პლატფორმას “დედამ იცის” ესაუბრება ნეიროფსიქოლოგი თათია მჭედლიშვილი.
რა არის დასწავლის უნარის დარღვევა და როგორ ვლინდება?
დასწავლის უნარის დარღვევა ნეიროგანვითარების დარღვევაა და ვლინდება ბაზისური აკადემიური საგნების, კერძოდ, წერის, კითხვის და მათემატიკური უნარების ათვისების სირთულეში, რასაც, თავის მხრივ, საფუძვლად ინფორმაციის გადამუშავების სირთულეები უდევს. დასწავლის უნარის დარღვევაში გამოიყოფა შემდეგი ქვეტიპები:
- კითხვის უნარის სპეციფიკური დარღვევა იგივე დისლექსია დასწავლის უნარის დარღვევის ყველაზე ხშირად დიაგნოსტირებადი ფორმაა და მოიცავს შემთხვევათა 80%-ს. ამ დროს სირთულეები შეიძლება ვლინდებოდეს სიტყვების სწორად ამოკითხვაში, კითხვის ტემპსა და წაკითხულის გაგებაში. კერძოდ, ბავშვი კითხვისას უშვებს ბევრ შეცდომას. აქვს ასოების ამოკითხვის, მარცვლების სიტყვაში გაერთიანების სირთულე, რის გამოც კითხვის ტემპი არის ნელი და კითხვის დროს ეხარჯება დიდი ძალისხმევა. სიტყვებს კითხულობს არაზუსტად, ნელა და გაუბედავად. ხშირად კითხულობს მიხვედრით. აქვს წაკითხულის გაგების სირთულე.
- წერის უნარის სპეციფიკური დარღვევა იგივე დისგრაფია – სირთულეები ვლინდება მართლწერაში, გრამატიკასა და პუნქტუაციაში, წერილობითი ფორმით აზრის ჩამოყალიბებასა და ნაწერის ორგანიზებაში. ამ დროს ბავშვი წერისას ამატებს, ტოვებს, ანაცვლებს ასოებს. აქვს სივრცის დაცვის და ასოების მოხაზვის სირთულე, რის გამოც ხშირად ნაწერის ამოკითხვა გართულებულია. ბავშვი უშვებს ბევრ გრამატიკულ შეცდომას, წინადადებების წყობა გაუმართავია. აქვს წერის დაწყების და პარაგრაფების ორგანიზების სირთულე. ნაწერში ნათლად არ იკითხება აზრი.
- მათემატიკური უნარების სპეციფიკური დარღვევა იგივე დისკალკულია – სირთულეები შეიძლება ვლინდებოდეს რიცხვების მნიშვნელობის წვდომაში, არითმეტიკული ფაქტების დამახსოვრებაში, ანგარიშსა და მათემატიკური ცნებების საშუალებით მსჯელობაში. ამ დროს ბავშვს აქვს რიცხვების და მათი ურთიერთმიმართებების გაგების სირთულე, ითვლის თითების გამოყენებით მაშინ, როდესაც უკვე მოეთხოვება რიცხვების გონებაში მანიპულაცია. ხშირად ურევს მოქმედებების შესრულების თანმიმდევრობა.
რამდენად გავრცელებულია დასწავლის უნარის დარღვევა ბავშვებში?
საერთაშორისო სტატისტიკის მიხედვით, სკოლის მოსწავლეების დაახლოებით 10-15% აქვს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება, ხოლო მათ შორის 1/3-ს დასწავლის უნარის დარღვევა აქვს.
როდის და როგორ ხდება დასწავლის უნარის დარღვევის დიაგნოსტირება?
დიაგნოსტირება, როგორც წესი, არ ხდება სკოლამდელ ასაკში, თუმცა სკოლამდელ ასაკში გარკვეული ნიშნების არსებობით შესაძლოა, ვივარაუდოთ შემდგომში მისი განვითარების მაღალი ალბათობა. მაგალითად, ადრეულ ეტაპზე განვითარების სფეროებში გამოხატული შეფერხების შემთხვევაში. ასეთ დროს მნიშვნელოვანია დროულად მოხდეს შეფასება და ბავშვის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული ინტერვენციის დაგეგმვა.
