“დედამიცისს” ესაუბრება პედიატრი მაკა ლომიძე.
რამდენად ხშირია ბავშვებში ჭიებით ინვაზია და რამდენად საყურადღებოა ეს პრობლემა?
ჰელმინთოზი – ჭიებით გამოწვეული ინფიცირებაა. ფორმის მიხედვით განასხვავებენ მრგვალ, მწოველ და ლენტისებრ ჭიებს (ჰელმინთები), გარემოში ჰელმინთის კვერცხის ან ლარვის განვითარებისა და გადაცემის მექანიზმის მიხედვით – კონტაქტურ ჰელმინთებს, გეოჰელმინთებს და ბიოჰელმინთებს.
ჰელმინთები მეტ-ნაკლებად მთელ მსოფლიოშია გავრცელებული. თუმცა კლიმატის მიხედვით ახასიათებს გარკვეული უპირატესი გეოგრაფიული გავრცელება. ამ მხრივ ენდემური ზონებია – აფრიკა, სამხრეთ აზია და სამხრეთ ამერიკა. საზოგადოდ, ჭიებით ინვაზია ხშირია განვითარებად ქვეყნებში, სადაც პრობლემის სიმწვავეს, კლიმატთან ერთად (ტროპიკული, სუბტროპიკული) განაპირობებს მოუწესრიგებელი კანალიზაციის და წყალგაყვანილობის სისტემები, მწირი ჰიგიენური ჩვევები, სურსათის არასათანადო კონტროლი.
ჩვენს ქვეყანაში ამ პრობლემის ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს. თუმცა, ისევე როგორც ზოგადად მთელ მსოფლიოში, საქართველოშიც ჭიით გამოწვეული ინფექციებიდან ყველაზე ხშირად დიაგნოსტირებადი მრგვალი ჭიებით გამოწვეული ჰელმინთოზებია: ენტერობიოზი (გამომწვევია მახვილა ჭია – Enterobius vermicularis ) და ასკარიაზი (გამომწვევია ასკარიდა – ascaris lumbricoides). დაავადების წყარო ორივე შემთხვევაში ადამიანია.
ენტერობიოზის დროს – ინფიცირება ხდება ჭიის კვერცხებით დაბინძურებული საყოფაცხოვრებო საგნებით, ჭუჭყიანი ხელებით.
ასკარიდას შემთხვევაში – უმი ბოსტნეულიც, რადგან განვითარების ციკლის ერთ-ერთ საფეხურზე, კვერცხი ნიადაგში ხვდება, სადაც ინვაზიური ლარვა ყალიბდება.
იმის გამო,რომ ბავშვებში ჰიგიენური ჩვევები კარგად არ არის ჩამოყალიბებული, მათთან სწორედ აღნიშნული ჰელმინთებით ინფიცირება გვხვდება ხშირად და 5-14 წელი ამ მხრივ ყველაზე მოწყვლადია.
სხვა ჰელმინთოზებიდან აღსანიშნავია:
ექინოკოკოზი – წყარო ძაღლია, რომელიც ინფიცირების შემთხვევაში გარემოში განავალთან ერთად გამოყოფს ექინოკოკის კვერცხებს და შესაძლოა გამოიწვიოს მწვანილის, ბოსტნეულის ინფიცირება.
ტრიქინელოზი – ადამიანის ინფიცირების მიზეზი ძირითადად თერმულად ცუდად დამუშავებული ღორის ხორცია.
სოლიტერი ( ხარის ან ღორის) – წყარო ხშირად უმი ხორცია, მაგალითად უმი ფარში.
ბევრი სხვა, შესაძლოა უფრო სახიფათო მდგომარეობების გამომწვევი ჰელმინთების ენდემური რეგიონები უფრო ტროპიკული ზონებია (აზია, აფრიკა, სამხრეთ ამერიკა).
მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ჰელმინთებით გამოწვეული ინფიცირება უსიმპტომოა, ზოგიერთი ჭიით ან ჭიების დიდი რაოდენობით ინფიცირების უმკურნალოდ დატოვების შემთხვევაში ჯანმრთელობისათვის სახიფათო მდგომარეობების განვითარება არ არის გამორიცხული.
რა სიმპტომების საფუძველზე უნდა ვივარაუდოთ, რომ ბავშვს პარაზიტების ინვაზია აქვს?
საზოგადოდ, ჭიით ინფიცირების სპეციფიკური და ქრონიკული კლინიკური ეფექტები დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი ორგანოა (ან – ები) პარაზიტით ინფიცირებული. როგორც აღვნიშნე, ხანგრძლივი დროის მანძილზე, ინფიცირება შეიძლება უსიმპტომოც იყოს. ასევე ხშირად, სიმპტომები არ არის სპეციფიკური ანუ ბევრი სხვა სამედიცინო მდგომარეობებისთვისაც შეიძლება იყოს დამახასიათებელი. მაგალითად: მუცლის ტკივილი, გულისრევის შეგრძნება, გამონაყარი, ხველება, დიარეა, მწოველი ჭიებით ინფიცირების შემთხვევაში – ანემია და ა.შ.
ჩვენში ყველაზე გავრცელებული ენტერობიაზის (მახვილა ჭია) შემთხვევაში ხშირი სიმპტომია ქავილი ანუსის ირგვლივ (პერიანალური არე), ძირითადად ღამით. მიზეზი ზრდასრული მდედრი ჭიის მიგრაციაა ნაწლავიდან ანუსის ირგვლივ არეში, სადაც კვერცხებს დებს. ქავილს მექანიკური გაღიზინება და/ან პარაზიტზე ალერგიული რეაქცია განაპირობებს და ხშირად ისეთი ძლიერია, რომ ძილის დარღვევასაც იწვევს.
