Skip to content Skip to sidebar Skip to footer

რა იწვევს ცხვირიდან სისხლდენას?

ცხვირიდან  სისხლდენის რამდენიმე მიზეზი არსებობს, რომელთა უმრავლესობა არ არის სერიოზული.

გაციება და ალერგია: ისინი იწვევენ ცხვირის შეშუპებას და გაღიზიანებას, რაც ხშირად ხდება სისხლდენის მიზეზი.

ტრავმა: თითით ცხვირის გაღიზიანებამ ან მასში უცხო სხეულის მოთავსებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენა.

ცხვირის ლორწოვანის სიმშრალე: ოთახში ჰაერის გამოშრობამ, მშრალმა კლიმატმა შეიძლება გამოიწვიოს ცხვირიდან სისხლდენა.

ანატომიური პრობლემები: ცხვირის სტრუქტურის ცვლილებებმა შეიძლება გამოიწვიოს ცხვირიდან სისხლდენა.

ცხვირის პოლიპები.

სისხლის შედედების პრობლემები: ნებისმიერმა რამ, რაც ხელს უშლის სისხლის შედედებას, შეიძლება გამოიწვიოს ცხვირიდან სისხლდენა, მაგალითად სისხლის დაავადებებმა. წამლებმა, თუნდაც ჩვეულებრივმა იბუპროფენმა, შეიძლება შეცვალოს სისხლის შედედება იმდენად, რომ ცხვირიდან სისხლდენა გამოიწვიოს.

ქრონიკული ავადმყოფობები.

როგორ ვუმკურნალოთ ცხვირიდან სისხლდენას?

არსებობს მრავალი მცდარი წარმოდგენა და ხალხური თქმულება იმის შესახებ, თუ როგორ ვუმკურნალოთ ცხვირიდან სისხლდენას. გაეცანით, რა უნდა გააკეთოთ და რა არა ამ დროს.

რა გავაკეთოთ ცხვირიდან სისხლდენის დროს?

შეინარჩუნეთ სიმშვიდე. ცხვირიდან სისხლდენა შეიძლება იყოს შემაშინებელი, მაგრამ იშვიათადაა სერიოზული.

სთხოვეთ თქვენს შვილს დადგეს ან დაჯდეს და თავი ოდნავ წინ გადახაროს. ეს ხელს შეუშლის ხორხში სისხლის გადასვლას, რაც თავიდან აგარიდებთ ღებინებას.

თქვენი ბავშვის ცხვირის ქვედა ნახევარი, რბილი ნაწილი ცერსა და საჩვენებელ თითს შორის მოიქციეთ და ძლიერად მოუჭირეთ მინიმუმ 10 წუთის განმავლობაში. უფროსი ასაკის ბავშვებს ამის გაკეთება თავადაც შეუძლიათ. ნუ გაუშვებთ ცხვირს ხელებს ამ დროის განმავლობაში, რათა შეამოწმოთ შეწყდა  თუ არა სისხლდენა. რადგან ზეწოლის შეჩერებამ შეიძლება ხელი შეუშალოს შედედებას და სისხლდენა გაგრძელდეს. აიღეთ ხელი 10 წუთის შემდეგ. თუ სისხლდენა არ შეჩერდა, კვლავ დააჭირეთ კიდევ 10 წუთით. თუ ამის შემდეგაც ვერ მიიღეთ დადებითი შედეგი, დაუკავშირდით ექიმს.

რა არ გავაკეთოთ ცხვირიდან სისხლდენის დროს?

არ ჩავარდეთ პანიკაში. ამით მხოლოდ შეაშინებთ თქვენს შვილს.

არ დააწვინოთ ბავშვი ან არ გადაახრევინოთ თავი უკან.

სისხლდენის შესაჩერებლად ნუ ჩაუდებთ ცხვირში ბამბას, მარლას ან სხვა რაღაცებს.

დაურეკეთ თქვენს პედიატრს, თუ

ფიქრობთ, რომ ბავშვმა ძალიან ბევრი სისხლი დაკარგა ან ძლიერი სისხლდენა გრძელდება. (მაგრამ გახსოვდეთ, რომ ცხვირიდან გამოსული სისხლი ყოველთვის ბევრია).

ბავშვს სისხლის მოსდის მხოლოდ პირიდან, ან ის ახველებს ან აღებინებს სისხლს ან ყავისფერ მასალას, რომელიც ჰგავს ყავის ნალექს.

ბავშვი უჩვეულოდ ფერმკრთალი ან ოფლიანია, ან არ რეაგირებს. ამ შემთხვევაში გამოიძახეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება.

მას ხშირად მოსდის ცხვირიდან სისხლი და თან ცხვირი ქრონიკულად გაჭედილი აქვს. ეს შეიძლება სუსტი სისხლძარღვის ბრალი იყოს.

როგორ ავიცილოთ ცხვირიდან სისხლდენა?

დაუტენიანეთ ცხვირის ღრუ. გამოიყენეთ ოთახის დამატენიანებელი და ჰკითხეთ ექიმს ფიზიოლოგიური ხსნარის ჩაწვეთების შესახებ.

თუ ბავშვი ცხვირს იჩიჩქნის, ეცადეთ გადააჩვიოთ ან მოკლედ დააჭერით ფრჩხილები.

თუ ბავშვს ხშირად მოსდის ცხვირიდან სისხლი, გაესაუბრეთ პედიატრს, ხომ არ არის საჭირო ყელ-ყურ-ცხვირის ექიმთან კონსულტაცია ან რაიმე კვლევა.

წყარო: ამერიკის პედიატრიის აკადემია www.healthychildren.org

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5