Skip to content Skip to sidebar Skip to footer

სასკოლო პროცესის მოახლოებასთან ერთად საკმაოდ აქტუალური ხდება ერთ-ერთი მთავარი სასკოლო ატრიბუტის, ზურგჩანთის სწორად არჩევის ცოდნა. სახელმძღვანელოებით, სასკოლო ინვენტარით, დამატებითი აღჭურვილობით სავსე ჩანთა საკმაოდ მძიმე შეიძლება აღმოჩნდეს სატარებლად თქვენი შვილებისათვის.

მძიმე ჩანთა იწვევს არაერთ პრობლემას მოზარდის ცხოვრებაში, მაგ. კისრის, ხერხემლის, მხრების ტკივილს. დაღლილობის შეგრძნებას. თუ უფრო ღრმად წავიდა პროცესი შეიძლება განვითარდეს სკოლიოზი, ლორდოზი, ბრტყელტერფიანობა და ჯანმრთელობის დაზიანების სხვა შეუქცევადი პროცესებიც კი.

სასკოლო ჩანთის სწორად არჩევა არც ისე მარტივია და მოითხოვს მინიმალური სტანდარტების ცოდნას. პედიატრი, ოჯახის ექიმი ლიდა კორკოტაძე გვიზიარებს რჩევებს, რომელიც აუცილებლად დაგეხმარებათ ცალკეული ნიუანსების შეფასებაში.

მაშ ასე, რა კრიტერიუმებით და როგორ უნდა მოვარგოთ სწორად ჩანთა?

1.       სწორად შერჩეული ზომა

დიდი ზომის ჩანთა სულაც არ არის უკეთესი, ჩანთის ბოლო მცირედით, დაახლოებით 5-6 სმ-ით   უნდა იყოს წელის ხაზიდან ქვემოთ. გაითვალისწინეთ, რაც უფრო დიდი ზომისაა ჩანთა, მით მეტია მისი დამძიმების ალბათობა. ჩანთა უნდა იყოს თქვენი შვილის სიმაღლის პროპორციული.

 2.   აუცილებელია ჩანთას ჰქონდეს რბილი შეფუთული მხრის დამჭერი ანუ მხარზე მოსაკიდებელი, რომელიც იქნება თანაბრად დამაგრებული და სიმეტრიულად გადაანაწილებს დატვირთვას ორივე მხარზე.  მხრის დამჭერი უნდა იყოს რეგულირებადი, განიერი არანაკლებ 5-7 სმ და ქვედა მხრიდან დარბილებული, რომ არ ატკინოს მხრები.

საზურგე უნდა იყოს შეფუთული და არანაკლებ 8-10 მმ-იანი სისქის, რაც უზრუნველყოფს ერთი მხრივ კომფორტს ზურგზე შეხებისას და მეორე მხრივ, ბავშვს იცავს ბასრი საგნებისგანაც, მაგ. ფანქრები, სახაზავი, ნოუთბუქის კიდეები.

3.      აუცილებელია ჰქონდეს წელის ქამარი ან მკერდის სამაგრი,  ქამარი და სამაგრი ხელს უწყობს სიმძიმის თანაბრად გადანაწილებას მთელ სხეულზე.

დამატებითი რჩევები

  • მოძებნეთ ისეთი ზურგჩანთა რომელსაც ექნება სხვადასხვა პატარა განყოფილებები, დაიხმარეთ თქვენი შვილი ფერის, დიზაინის არჩევაში.
  • ჩაალაგეთ ზურგჩანთა ისე, რომ მისი წონის უმეტესი ნაწილი იყოს თქვენი შვილის ქვედა ზურგის ქვედა ნაწილში. წიგნები და კომპიუტერი განათავსეთ ზურგთან უფრო ახლოს. სხვა ნივთები კი თანაბრად გადაანაწილეთ მარჯვენა და მარცხენა მხარეს.

როგორ გავარკვიოთ ჩანთა მძიმეა თუ არა თქვენი შვილისთვის?

  • ჩანთის წონა არ უნდა აღემატებოდეს თქვენი შვილის სხეულის მასის 15%-ს. ანუ თუ თქვენი შვილის სხეულის მასა არის 30 კგ, ჩანთის მასა უნდა იყოს არაუმეტეს 4.5 კგ-ის.
  • იმ შემთხვევაში თუ თქვენი შვილი ჩანთის ტარებისას წინ იხრება, ესე იგი, ეს ჩანთა მისთვის მძიმეა, და თუ მისი წონა არ აღემატება სხეულის მასის 15 %-ს და მოზარდს მაინც უჭირს მისი ტარება, მაშინ იფიქრეთ გორგოლაჭებიანი ჩანთის შეძენაზე.

ასწავლეთ თქვენს შვილს მუდმივად მოაწესრიგოს ჩანთა, ამოალაგოს ზედმეტი ნივთები. სწორად აიღოს და მოიკიდოს ჩანთა, კერძოდ, მუხლებში მცირედ მოხრა თავიდან ააცილებს ზურგის გადაძაბვას, ორივე მხრიდან სიმეტრიულად გაასწოროს ე.წ. სამხრეები და აუცილებლად შეიკრას წელის ქამარი.

როდის არ შეიძლება სასკოლო ჩანთის ტარება?

ქირურგიული ოპერაციის, სხვადასხვა ტრავმის შემთხვევაში თქვენს შვილს შეუძინეთ სახელმძღვანელოების მეორე კომპლექტი, რაც თავიდან აგაცილებთ სიმძიმის ტარების აუცილებლობას.

გახსოვდეთ, ჩანთის სწორად არჩევა და მისი მოხმარება დიდი ალბათობით დაიცავს მოზარდს. თუმცა იმ შემთხვევაში, თუ მაინც ექნება ამა თუ იმ ფორმით ტკივილი ზურგის, წელის, კისრის არეში, ადვილად დაღლა, ფეხებში სიმძიმის შეგრძნება აუცილებლად მიმართეთ სპეციალისტს.

ერთ-ერთი მთავარი ნიუანსი, რეგულარული ფიზიკური აქტივობა, სწორად შერჩეული სპორტი, მაგ. ცურვა, სხვადასხვა ტიპის ფიზიკური ვარჯიში ამაგრებს მხრების, ზურგის კუნთებს, რაც ამცირებს სკოლიოზის, ლორდოზის, ბრტყელტერფიანობის განვითარების რისკს.

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5