პლატფორმას “დედამ იცის” ესაუბრება სასწრაფო პედიატრის კლინიკური მიმართულების ხელმძღვანელი მაკა ნატროშვილი.
გვესაუბრეთ, რა იწვევს ჩუტყვავილას, რა სიმპტომებით გამოირჩევა, როგორია მკურნალობის გზები და რა საშიშროების ნიშნების გამოჩენის დროს უნდა მივმართოთ ექიმს?
ჩუტყვავილა ინფექციური დაავადებაა, რომელსაც იწვევს ვარიცელა-ზოსტერ ვირუსი.
ჩუტყვავილას სიმპტომებია: ცხელება, საერთო სისუსტე, ყელის ტკივილი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კანსა და ლორწოვანზე პოლიმორფული გამონაყარი (პაპულა, სითხის შემცველი ბუშტუკი, პუსტულა და ქერქი).
რა იქნება თქვენი რეკომენდაცია, როგორ უნდა მოვუაროთ ასეთ დროს პაციენტს?
აუცილებლად შეინარჩუნეთ კანის სისუფთავე, საჭიროა ყოველდღიური ჰიგიენური აბაზანები, არ გამოიყენოთ ტანის უხეში „ღრუბელი“. რეკომენდებულია ფრჩხილების დაჭრა, რადგან ქავილის დროს არ დაზიანდეს გამონაყარის ელემენტები და არ განვითარდეს მეორადი ინფიცირება. გამონაყარის ელემენტების დამუშავება ანტისეპტიკური ხსნარებით არ არის საჭირო.
ცხელების ან ნებისმიერი დისკომფორტის დროს მიეცით პარაცეტამოლი (სიროფი, სანთელი ან აბი 10-15 მგ/კგ-ზე), საჭიროებიდან გამომდინარე 6 საათიანი ინტერვალით.
ანტიჰისტამინური პრეპარატები შეიძლება გამოვიყენოთ ქავილის მოხსნის მიზნით, სიმპტომურად – ანტივირუსული მკურნალობა (აციკლოვირი, ვალაციკლოვირი) გამოიყენება გართულების მაღალი რისკის დროს (არავაქცინირებული მოზარდები, ორსულები, იმუნოკომპრომისირებული პაციენტები); 12 წლამდე ასაკის ჯანმრთელ ბავშვებში ჩუტყვავილა თვითლიმიტირებადი ინფექციური დაავადებაა.
რა საშიშროების ნიშნები შეიძლება გამოვლინდეს და როდის უნდა ვიყოთ ყურადღებით?
საშიშროების ნიშნებია:
როდესაც ბავშვი ადინამიურია (დაუძლურებულია), ძილს ვერ აღწევს თავს, უარს ამბობს საკვებისა და სითხის მიღებაზე; არის გახანგრძლივებული ჰექტიური ცხელება, სუნთქვის გახშირება, გაძნელება, ხმაურიანი სუნთქვა. ლოკალურად – კანის ჰიპერემია, შეშუპება.
როდის უნდა მივმართოთ ექიმს?
ჩუტყვავილას კლინიკური ნიშნების გაჩენისთანავე აუცილებელია მივმართოთ პედიატრს, რათა დროულად შეფასდეს ბავშვის ზოგადი მდგომარეობა, გართულებების რისკის არსებობა და ა. შ.
რა არის პრევენცია?
მნიშვნელოვანი პრევენციული ღონისძიებაა იმუნიზაცია, თუმცა საქართველოში აცრების ეროვნულ კალენდარში არ არის შეტანილი ჩუტყვავილას აცრა. ვაქცინის პირველი დოზა კეთდება 12-15 თვემდე, ხოლო მეორე დოზა 4-6 წლამდე.