Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ისტორიული შემთხვევები ცხადყოფენ, რომ რიტუალები ადამიანების ცხოვრებაში დიდ როლს  თამაშობს, მიჩნეულია, რომ ისეთი ცხოვრებისეული მოვლენის აღნიშვნა, როგორიცაა დაბადების დღე, არამარტო  ბუნებრივი პროცესების ციკლური ხასიათის გაგებაში გვეხმარება, არამედ საკუთარი თავის საზოგადოების ნაწილად აღქმაშიც. დიანა მაკალათია გვიყვება, რატომ არის მნიშვნელოვანი ბავშვებისთვის დაბადების დღის აღნიშვნა.

ოდესმე გიფიქრიათ იმაზე, თუ რატომ აღვნიშნავთ დაბადების დღეს ან ზოგადად დღესასწაულებს? ასეთი დღეები მხოლოდ სუფრასა და ზეიმთან არ ასოცირდება, ეს არის სიყვარულისა და  მზრუნველობის გამოჩენის, ასევე ჩვენი ცხოვრებისეული ღირებულებების გადაფასების გზა. ამით ჩვენ ვაჩვენებთ ერთმანეთს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჯანსაღი ურთიერთობები ჩვენთვის, რომელიც დაფუძნებულია მთავარ გრძნობაზე – სიყვარულზე.

დაბადების დღის აღნიშვნის ტრადიცია უხსოვარი დროიდან მოდის. ბიბლიის თანახმად, პირველად ამ დღის აღნიშვნის დამადასტურებელ ფაქტს ქრისტეს შობამდე 3000 წელს ეგვიპტეში  ვხვდებით, მას რელიგიური დატვირთვა ჰქონდა და ფარაონთა მეფედ კურთხევის ცერემონიალს წარმოადგენდა. ფარაონებს სჯეროდათ, რომ ამ დღეს ხდებოდა მათი ხელახალი დაბადება და ღმერთად ტრანსფორმირება. ეგვიპტელების შემდეგ ეს ტრადიცია რომაელებმა გააგრძელეს, მათ ისეთი სიმბოლოები შემატეს ამ დღეს, როგორიცაა ტორტი და სანთელი.

ძველი რომაელებისთვის ტორტზე სანთლების განთავსება წარმოადგენდა გზას პატივი მიეგოთ მთვარის ღმერთისადმი, არტემისისადმი. ამ დღეს ისინი მთვარის ფორმის, მრგვალ  ნამცხვრებს აცხობდნენ. სანთლები კი მთვარის შუქის სიმბოლოდ აღიქმებოდა.

ტორტზე სანთლები პოპულარული ტრადიცია გახდა გერმანიაშიც. გერმანელები ტორტის შუაგულში დიდი ზომის სანთელს ათავსებდნენ, რასაც ასევე რელიგიური დატვირთვა ჰქონდა და აღნიშნავდა „გასხივოსნებულ ცხოვრებას“

არსებობდა აზრიც, რომ სანთლის ანთებით ხდებოდა ბოროტი სულების განდევნა. დღეს კი გვჯერა, რომ თუ ერთი სულის შებერვით ყველა სანთლის ჩაქრობას შევძლებთ, იმ წელს ყველა სურვილი აგვისრულდება.

ამ დღის არარელიგიური დატვირთვით აღნიშვნაც რომაელებს ეკუთვნით. თუმცა, თავიდან მხოლოდ მამრობითი სქესის წარმომადგენლებს  შეეძლოთ ეზეიმათ, სპეციალურად მამაკაცი იუბილარებისთვის  აცხობდნენ სპეციალურ ნამცხვრებს ფქვილით, ზეითუნის ზეთით, თაფლითა და გახეხილი ყველით. ქალებისთვის კი უკვე მე-12 საუკუნიდან გახდა შესაძლებელი ამ დღესასწაულის აღნიშვნა.

საუკუნეების შემდეგ ეს დღესასწაული უფრო პოპულარული გახდა  მოზარდებში. ცნობილია, რომ მე-19 საუკუნემდე ბავშვების იუბილეების საზეიმოდ აღნიშვნა არ ხდებოდა. მე-20 საუკუნეში დაბადების დღის გადახდამ სხვა ხასიათი შეიძინა და დაუკავშირდა პიროვნების ბიოლოგიურ და სოციალურ ასაკს.

