Skip to content Skip to sidebar Skip to footer

სხვადასხვა კვლევების მიხედვით სასურველია ორ წლამდე ბავშვები ტკბილეულის მიღებას  მოვარიდოთ. “დამატებული შაქრებით” გამდიდრებულ საკვებად კი ითვლება ნებისმიერი ტკბილეული, დამტკბარი სასმელი, სიროფები და ა.შ  რატომ არის საფრთხისშემცველი ბავშვის ჯანმრთელობისთვის “დამატებული შაქარი” და რა ითვლება “დამატებული შაქრის” მისაღებ ნორმად ბავშვებში?- პლატფორმას “დედამ იცის” ესაუბრება პედიატრი კონსტანტინე ჩახუნაშვილი.

რა რაოდენობის შაქრის მიღება ითვლება  ბავშვისთვის ნორმად?

როგორც დიდებში, ასევე პატარებშიც, ნახშირწყლები ენერგიის მთავარი წყაროა და დღიური კალორაჟის 45-65%-ს უნდა შეადგენდნენ.

მიუხედავად ამისა, ნახშირწყლების კატეგორიიდან ცალკე გვაქვს გამოტანილი “დამატებული შაქრები“, რომლებიც მოიცავს ფრუქტოზას, გლუკოზას და ა.შ.

“დამატებული შაქრებით” „გამდიდრებულ“ საკვებად კი ითვლება ნებისმიერი ტკბილეული, დამტკბარი სასმელი, სიროფები და ა.შ.

დღესდღეობით მიღებულია, რომ ბავშვთა ასაკში 2 წლამდე მაქსიმალურად უნდა მოვერიდოთ დამატებულ შაქრებს, ხოლო 2 წლის ასაკის ზევით “დამატებული შაქრების” რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 25 გრამს.

წლამდე ასაკში საკვების დატკბობა რამდენად გამართლებულია?

როგორც უკვე ვახსენეთ, 2 წლამდე ასაკში დღევანდელი მოწოდებაა, რომ თავი ავარიდოთ ნებისმიერ “დამატებულ შაქარს“.

მშობლები ხშირად ინტერესდებიან, როდის შეიძლება მისცენ ბავშვებს თაფლი და რა უნდა გავითვალისწინოთ ბავშვისთვის თაფლის მიცემის დროს?

მიუხედავად იმისა, რომ თაფლის შემადგენლობაში ბევრი სასარგებლო ნივთიერება შედის, თაფლის შემადგენლობაში არის ფრუქტოზა და გლუკოზა, რომელთაგანაც ორივე გადის “დამატებულ შაქრებში”. შესაბამისად, აქაც იგივე რეკომენდაციით უნდა ვიმოქმედოთ. კერძოდ, 2 წლის ასაკის მაღლა შეგვიძლია კვების რაციონში ჩავრთოთ, თუმცა არა დიდი ოდენობით და “დამატებული შაქრების” საერთო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 25 გრამს დღეში. 

რატომ არის ტკბილეული ბავშვისთვის მავნე და შაქრის გადაჭარბებული რაოდენობით მოხმარებამ რა პრობლემები შეიძლება წარმოქმნას ბავშვისთვის?

“დამატებული შაქრების“ სხვადასხვა დაავადებასთან და სამედიცინო მდგომარეობასთან არის ასოცირებული მოზრდილ მოსახლეობაში, თუმცა პედიატრიულ ასაკში ჯერ კიდევ მიმდინარეობს მონაცემების შეგროვება. 

ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის კარიესი, რომელიც განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებშია წინ წამოწეული, სადაც ფტორი არ არის კბილის პასტის სახით ხელმისაწვდომი. 

ჭარბი მოხმარება ასევე ასოცირებულია კარდიოვასკულური დაავადებების გაზრდილ რისკთან, რომლებთანაც პირდაპირი და ირიბი ბმა აქვს. პირდაპირი ბმა იმის ხარჯზე, რომ ლიპიდურ ცვლას არღვევს, როგორც გლუკოზის, ასევე ფრუქტოზის ჭარბად მიღება; ხოლო ირიბი იმის გამო, რომ ჭარბწონიანობის რისკს ზრდის დიდი რაოდენობით „დამატებული შაქრების“ მიღება, რაც ვარაუდობენ, რომ კავშირშია იმასთან, რომ გრელინის დონე არ იწევს დაბლა „დამატებული შაქრების“ მიღების დროს. გრელინის დაქვეითება კი აუცილებელია იმისათვის, რომ დანაყრებულად ვიგრძნოთ თავი. 

ასევე არსებობს იმის მტკიცებულებებიც, რომ მეორე ტიპის დიაბეტის რისკიც იზრდება დიდი რაოდენობით „დამატებული შაქრების“ მიღების დროს. 

შესაბამისად, ნებისმიერი ტკბილეულის და დამატკბობლის მოხმარება დიდებშიც და პატარებშიც (2 წლის ზემოთ) უნდა მოხდეს ზომიერად. 

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5