ენტორობიოზის დროს გოგონებში იგივე მიზეზით შესაძლებელია ვულვოვაგინიტის, სალპინგიტის განვითარებაც.
ასკარიდს შეუძლია როგორც მწვავე, ისე ქრონიკული ინფექციის გამოწვევა. კვერცხიდან გამოჩეკილი ლარვა ნაწლავის ლორწოვანის გზით ხვდება სისხლის მიმოქცევის სისტემაში, საიდანაც შესაძლებელია სხვადასხვა ორგანოში მოხვდეს. ფილტვში მოხვედრისას იწვევს ეოზინოფილურ ინფიტრაციას და ანთებას. ამ ე.წ. ადრეული მიგრაციის ფაზაში ბავშვს აღენიშნება: ხველა, მსტვინავი სუნთქვა, ქოშინი, სისხლიანი ნახველი, შეიძლება განვითარდეს ასთმური სტატუსი. ასკარიდი ფილტვიდან ხორხის გავლით საყლაპავში, იქიდან კი საბოლოოდ ისევ წვრილ ნაწლავში, საბოლოო ლოკოლაზაციის არეში ხვდება. მსუბუქი ინფექციის შემთხვევაში სიმპტომები ხშირად საერთოდ არ ვლინდება, მძიმე შემთხვევაში კი ქრონიკული დაავადება ვითარდება. სიმპტომებია: მუცლის ტკივილი, შებერილობა.
თუ არ გართულდა, დაახლოებით ერთ წელიწადში ჰელმინთი თავისთავად მოკვდება და განავალთან ერთად გამოვა ნაწლავიდან, სადაც ადვილად შესამჩნევია.
ექინოკოკოზს დიდი ხნის განმავლობაში უსიმპტომო მიმდინარეობა ახასიათებს. ხშირად ინფიცირება ხდება ბავშვთა ასაკში, მაგრამ სიმპტომები მოზრდილობის ასაკამდე არ ვლინდება, მაგალითად ფილტვში საკმაოდ დიდი ზომის ცისტის არსებობის შემთხვევაშიც და სხვა მიზეზით კვლევისას შემთხვევით აღმოჩენა შეიძლება იყოს.
რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს ჭიებით ინფიცირებას?
სავარაუდო გართულება ჭიის ტიპზეა დამოკიდებული, ასკარიდების დიდი რაოდენობით ინვაზიამ ნაწლავის გაუვალობა და პერიტონიტიც შეიძლება გამოიწვიოს, სხვა გართულებებიდან აღსანიშნავია აპენდიციტი, ნაღვლის საერთო სადინარის ბლოკირება ჭიებით, ქოლანგიტი, პანკრეატიტი, თუმცა ეს უფრო მოზრდილებში.
ნაწლავის შეწოვის ფუნქციის დარღვევა, განსაკუთრებით A ვიტამინის შეწოვის დარღვევა.
ენტორობიოზის დროს შესაძლო გართულებებიდან აღსანიშნავია კოლიტი, აბსცესი, ფისტულის ფორმირება, აპენდიციტი.
რა გავაკეთოთ პროფილაქტიკისთვის?
ძირითადი პროფილაქტიკა – ინფიცირების პრევენციაა, ჰიგიენური ნორმების დაცვა და შესაბამისი ჩვევების ჩამოყალიბება, რაც რთულია მცირე ასაკის ბავშვებში. ხელების ხშირი დაბანა, განსაკუთრებით ქვიშაში თამაშის შემდეგ და ჭამის წინ, ფრჩხილების დაჭრა, რადგან ვთქვათ მოქავების შემთხვევაში ანუსის ირგვლივ ნაოჭებში მიმაგრებული ჭიის კვერცხების ფრჩხილების ქვეშ მოხვედრა სრულიად შესაძლებელია, პირში ასეთი თითების ჩადების შემთხვევაში და კვერცხი ისევ ორგანიზმში ხვდება, იგივე მიზეზით, ფრჩხილების კვნეტის ჩვევაც ჭიის კვერცხებით რეინფიცირების ხელისშემწყობია.
კარგად გარეცხეთ ხილი და ბოსტნეული, რომლებზეც ასევე შესაძლებელია ჭიის კვერცხების მოხვედრა დაბინძურებული ნიადაგიდან. მიირთვით თერმულად კარგად დამუშავებული ხორცი, რძის პროდუქტები…
თეთრეული უნდა გამოიცვალოს, გაირეცხოს და გაუთოვდეს. გაირეცხოს ის საგნები (მაგ: სათამაშოები) რომელსაც ბავშვი იყენებს.
რა უახლესი რეკომენდაციები არსებობს მკურნალობასთან დაკავშირებით?
მკურნალობას ანტიჰელმინთური მედიკამენტით, საფუძვლიანი ეჭვის და კვლევით დადასტურების შემთხვევაში ნიშნავს ექიმი. ენტერობიოზის შემთხვევაში მკურნალობს ოჯახის ყველა წევრი, სხვა ჭიების შემთხვევაში მსგავსი საჭიროება არ არის.
აღსანიშნავია, რომ მკურნალობის შემდეგ ხელახალი ინვაზია სრულიად შესაძლებელია, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის პრევენციას.