რატომ არის მნიშვნელოვანი ეს დღე განსაკუთრებით პატარებისთვის?

გარდა იმისა, რომ წვეულებებს გართობის სახე აქვთ, დაბადების დღის რიტუალი მშვენიერი გზაა დაანახო შენს შვილს, თუ რისი გწამს ან გჯერა. მაგალითად, თუ გადაწყვეტ, რომ მსგავსი დღესასწაული ბუნებაში აღნიშნო, მოაწყო გარე აქტივობები, ამით შეგიძლია დაანახო ბავშვს, თუ რა კარგია ბუნებასთან ინტერაქცია, როგორ უნდა შევძლოთ მისგან სიამოვნების მიღება, როგორ გავუფრთხილდეთ, პატივი ვცეთ მას, გავაცნობიეროთ,  რომ სამყაროსა და ადამიანს შორის კავშირი ყველაზე დასაფასებელია.

ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის მიხედვით, დაბადების დღის საზეიმოდ აღნიშვნა:

  1. ბავშვებში ამძაფრებს საკუთარი თავისადმი პატივისცემის გრძნობას

აუცილებელია, ვასწავლოთ ბავშვებს სხვების დაფასება და მათზე ზრუნვა, თუმცა, წელიწადში ერთხელ მაინც უნდა დავრთოთ მათ ნება იყვნენ „ეგოისტები“ და თავი იგრძნონ სამყაროს ცენტრებად. ბავშვები დადებითი ემოციებით ივსებიან, როცა ამ დღეს ბევრ მეგობარს ხედავენ, რომლებიც საჩუქრებითა თუ უბრალოდ გაბრწყინებული სახეებით ულოცავენ მათ. პატარებს ძალიან მოსწონთ და სიამოვნებთ ის ფაქტი, რომ ისინი თავს განსაკუთრებულად დაფასებულებად გრძნობენ. ასევე, სწავლობენ უკუკავშირს და მსგავსადვე ექცევიან სხვებს.

  • ამყარებს მეგობრულ კავშირებს, სოციალურ ურთიერთობებს
  • აძლიერებს ოჯახურ ურთიერთობებს – ოჯახური ტრადიციების ქონა ყველასთვის პოზიტიური ფაქტია, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს საზეიმო სუფრის მოცულობას, მთავარია ერთად ყოფნით გამოწვეული ემოციები.
  • გვიტოვებს პოზიტიურ სამახსოვრო განცდებს – კვლევების მიხედვით, სკოლამდელი ასაკის ბავშვებში ყველაზე დასამახსოვრებელ ფაქტებად მიჩნეულია არაცნობიერის გზით მიღებული შთაბეჭდილებები და შეგრძნებები, მაგ. ბავშვს შეიძლება ხანგრძლივად დაამახსოვრდეს სუნი, მუსიკა ან ტორტზე გამოსახული ფიგურა. ამიტომ ასეთი წვეულებებიდან შექმნილი განწყობები მართლაც რომ მნიშვნელოვანია.ბავშვებს დიდხანს ამახსოვრდებათ დაბადების დღიდან მიღებული ემოციები, შესაძლოა ცხოვრების მანძილზეც კი ახსოვდეთ და ყველა დეტალს აღფრთოვანებით მოყვნენ, ამიტომ მსგავსი დღესასწაულები ყველაზე სამახსოვრო და საყვარელია მათთვის,  სოციალური და ემოციური განვითარებისთვის კი აუცილებელი.
  • უყალიბებს ბავშვს დროის აღქმის უნარს – ბავშვები ხშირად სხვისი დახმარების გარეშე თავად ვერ აცნობიერებენ თუ რამდენი წლისანი არიან, რადგან ისინი დროის აღქმის უნარით არ დაბადებულან, ამ დღის აღნიშვნა კი კარგი გზაა აღმოაჩინონ თავიანთი ზრდის პროცესი, ვასწავლოთ მათ დროის აღმნიშვნელი ცნებები, მაგ. რა არის ასაკი,  თვე, წელი, რიცხვი, თარიღი და ა.შ.
  • აძლიერებს სოციალიზაციის პროცესს – თქვენზეა დამოკიდებული დაპატიჟებთ მთელ კლასს თუ მხოლოდ ახლო მეგობრებს, თუმცა ორივე შემთხვევაში, წვეულებები ეხმარებიან ბავშვებს დიდ ჯგუფებში მოახდინონ სოციალიზაცია. ბავშვები სწავლობენ ურთიერთობების დამყარებას, ინტერაქციას. რადგანაც ამ დღეს საყვარელი თემატიკიდან გამომდინარე აწყობენ დეკორაციებს, ზოგს მიკი-მაუსი მოსწონს, ზოგს ვინი პუჰი ან სპაიდერმენი, სხვას სპორტი ან მუსიკა იზიდავს. ეს კარგი შანსია ბავშვებმა ერთმანეთს გაუზიარონ თავიანთი ინტერესები.

