Skip to content Skip to sidebar Skip to footer

გვესაუბრება ფსიქოლოგი თინათინ ქართველიშვილი. 

რა არის თვითშეფასება და როგორ გამოიხატება დაბალი თვითრწმენა ბავშვებში?

თვითშეფასება წარმოდგენაა საკუთარ თავზე, საკუთარი თავის ღირებულებასა და მნიშვნელობაზე.  თვითღირებულებისა და თვითრწმენის ჩამოყალიბება იწყება  ადრეული ბავშვობის პერიოდში, რასაც მნიშვნელოვნად განაპირობებს ოჯახი და გარემო.

დაბალი თვითრწმენა ბავშვებში შემდეგნაირად შეიძლება გამოიხატოს: ბავშვი იშვიათად იწევს ხელს გაკვეთილზე, თითქმის არასდროს აფიქსირებს საკუთარი ინიციატივით პირად დამოკიდებულებებსა და აზრებს. არ მოსწონს საკუთარი გარეგნობა, ფიქრობს, რომ არაფერი უხდება. წარუმატებლობის შემთხვევაში მძიმე ფრუსტრაციას განიცდის,  უჭირს აღიაროს, რომ ვერ გაიგო და ამ მოცემულობას  ტრაგიკულად აღიქვამს. ამასთან შესაძლოა  ბავშვი თავს არიდებს  ახალი ნაცნობების შეძენას, უარს აცხადებდეს, როგორც სასკოლო ისე მეგობრებთან ერთად გასართობ აქტივობებში ჩართვაზე და ა.შ.  აღწერიდან გამომდინარე  ნათელია, რამდენად მნიშვნელოვანია თვითშეფასების სირთულეების გადალახვაში ბავშვის დახმარება, რადგან მსგავსი გამოწვევების დამოუკიდებლად   გადალახვა ბავშვისთვის რთული და დროში განფენილი პროცესია, რაც მათ   პიროვნულ განვითარებას აფერხებს.

რა გავაკეთოთ ბავშვის თვითრწმენის ჩამოყალიბებისთვის?

პირველ რიგში ბავშვის თვითშეფასებაზე უნდა იმუშაოს მშობელმა, შვილი უნდა მიიღოს ისეთი, როგორიც არის, იმ შესაძლებლობებითა და უნარებით, რომლებსაც ბავშვი ფლობს და შეუქმნას უსაფრთხო გარემო, სადაც ის შეძლებს საკუთარი  შეხედულებების გამოხატვას,  ექნება  შეცდომების დაშვების უფლება და  იმ პიროვნული მახასიათებლებისა და კოგნიტიური უნარების განვითარება-რეალიზების შესაძლებლობა, რომლებსაც ფლობს. 

მივცეთ ბავშვს შეცდომის დაშვების უფლება არის უკიდურესად საჭირო, ბავშვმა აუცილებლად უნდა იცოდეს, რომ დახმარების თხოვნა, ტესტში დაბალი შეფასების მიღება, რამის ვერ გაგება, ახალი მასალის რამდენჯერმე ახსნის საჭიროება აბსოლუტურად ნორმალურია. გარემო უნდა ერგებოდეს ბავშვის საჭიროებას და არა პირიქით, გარემომ, ოჯახმა, სკოლამ უნდა დაანახოს ბავშვს, რომ შეცდომების დაშვება ნორმალურია. ამასთან საჭიროა ყველა მიკროსოციუმში, სადაც ბავშვს უწევს ყოფნა მისი აზრი მნიშვნელოვნად იყოს მიჩნეული, თუ გვსურს გავზარდოთ თავისუფალი ადამიანი ინდივიდუალური აზროვნებითა და სამართლიანი ბუნებით, პირველ რიგში ჩვენ უნდა ვიყოთ მის მიმართ სამართლიანები და პატივისცემით განმსჭვალულნი. მცირეწლოვანი  ბავშვისთვის ხუმრობით  ნათქვამი უარყოფითი კომენტარიც კი ნეგატიურ გავლენას ახდენს მის პიროვნულ განვითარებაზე. ამის ნათელი მაგალითია ჩვენი რეალობა, სადაც ხშირად ზრდასრულებს არ შეუძლიათ მიიღონ კომპლიმენტი გარშემომყოფთაგან, თავს უხერხულად გრძნობენ და იწყებენ თავის მართლებას: „არა, რას ამბობ, არ ვარ ლამაზი“,“ „შემოცრეცილი კაბით ვარ, აგერ მე და კაბას ერთად დაგვეტყო ასაკი“ ან მათი ინტელექტის შექებისას უმალ გპასუხობენ: „არა, მე რა მომეკითხება, აბა მე რა ვიცი“ და ა.შ.  მსგავსი სიტუაციები ადამიანთა თავმდაბლობას კი არ გვანახებს, მათ დაბალ თვითშეფასებას უსვამს ხაზს,  რადგან მათ არ უყვართ საკუთარი თავი, მაშასადამე ვერც წარმოუდგენიათ, როგორ უნდა უყვარდეთ სხვებს. არ სჯერათ საკუთარი შესაძლებლობებისა და უნარების. სწორედ ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლად  უნდა დავანახოთ ბავშვებს, რომ გვიყვარს და  გვჯერა მათი.

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5