პედიატრი კონსტანტინე ჩახუნაშვილი გვესაუბრება არის თუ არა საჭირო ბავშვებისთვის დამამშვიდებელი მედიკამენტების მიცემა, როდესაც ისინი ადრეულ თვეებში განსაკუთრებულად ჭირვეულობენ, ტირიან და უძილობა აქვთ.
კარანტინის პერიოდში (და არა მხოლოდ) ინტერნეტში ჩნდებოდა ტექსტები, სადაც დედები წერდნენ და ითხოვდნენ რჩევას მცირეწლოვანი ბავშვებისთვის ე.წ დამამშვიდებლების მიცემის შესახებ. გვესაუბრეთ ამ პრაქტიკის შესახებ?
ჩემს ირგვლივ მსგავსი პრაქტიკა, საბედნიეროდ, იშვიათია, თუმცა პაციენტებისგან და მეგობრების მსმენია, რომ მომხდარა მსგავსი შემთხვევები. კარგი არის ის, რომ, მე რაც გამიგია, ძირითადად ისეთ პრეპარატებს ხმარობენ, რომელთა გვერდითი მოვლენაა ძილიანობა (მაგალითად: ანტიჰისტამინური პრეპარატები).
რა საზიანო შედეგები შეიძლება გამოიწვიოს დამამშვიდებელი მედიკამენტის მიღებამ ბავშვისთვის და საჭიროა თუ არა ასეთ დროს სხვა სპეციალისტთან გადამისამართება პედიატრის მიერ?
მთავარი პრობლემა აქ არის ის, რომ მსგავსი სედაციური საშუალებების გამოიყენება ისეთ ასაკობრივ ჯგუფში (კომუნიკაცია იმის შესახებ, თუ რა აწუხებს, ვერ ხდება ბავშვთან), სადაც ზედმეტი აგზნება ან ჭირვეულობა შესაძლოა მანიშნებელი იყოს სხვადასხვა დაავადების, შესაბამისად, ამ აგზნებას ან ჭირვეულობას შესაძლოა მიეხედოს თვითონ ამ პრობლემის მიგნებით და მისი აღმოფხვრით.
ზედმეტი აგზნება, მოუსვენრობა, ყურადღების დეფიციტი და ა.შ. ასევე საკმაოდ ხშირად შესაძლებელია იყოს მენტალური პრობლემის გამოვლინება, რის გამოც პედიატრები არ უნდა მოვერიდოთ ფსიქოსოციალური შეფასებისთვის ბავშვის გადამისამართებას ფსიქოლოგთან ან ფსიქიატრთან. საქართველოში ამის შესახებ სტატისტიკა, სამწუხაროდ, არ არსებობს, თუმცა ევროპის და აშშ-ს მონაცემებით, დაახლოებით 20%-მდე ბავშვებს, განსაკუთრებით, სკოლის ასაკის და ზემოთ, აწუხებთ სხვადასხვა მენტალური პრობლემა, რომელიც სწრაფ აღმოჩენას და ჩარევას საჭიროებს.
თვითონ მენტალური პრობლემის დროს ჩარევა იქნება ფსიქოთერაპია თუ პრეპარატებით მართვა (მათ შორის ანქსიოლიზური საშუალებები), ეს უკვე დიაგნოზის და აშლილობის მიმდინარეობის მიხედვით უნდა გადაწყდეს.
ხშირად მშობელი თავად ითხოვს დამამშვიდებელი მედიკამენტის დანიშვნას ბავშვისთვის, მისი ხშირი ტირილის ან უძილობის გამო. რა უნდა გაითვალისწინოს მშობელმა ასეთ დროს?
როგორც ზემოთ ვთქვით, მთავარია, ამ დროს გამოვავლინოთ უძილობის, ტირილის, ჭირვეულობის პრობლემები და მათ ვუმკურნალოთ. მაგალითად, 1 წლამდე ასაკში საკმაოდ ხშირია შებერილობა და ამ დროს, თუ პატარას მივეხმარებით, რომ ჭარბი გაზები გამოდევნოს გარეთ, დამშვიდდება. ამ ჭირვეულობის მიზეზი კიდევ ძალიან ბევრია და მშობელმა უნდა იცოდეს, რომ, როდესაც ბავშვი, ჭირვეულობს და არ წყნარდება აუცილებელია, რომ პედიატრმა ნახოს და გასინჯოს.
სედაცია სამედიცინო პრაქტიკაში, რა თქმა უნდა, გამოიყენება რიგ შემთხვევებში. აქედან ყველაზე ხშირი არის ე.წ. პედიატრიული პროცედურული სედაცია, რომელიც ხდება საოპერაციოს გარეთ სხვადასხვა ჩარევების დროს. ამ ჩარევებში მოისაზრება ისეთი, პროცედურები, რომლებიც აშინებს პედიატრიული ასაკის პაციენტებს და რომლებიც არის მტკივნეული. რა თქმა უნდა, ასეთი პროცედურები ტარდება ადგილობრივი გაყუჩებით, მაგრამ ადგილობრივი გაყუჩება ვერ იწვევს სათანადო შედეგს, რადგან, ზრდასრული პაციენტებისგან განსხვავებით, ბავშვი შიშის ფაქტორის გამო რთულად ემორჩილება, ბევრს მოძრაობს და ძალიან ისტრესება ასეთი პროცედურების დროს. შესაბამისად, ამ პროცედურებისთვის ვიყენებთ ისეთ საშუალებებს, რომლებსაც აქვთ სედაციური-ჰიპნოზური ეფექტი და იწვევს მოდუნებას, ანქსიოლიზს ანუ აგზნების შემცირებას, უზრუნველყოფს პროცედურის დროს ნაკლებ მოძრაობას. თუმცა, ეს პროცედურა, როგორც წესი, უნდა მიმდინარეობდეს ექიმის მეთვალყურეობით.