვავოს ბუასილი.
– კუჭის მოქმედების შემდეგ ანუსის არე ნაზად გაიწმინდეთ სველი ტუალეტის ქაღალდით მშრალის ნაცვლად.
– არ შეყოვნდეთ უნიტაზზე საჭიროზე მეტ ხანს, რადგან ეს ზრდის დაწოლას თქვენს რექტალურ არეზე.
– გააკეთეთ კეგელის ვარჯიშები ყოველდღიურად. მენჯის კუნთების გამკვრივებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ასევე, დაგეხმარებათ, მშობიარობის შემდგომ პერიოდში.
როდის მივმართოთ ექიმს?
არსებობს მედიკამენტები, რომლებიც ებრძვიან ბუასილის სიმპტომებს, თუმცა მიზეზს – ვერა. სთხოვეთ ექიმს, დაგინიშნოთ მალამო, რომელიც შეგიმცირებთ ტკივილს.
ზოგიერთ სიტუაციაში საჭირო ხდება პროქტოლოგის კონსულტაცია და იშვიათად, ქირურგიული ჩარევა.
წყარო:
https://www.healthline.com/parenthood
https://www.babycenter.com/
https://www.nhs.uk/