სკოლამდელ პერიოდში არსებული სირთულეები შეიძლება ვლინდებოდეს შემდეგნაირად (თუმცა არ შემოიფარგლება მხოლოდ ამ ჩამონათვალით):
- ბავშვი არ გამოხატავს ინტერესს თამაშების მიმართ, რომლებიც მოითხოვს სიტყვების გამეორებას ან გარითმვას;
- არ საუბრობს ასაკის შესაბამისი ლექსიკონით. იყენებს ასაკის შეუსაბამო, უფრო მარტივ სიტყვებს ან აქვს მწირი ლექსიკური მარაგი;
- არ გამოთქვამს სიტყვებს სწორად, მაშინ როდესაც ეს ასაკობრივად უკვე მოეთხოვება;
- აქვს ასაკთან მიმართებაში მოტორული უნარების განვითარების ჩამორჩენა;
- აქვს ყურადღების კონცენტრაციის სირთულეები.
სწავლის სირთულეები, როგორც წესი, შესამჩნევი დაწყებით კლასებშივე ხდება, როდესაც ბავშვს მოეთხოვება აითვისოს ბაზისური აკადემიური საგნები – წერა, კითხვა და მათემატიკა. თუმცა შესაძლოა თავიდანვე მნიშვნელოვნად არ იყოს გამოხატული აკადემიური ჩამორჩენა და თავი იჩინოს მოგვიანებით, როდესაც სასწავლო მასალა შედარებით გართულდება, ეს კი ძირითადად მე-2 და მე-3 კლასში ხდება.
შეფასების შედეგად ხდება ძლიერი მხარეების და საჭიროებების იდენტიფიცირება და ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული რეკომენდაციების შემუშავება.
დასწავლის უნარის დარღვევის დროს ხშირია ქცევითი სირთულეები, თუმცა ხშირად ეს გამოწვეულია მოსწავლის მხრიდან სწავლისადმი და სკოლისადმი ნეგატიური განწყობის ჩამოყალიბებით და სათანადო ჩარევის შემდგომ, სწავლის სირთულეების მოგვარების პარალელურად, როგორც წესი, გვარდება ქცევის სირთულეებიც.
რა უნდა გააკეთოს მშობელმა თუ ბავშვს აქვს სწავლასთან დაკავშირებული სირთულეები?
თუ ბავშვს აქვს გამოხატული სირთულეები წერის, კითხვის და მათემატიკური უნარების ათვისებაში, აქვს მწირი ლექსიკური მარაგი, უჭირს მოსმენილი ან წაკითხული ტექსტის გადმოცემა, ყურადღების კონცენტრაცია, სწავლისას დიდ ძალისხმევას ხარჯავს და აქვს ნეგატიური განწყობა დავალებების შესრულების მიმართ – პირველ რიგში გაესაუბრეთ მასწავლებელს და გაუზიარეთ თქვენი დაკვირვება. გაარკვიეთ, აქვს თუ არა იგივე ვარაუდი მასწავლებელს. შემდეგ, გაიარეთ კონსულტაცია ნეიროფსიქოლოგთან ან ფსიქოლოგთან. არსებული სირთულეების უფრო სიღრმისეულად გამოსაკვლევად მნიშვნელოვანია გაკეთდეს სრული სადიაგნოსტიკო შეფასება.
დასწავლის უნარის დარღვევა ქრონიკული მდგომარეობაა, თუმცა დროული და სწორი ინტერვენციის შემთხვევაში ბავშვები აღწევენ წარმატებას სწავლაში. სწავლება შეიძლება ეფუძნებოდეს როგორც უშუალოდ სუსტი უნარების გავარჯიშებას, ასევე ძლიერი მხარეების გამოყენებით სწავლებას.