Skip to content Skip to sidebar Skip to footer

პლატფორმას “დედამ იცის” ესაუბრება პედიატრი კესო მამაგეიშვილი.

რა არის ცრუ კრუპი?

სახელწოდება კრუპი ანგლო-საქსური წარმოშობისაა და ითარგმნება როგორც „მაღალი ტემბრის შეცვლილი ხმიანობა“. სინდრომი მიეკუთვნება დაავადებათა ჯგუფს, რომელიც განსხვავდება როგორც ანატომიური გავრცელებით ზედა სასუნთქ გზებში (მაგ. მწვავე ლარინგოტრაქეიტი), აგრეთვე ეტიოლოგიური ფაქტორებით (ვირუსული, ბაქტერიული, ატიპიური აგენტები). კრუპისთვის დამახასიათებელია 3 კლასიკური სიმპტომი:

  • მყეფავი ხასიათის ხველა  
  • ხმის ტემბრის ცვლილება
  • ინსპირაციული სტრიდორი ანუ ხმაურიანი ჩასუნთქვა

ტერმინი „ცრუ კრუპი“ მე-19 საუკუნეში ფრანგმა პათოლოგ-ანატომებმა შემოიღეს, რათა მოეხდინათ ვირუსული კრუპის დიფერენცირება დიფტერიულ კრუპთან. ვაქცინაციამ და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებამ მკვეთრად შეამცირა დიფტერიული კრუპის შემთხვევები; ამჟამად კრუპის  გამომწვევი მიზეზების 75% პარაგრიპის ვირუსზე (1-ლი, მე-2 და მე-3 ტიპის) მოდის, რომლის პირველი ტიპი ყველაზე ხშირია.

კრუპის გამომწვევი სხვა ვირუსებია A და B გრიპის ვირუსი, ადენოვირუსი, რესპირატორულ სინციტიალური ვირუსი, რინოვირუსი და ენტეროვირუსი, რომელიც ჯამურად ცრუ კრუპის გამომწვევ მიზეზთა დაახლოებით 5%-ია. სამედიცინო წყაროებში  ასევე აღწერილია ბავშვებში კორონავირუსის (SARS-CoV-2 ინფექცია) რამდენიმე შემთხვევა, რომლის დროსაც განვითარდა კრუპის სინდრომი. 

რა ასაკის ბავშვებში ვითარდება ყველაზე ხშირად?

ვირუსული კრუპი ძირითადად 6 თვიდან 6 წლამდე ასაკის ბავშვებში გვხვდება, ყველაზე ხშირად – სიცოცხლის მეორე წელს. შემთხვევათა უმეტესობა ვაჟებზე მოდის და ვითარდება მეტწილად გვიან შემოდგომასა და ადრეულ ზამთარში, თუმცა ფიქსირდება მთელი წლის განმავლობაშიც. 

რა სიმპტომები აღენიშნება ბავშვს ცრუ კრუპის შეტევამდე ?

თავდაპირველად სახეზეა ზედა სასუნთქი გზების ინფექციის სიმპტომებით. 12-72 საათის განმავლობაში ბავშვს შესაძლოა აღენიშნოს დაბალი სიცხე და რინორეა (გამონადენი ცხვირიდან), ერთეული ხველა. ცხელების  არარსებობა არ გამორიცხავს კრუპს. ეტიოლოგიიდან გამომდინარე მოსალოდნელია ისეთი სიმპტომები, როგორიცაა გამონაყარი, თვალის სიწითლე (კონიუქტივიტი) და ლიმფური კვანძების გადიდება. სიმპტომები შესაძლოა გაძლიერდეს ემოციური ფაქტორების ზეგავლენით და გაუარესდეს ღამით. ცრუ კრუპი პიკს აღწევს ინიციალური გამოვლენიდან დაახლოებით 24-48 საათში.

რა არის ცრუ კრუპის სიმპტომები?