აუცილებელი არ არის ეს დღე გრანდიოზულად აღნიშნოთ, პატარებისთვის უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს თბილი გარემო, ის ფაქტი, რომ სხვებს უყვართ და აფასებენ. ამ დროს პატარა დაცულად და უსაფრთხოდ გრძნობს თავს. ასე რომ, მხოლოდ სანთლის ჩაქრობის მარტივი ცერემონიაც საკმარისია ბავშვმა თავი რომ ბედნიერად იგრძნოს.

გასათვალისწინებელია, რომ საჭიროა შევიმუშაოთ წინასწარი გეგმა, რომ ეს დღე სტრესულად არ გვექცეს:

  1. ფოკუსირდით ბავშვზე – გახსოვდეთ, რომ თქვენი შვილი არის ინდივიდი, აქვს საკუთარი გემოვნება, ამიტომ მისი სურვილები გასათვალისწინებელია, უნდა ვიცოდეთ რა მოსწონს და რა არა. თუ ნამცხვრები სძულს, მაშინ სანთლები ნაყინზეც შეგვიძლია მოვათავსოთ, თუ ხმაური არ უყვარს, ყველაზე ახლო მეგობრების დაპატიჟება უნდა ვარჩიოთ და წვეულება მყუდრო გარემოში გავმართოთ.
  2. „არას“ თქმაც ნორმალურია – თუ სოციალურად აქტიური ბავშვი გყავთ და მისი სურვილია ყველა ნაცნობი დაპატიჟოს ამ დღის აღსანიშნავად, თქვენ შეგიძლიათ აუხსნათ, რომ ლიმიტის დაწესება აუცილებელია, თუნდაც იმიტომ, რომ გსურთ თანხა დაზოგოთ. როცა თქვენ აწესებთ ლიმიტს სტუმრების რაოდენობაზე და იმაზე თუ რამდენი დახარჯოთ, თქვენს შვილს ამით ასწავლით ფოკუსირება ძალიან ახლო მეგობრებზე მოახდინოს და მცირე ხარჯებითაც შეძლოს დროის სასიამოვნოდ გატარება.
  3. შეხედეთ ყველაფერს მარტივად –  ბავშვს ნამდვილად არ სჭირდება 50 კაციანი წვეულება იმისთვის, რომ თავი განსაკუთრებულად იგრძნოს, ეს დღე შეგვიძლია ახლო მეგობრებთან უბრალოდ პიცის ჭამითა და ფილმის ყურებით აღვნიშნოთ ან ზოოპარკში გავისეირნოთ და უბრალოდ დღე სასიამოვნოდ გავატაროთ.
  4. იყავით შემოქმედებითები – თუ თქვენი ბავშვი ინტროვერტია და მეგობრების დიდი წრე არ ჰყავს, ამ შემთხვევაშიც შეიძლება დასამახსოვრებელი და დაუვიწყარი დღე აჩუქოთ მას. შეგიძლიათ მისი ახლო მეგობრები დაპატიჟოთ კონცერტზე, სპექტაკლზე, გასართობ ცენტრში ან უბრალოდ გაისეირნოთ პარკში. გაითვალისწინეთ არამხოლოდ საკუთარი შვილის, არამედ, მისი მეგობრების გემოვნებაც, გაიგეთ თუ რომელი აქტივობა უყვართ და შესაბამისი გარემო შეარჩიეთ.

წყარო: https://brightside.me/

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5