Skip to content Skip to sidebar Skip to footer

პლატფორმას “დედამ იცის” ესაუბრება ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი – ნათია რუხაია-კუხალეიშვილი.

რა არის თვითშეფასება და როგორ ყალიბდება?

თვითშეფასება არის ადამიანის მიერ საკუთარი პიროვნული ღირებულების, შესაძლებლობების, თვისებებისა და გარეგნობის სუბიექტური აღქმა. სხვა სიტყვებით, პიროვნების წარმოდგენა იმის შესახებ თუ ვინ არის, როგორია, რა შეუძლია და რა ადგილი უჭირავს სხვა ადამიანებს შორის. 

თვითშეფასება ყალიბდება ადრეულ ასაკში, იმ შეტყობინებებზე დაყრდნობით, რომლებსაც ბავშვები იღებენ მათთვის მნიშვნელოვანი ადამიანებისგან. მშობლები, მასწავლებლები და ოჯახის ან სამეგობრო წრის სხვა ზრდასრული წევრები დიდ როლს თამაშობენ ბავშვის თვითშეფასების ჩამოყალიბებაში. თუკი ბავშვები მათთვის მნიშვნელოვანი უფროსებისგან გრძნობენ სიყვარულს, იღებენ მათ აღიარებასა და მხარდაჭერას, მაღალი თვითშეფასება უყალიბდებათ. მაშინ როდესაც ბავშვებში, რომლებიც  იღებენ ხშირ ან უხეშ კრიტიკას, აკლიათ მხარდაჭერა  ან თავს გრძნობენ უგულებელყოფილად, თვითშეფასება ამ გამოცდილებებით მნიშვნელოვნად ზარალდება. ასეთ დროს ბავშვს ეჭვი შეაქვს საკუთარ თავში, შესაძლებლობებში და ღირებულებებში. 

დაბალმა თვითშეფასებამ შეიძლება გამოიწვიოს მრავალი პრობლემა, მათ შორის შფოთვა, დეპრესია და ბავშვებში ცუდი აკადემიური მოსწრება. საყურადღებოა ისიც, რომ ხშირად დაბალი თვითშეფასების მქონე პირების მიღწევის დონე არ შეესაბამება მათ რეალურ პოტენციალს, ჯანსაღ რისკებზე წასვლისა და ახალი გამოწვევების თავიდან არიდებისკენ მუდმივი მისწრაფების გამო.

რა ახასიათებთ დაბალი თვითშეფასების მქონე ადამიანებს?

დაბალი თვითშეფასების მქონე ადამიანებისთვის დამახასიათებელია: 

  • თავდაჯერებულობის ნაკლებობა. მუდმივად ეჭვის შეტანა საკუთარ შესაძლებლობებში და ყურადღების გამახვილება სისუსტეებზე;
  • საკუთარი თავის სხვებთან შედარება და რწმენა, რომ სხვები მასზე უკეთესები არიან;
  • სხვების მხრიდან მუდმივად დადასტურების ძიება;
  • კრიტიკისადმი გადაჭარბებული მგრძნობელობა;
  • წარუმატებლობის ძლიერი შიში;
  • დადებითი უკუკავშირისა და კომპლიმენტების მიღების სირთულე;
  • თვითმარქვიობის განცდა;
  • უარის თქმისა და საზღვრების დაწესების სირთულე, უარყოფის შიშის გამო;
  • საკუთარი საჭიროებების გამოხატვის სირთულე;
  • სხვისი საჭიროებების საკუთარ საჭიროებებზე წინ დაყენება;
  • გადაწყვეტილების მიღების სირთულე;
  • საკუთარზე წინ სხვების აზრის დაყენება;
  • მუდმივად ბოდიშების მოხდა (მაშინაც კი, როდესაც რაღაც მისი ბრალი არ არის);
  • ადამიანებისთვის საკუთარი რეალური მეს ჩვენების შიში;
  • ცხოვრებაზე ნეგატიური ხედვა და კონტროლის ნაკლებობის განცდა.

როგორია ჯანსაღი თვითშეფასების მახასიათებლები?

ამის საპირისპიროდ, ჯანსაღი თვითშეფასება შემდეგ ძირითად ელემენტებს მოიცავს:

  • თავდაჯერებულობა
  • უსაფრთხოების განცდა
  • მყარი იდენტობა
  • მიკუთვნებულობის განცდა
  • კომპეტენტურობის განცდა

ეს მახასიათებლები უკავშირდება საკუთარი თავისთავადი ღირებულების აღქმას; პოზიტიურ ხედვას ცხოვრებაზე; საკუთარი პოზიტიური და ნეგატიური გამოცდილებებისა და თვისებების, ძლიერი და სუსტი მხარეების მიღებას; თვითგამოხატვას ზედმეტი დაძაბულობის და უარყოფის შიშის გარეშე, რაც საბოლოო ჯამში დადებითად აისახება ზოგადი კეთილდღეობის განცდასა და ცხოვრების ხარისხზე.

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5