Skip to content Skip to sidebar Skip to footer

დერმატო-ვენეროლოგი შალვა კევლიშვილი გვესაუბრება ბავშვებში გავრცელებული ჩირქოვანი ინფექციების შესახებ. 

გვესაუბრეთ ბავშვებში ჩირქოვანი ინფექციების შესახებ. 

ჰიგიენის დაცვა ბავშვებში გარანტიაა იმისა, რომ ჯანმრთელობის მრავალი პრობლემა ავიცილოთ თავიდან. ეს ასევე ეხება კანის დაავადებებს. ზაფხულის პერიოდში,  საკმაოდ  გავრცელებულია  ჩირქოვანი ინფექციები და ჩვენ შევეხებით იმ ძირითად ჩირქოვან  დაავადებებს, რომლებიც ყველაზე ხშირად გვხვდება დერმატოლოგებს წლის ამ პერიოდში. 

რა ტიპის ჩირქოვანი ინფექციები გვხვდება ბავშვებთან და რა განაპირობებს მათ?

პიოდერმია კანის  ჩირქოვანი დაზიანებაა. ეს არის დაავადებათა ჯგუფი, რომელიც გამოწვეულია პათოგენური მიკროორგანიზმებით. დაავადება გვხვდება ყველაზე ხშირად ბავშვებში. აქვს მრავალი სახეობა და გამოწვეულია სხვადასხვა პათოგენებით: სტრეპტოკოკები, სტაფილოკოკები, პნევმოკოკები, Pseudomonas aeruginosa, Escherichia coli და სხვა.    მშობლებმა  მნიშვნელოვანია იცოდნენ: ბავშვებში პიოდერმიის განვითარების ძირითადი მიზეზებია ინფიცირებულ პირთან უშუალო კონტაქტი. ჰიგიენური წესების დაუცველობა, კანის მიკრო და მაკროდაზიანებები, მწერის ნაკბენები, დაქვეითებული იმუნური სისტემა და ა.შ. ხშირად, ზოგიერთი მიკროორგანიზმი მშვიდობიანად ცხოვრობს ადამიანის სხეულში, მაგრამ, როგორც კი, რაიმე მიზეზით, სხეულის დამცავი ფუნქციები ქვეითდება და ინფექციის კარიბჭე “ღიაა”, ისინი იწყებენ თავიანთი პათოგენური თვისებების გამოვლინებას.

ახალშობილებში და ჩვილებში თუ გვხდება ეს ინფექციები?

ახალშობილებსა და ჩვილებს  სუსტი დაცვითი მექანიზმები აქვთ, პიოდერმია მათში  საკმაოდ ხშირად გვხვდება, ბავშვის ცხოვრების პირველ დღეებში და  კვირებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მშობლები ზედმიწევნით აკვირდებოდნენ მათი კანის საფარველს, რადგან ახალშობილის კანი თხელი და ნაზია და პათოგენით ინფიცირება ადვილია. მშობლებმა  დროულად უნდა მოწმინდონ  ჩვილს ცხვირიდან გამონადენი, ნერწყვი, ოფლი და ა.შ პიოდერმიის განვითარების იდეალური პირობაა საფენის ქვეშ არე და ამ მხრივაც ყურადღებით უნდა იყვნენ. 

რა კლინიკური ნიშნები ახასიათებს კანის ანთებით პროცესს?

  1. კანის ჰიპერემია დაზიანებულ არეში
  2. ადგილობრივი შეშუპება
  3. კანის ტემპერატურის მატება შესაბამის არეში

იმპეტიგოს შემთხვევაში  ბავშვის კანზე დაავადება იწყება სიწითლის მცირე არეებით, რომლებიც შემდეგ იფარება ბუშტებით, ამის შემდეგ ბუშტები იშლება, შიგთავსი გადმოედინება და ჩნდება ეროზიები,  რომლებიც ქერქით იფარება. ამ პერიოდში, თუ არ ჩაუტარდა ბავშვს  შესაბამისი მკურნალობა, შესაძლებელია აღნიშნული ელემენტები გამრავლდეს. მძიმე შემთხვევებში ბავშვის ზოგადი მდგომარეობა უარესდება, იწევს ტემპერატურა და შესაძლებელია მთელი რიგი გართულებები, ხოლო უკიდურესად მძიმე შემთხვევებში შესაძლებელია განვითარდეს სეფსისი.

არსებობს თუ არა ქირურგიული ჩარევის საჭიროება გართულების შემთხვევაში?

კანისა და კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის რიგ ჩირქოვან-ანთებით დაავადებებს, როგორიცაა: ფურუნკული, კარბუნკული, აბსცესი, ფლეგმონა, მძიმე მიმდინარეობის დროს, შესაძლებელია საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევა.

როგორ ხდება მკურნალობა ჩირქოვანი დაავადებების დროს?

ჩირქოვანი დაავადებების მკურნალობა ხორციელდება დაავადების ფორმისა და ტიპის მიხედვით – გარეგანი საშუალებებით ან სისტემურად,  ამასთან, მნიშვნელოვანია დაიცვათ 2 წესი: 

1.  არ დაასველოთ დაზიანებული კანი.  

2.  დაიცავით ბავშვის ჰიგიენა.  

ახალშობილებში როგორ მიმდინარეობს მკურნალობა?

ახალშობილებში პიოდერმიის მკურნალობა, პირიქით, გულისხმობს რეგულარულ აბანოებს,  თუ გამონაყარის არეალი მცირეა და პუსტულები სუსტად არის გამოხატული, გამოიყენება გარეგანი ანტიბაქტერიული  მალამოები, კრემები, ანტისეპტიკური საშუალებები. თუ გამონაყარის არეალი დიდია და ბავშვის ზოგადი  მდგომარეობაც გაუარესებულია, ინიშნება ანტიბიოტიკოთერაპია. იმუნიტეტის გასაძლიერებლად – იმუნოთერაპია.

რა ზომები შეიძლება მიიღონ მშობლებმა პროფილაქტიკისთვის?

კანის  გულდასმით მოვლა, დაბალანსებული დიეტა, რადგან ნახშირწყლებისა და ცხიმების ჭარბი რაოდენობა ზრდის ანთების განვითარების რისკს, სწორი კვება, პირადი ჰიგიენის წესების დაცვა,  მიკროტრავმების დაუყოვნებელი მკურნალობა,  – ეს არის ის, რისი საშუალებითაც შეგიძლიათ დაიცვათ თქვენი შვილები ჩირქოვანი დაავადებებისგან.

ეს არ არის ჩირქოვანი დაავადებების სრული ჩამონათვალი, თუ მშობელი შეამჩნევს მსგავს გამონაყარს ბავშვის კანზე, აუცილებლად მიმართეთ ექიმ დემატოლოგს, დროული მკურნალობა შეამცირებს შემდგომ გართულებებს.

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5