Skip to content Skip to sidebar Skip to footer

პლატფორმას “დედამ იცის” ესაუბრება ენდოკრინოლოგი მანანა ბაჩიაშვილი.

როგორ ამოვიცნოთ D ვიტამინის დეფიციტის კლინიკური ნიშნები

ვიტამინი D ჰორმონია, რომლის დეფიციტიც ჯანმრთელობის უამრავ პრობლემასთან გახლავთ დაკავშირებული. სწორედ ამიტომ, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ტარდება უამრავი სამეცნიერო კვლევა და ცნობილი ხდება სხვადასხვა შედეგები, რაც ვიტამინი D -ს კიდევ უფრო მნიშვნელოვან როლს ადასტურებს სხვადასხვა ორგანოსა თუ ორგანოთა სისტემის ფუნქციონირებისათვის. 

პრობლემის აქტუალობიდან გამომდინარე, რეკომენდებულია საზოგადოება ინფორმირებული იყოს ვიტამინი D დეფიციტისთვის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნების შესახებ, რაც დაავადების დროული დიაგნოსტირებისთვის უმნიშვნელოვანესია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ვიტამინი D დეფიციტისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არასპეციფიკურია (ახასიათებს სხვა დაავადებებსაც), რის გამოც მასზე ეჭვის შემთხვევაში აუცილებელია მივმართოთ ექიმ-სპეციალისტს. 

ვიტამინი D დეფიციტის დროს პაციენტს შეიძლება აღენიშნებოდეს:

  • ძვლების ტკივილი – ვიტამინი D უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ძვლოვანი სისტემის ფორმირებასა და გამართულ ფუნქციონირებაში, მისი დეფიციტი კი დაკავშირებულია მოტეხილობის, ოსტეომალაციისა და ოსტეოპოროზის გაზრდილ რისკთან.
  • დაქვეითებული გუნება-განწყობა – მონაწილეობს რა ნეიროტრანსმიტერების წარმოქმნაში, ვიტამინი D დეფიციტი იწვევს დეპრესიას, შფოთვას. 
  • კოგნიტური დარღვევები – ვიტამინ D -ს გააჩნია ნეიროპროტექტორული ეფექტი, მისი დეფიციტი კი იწვევს სხვადასხვა კოგნიტურ დისფუნქციას, როგორიცაა მაგალითად დემენცია.
  • საერთო სისუსტე და დაღლილობის შეგრძნება.
  • ძილის დარღვევა.
  • ოფლიანობა, განსაკუთრებით თავის მიდამოში.
  • თმის ცვენა, ფრჩხილების მტვრევა, კანის სიმშრალე.
  • კუნთების ტკივილი.
  • ხშირი ავადობა და რეკურენტული ინფექცია – ვიტამინი D მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნური სისტემის ფუნქციონირებაში
  • გულ-სისხლძარღვთა პათოლოგია – ვიტამინი D დეფიციტი დაკავშირებულია კარდიოვასკულური დაავადებების გაზრდილ რისკთან, როგორიცაა არტერიული ჰიპერტენზია და ინფარქტი.
  • ჭარბი წონა და სიმსუქნე – სხეულის მასის მაღალი ინდექსის მქონე ადამიანები საჭიროებენ უფრო მეტ ვიტამინი D-ს.
  • თავბრუსხვევა – ვიტამინი D მონაწილეობს ვესტიბულურ აპარატში კალციუმის ბალანსის შენარჩუნებაში.
  • ჭრილობების შეხორცების გაძნელება – ვიტამინი D ხელს უწყობს კანის მთლიანობის აღდგენის პროცესს. 

ზემოაღნიშნული ჩივილების შემთხვევაში დიაგნოზის დაზუსტების მიზნით ტარდება 25(OH)D3 განსაზღვრა სისხლში. მკურნალობა განისაზღვრება გამოკვლევის შედეგის, პაციენტის ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, თანმხლები დაავადებების, ცხოვრების წესისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. შესაბამისად, დაუშვებელია ვიტამინი D დანამატების თვითნებურად, ექიმის დანიშნულების გარეშე მიღება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლში მისი ტოქსიკური კონცენტრაცია და როგორც ჯანმრთელობის მდგომარეობის, ასევე ცხოვრების ხარისხის გაუარესება. 

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5