სანამ თქვენი შვილი ალაპარაკდება, ის ხმითა და მოძრაობებით განიშნებთ მის სურვილებს, მათ შორის იმას, შია თუ დანაყრებულია. ტირილი ხშირად შიმშილის გვიანი ნიშანია. ამიტომ დააკვირდით ქვემოთ ჩამოთვლილ ნიშნებს, რათა შესთავაზოთ პატარას ძუძუ ან ბოთლი, სანამ ის ჯერ კიდევ მშვიდადაა.
დაბადებიდან 6 თვემდე:
თქვენს პატარას შეიძლება შიოდეს, თუ:
- ხელებს იდებს პირში;
- თავს ატრიალებს დედის ძუძუსკენ ან ბოთლისკენ;
- ტუჩებს აცმაცუნებს ან ილოკავს;
- მუჭავს ხელებს;
თქვენი პატარა შეიძლება დანაყრებული იყოს, თუ:
- ჭამის შემდეგ ხურავს პირს;
- თავს იბრუნებს ძუძუსგან ან ბოთლისგან;
- ჭამის შემდეგ თითებს შლის;
შენიშვნა: გაითვალისწინეთ, რომ ხელების პირში ჩადება შეიძლება იყოს განვითარების ეტაპი ან კბილის ამოჭრით გამოწვეული დისკომფორტის შემცირების მეთოდი. კოლიკის დროს ბავშვები ხშირად ამბობენ უარს კვებაზე. ასევე, შეკრული მუშტებიც ასაკობრივია და ყოველთვის შიმშილს არ ნიშნავს.
6 თვიდან 24 თვემდე
თქვენს პატარას შეიძლება შიოდეს, თუ:
- მიილტვის ან მიგითითებთ საჭმლისკენ;
- აღებს პირს, როდესაც სთავაზობთ კოვზს ან საჭმელს;
- აჟიტირდება საჭმელის დანახვისას;
- ხელის მოძრაობით ან ხმების გამოცემით განიშნებთ, რომ ჯერ კიდე მშიერია.
თქვენი პატარა შეიძლება დანაყრებული იყოს, თუ:
- ხელს კრავს საჭმელს;
- ხურავს პირს, როდესაც საჭმელს სთავაზობთ;
- თავს იბრუნებს საჭმლისგან;
- ხელის მოძრაობით ან ხმების გამოცემით განიშნებთ, რომ დანაყრებულია.
დაე, თქვენმა შვილმა თავად გადაწყვიტოს, რამდენს და როდის შეჭამს. არ არის საჭირო, მან ბოლომდე დაცალოს ბოთლი ან მოასუფთავოს თეფში. საჭმელი ვერ იქნება კარგი ჯილდო ან დასჯის საშუალება.
ყოველთვის გადაამოწმეთ პედიატრთან, თუ გაეჭვებთ, საკმარის საკვებს იღებს თქვენი ბავშვი თუ არა.
წყარო: ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი www.cdc.gov