Skip to content Skip to sidebar Skip to footer

პლატფორმას „დედამ იცის“ ესაუბრება პედიატრი და გადაუდებელი მედიცინის ექიმი თეონა ტაბატაძე.

თეონა, გვესაუბრეთ, როგორ მიმდინარეობს ბავშვებში ჩუტყვავილათი გამოწვეული ინფექცია და როგორ უნდა მოვუაროთ ბავშვს ამ პერიოდში?

ჩვენს სახელმწიფო კალენდარში ჯერჯერობით არ გვაქვს ჩუტყვავილას ვაქცინა შეტანილი, აქედან გამომდინარე,  გარკვეულ სეზონებში აქტუალური ხდება ჩუტყვავილათი მიმდინარე ავადობა. ჩუტყვავილა ძირითადად მსუბუქად მიმდინარეობს, თვითგანკურნებადი მდგომარეობაა, მაგრამ არის რეკომენდაციები, რომლებიც უნდა დავიცვათ. აღსანიშნავია, რომ ჩუტყვავილა არის ყველაზე მაღალკონტაგიოზური ინფექციური მდგომარეობა ანუ ყველაზე სწრაფად გადამდები. ასევე მას  ახასიათებს ყველაზე გრძელი ინკუბაციური პერიოდი. თუ ჩვენ გვქონდა შეხება ჩუტყვავილათი დაავადებულთან, 21 დღის განმავლობაში უნდა ველოდოთ, რომ შეიძლება ჩვენც გამოგვივლინდეს. გამონაყარის გამოვლენამდე სამი დღე  და ბოლო ელემენტის გამოფენამდე პაციენტი არის გადამდები, ეს გახლავთ მეექვსე დღე. ბოლო ელემენტის გამოვლენიდან, იმ დროიდან, როდესაც უკუგანვითარებას განიცდის ბუშტუკები, პაციენტი გადამდები აღარ არის. ანუ 9 დღე პაციენტი გადამდებია და ამ დროის განმავლობაში სასურველია, რომ იყოს იზოლირებულად, არ ჰქონდეს სხვასთან კონტაქტი, რომ არ დააინფიციროს სხვა. უკვე მეცხრე დღეს, როდესაც გამონაყარი გარდაიქმნება ფუფხებად, შეუძლია ბავშვს გააგრძელოს სკოლაში და ბაღში სიარული. 

როგორ უნდა მოვუაროთ ავადობის პერიოდში ბავშვს და როდის უნდა მივმართოთ ექიმს?

პაციენტს ვუვლით ჩივილებიდან გამომდინარე, სიმპტომურად სითხეების მიწოდებით და ქავილის საწინააღმდეგო მედიკამენტებით, თუ ეს საჭირო გახდება. ვამუშავებთ ჰიგიენურად ბუშტუკებს, რათა არ მოხდეს მეორადი დაინფიცირება. თუ პატარაა ბავშვი, მაგალითად წლამდე ასაკის ხელთათმანსაც ვაცმევთ ხელზე და ფრჩხილებს ვაჭრით, რომ ქავილით არ გაიღიზიანოს კანი; რაც შეეხება დაბანას, არსებობს ასეთი მითი, რომ არ უნდა მოხდეს ასეთ დროს გამონაყარის თერმულად დამუშავება. აუცილებელია, ყოველდღე დაიბანოს პაციენტმა,  სასურველია, ანტისეპტიკური საშუალების, მაგალითად ბეტადინის საპნის გამოყენებით, რაც  იცავს ბავშვს მეორადი დაინფიცირებისგან. ამ პერიოდში ყოველდღიური ჰიგიენური დამუშავება აუცილებელიც არის. როგორც აღვნიშნე, 6 დღე მიმდინარეობს გამოყრა, თუ მე-7 დღეს მშობლებმა შენიშნეს ახალი ბუშტუკი, შესაძლოა უკვე ვიფიქროთ ჩუტყვავილას გართულებაზე და აუცილებლად უნდა მივმართოთ პედიატრს, რომ მან შეაფასოს ხომ არ გასცდა ვირუსული ინფექცია თავის ფარგლებს, ხომ არ წამოვიდა ბაქტერიული დაინფიცირება, რომელსაც უკვე სჭირდება ექიმის მიერ შეფასება და შესაბამისი მკურნალობის დანიშვნა.

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5