როგორც უკვე ვახსენეთ, ცრუ კრუპს ახასიათებს ტრიადა: მყეფავი ხასიათის ხველა, ხმის ტემბრის ცვლილება და ინსპირაციული სტრიდორი. თავდაპირველად ვითარდება პირველი ორი. როდესაც კრუპის გამომწვევი ვირუსული ინფექცია ხვდება ადამიანის ორგანიზმში, ვითარდება ხორხისა და ტრაქეის ლორწოვანი გარსის ანთება და შეშუპება. ჰაერის გამტარობა იზღუდება, შუპდება მბგერავი იოგები და იცვლება ხმის ტემბრი. ზედა სასუნთქი გზების დავიწროებასთან ერთად ვლინდება სტრიდორი და გახშირებული სუნთქვა. ბავშვი შესაძლოა გახდეს აგზნებული, აგზნება კი თავის მხრივ უფრო ართულებს მის მდგომარეობას. 

მძიმე მიმდინარეობისას, ტრაქეის მილში დაგროვილი ლორწო, რომელიც შეიცავს ფიბროზულ ექსუდატსა და ფსევდომემბრანას, მეტად ახშობს მას. ვითარდება ჰიპოქსია და ციანოზი (კანის მოლურჯო შეფერილობა), ბავშვს სუნთქვის დროს ესაჭიროება ძალისხმევა, რაც  გამოიხატება ცხვირის ნესტოების დაბერვით და გულმკერდის ქვედა არეში რეტრაქციებით (კანის ჩაზნექა სუნთქვის დროს).

როგორ უნდა დაეხმაროს მშობელი ბავშვს სახლის პირობებში?

მშობელს ბავშვისთვის დახმარების გაწევა შეუძლია სახლის პირობებში მსუბუქი მიმდინარეობის ცრუ კრუპის დროს, რაც გულისხმობს, რომ ბავშვს არ აღენიშნება ციანოზი, რეტრაქციები, და სტრიდორი ვლინდება მხოლოდ ტირილის ან ხველის დროს დროს.

დამხმარე ღონისძიებებია:

  • ღამის განმავლობაში ბავშვის საძინებელში გრილი ჰაერის შენარჩუნება;
  • ხველის დროს თბილი სითხეების შეთავაზება, რაც ხმოვან იოგებზე შეამცირებს ლორწოვანს. ტკბილი წყალი ან ვაშლის წვენი 4 თვეზე ნაკლები ასაკის ბავშვებისთვის უსაფრთხო არ არის.
  • სახლში მოწევის შეზღუდვა. კვამლს შეუძლია ხველის გაუარესება.
  • პოზიციის შერჩევა – ბავშვის თავის აწევა დამატებითი ბალიშის გამოყენებით. ბალიში 12 თვემდე ასაკის ბავშვებში არ უნდა იქნას გამოყენებული.
  • კრუპის ეპიზოდის დროს მშობლებს შეუძლიათ დაიძინონ ბავშვის ოთახში, რათა უმალ გაუწიონ დახმარება ბავშვს, თუ მას სუნთქვა გაუჭირდა.
  • ცხელების დროს აცეტამინოფენის (პარაცეტამოლის) ან იბუპროფენის გამოყენება.

მშობელმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს სამედიცინო დახმარებას, თუ სახეზეა:

  • სუნთქვის გაძნელება;
  • სიფერმკრთალე, ლურჯი შეფერილობის კანი;
  • ძლიერი ხველა;
  • ნერწყვდენა და ყლაპვის გაძნელება;
  • მეტყველების ან ტირილის გაძნელება;
  • ხმაურიანი სუნთქვა მჯდომარე ან მოსვენებულ მდგომარეობაში;
  • ნეკნების ირგვლივ და მკერდის ძვალთან რეტრაქციები სუნთქვისას.

თუ ბავშვი ძლიერ აგზნებულია ან გამოხატულია ძილიანობა, უმჯობესია მშობელმა მიმართოს 112-ს ბავშვის კლინიკაში გადასაყვანად და არ ეცადოს თავად მის ტრანსპორტირებას. 

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5