Skip to content Skip to sidebar Skip to footer

მიმოიხედე შენს ჯგუფში. შენი თანატოლები განსხვავდებიან თმისა და თვალის ფერით, სახისა და სხეულის ფორმებით, ზოგიერთი მორცხვია, ზოგს კი უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა. ვიღაცისთვის საუკეთესო განტვირთვა სირბილია, როცა შენ შეიძლება წიგნის კითხვა უფრო გსიამოვნებდეს. ის ბავშვებიც, რომლებსაც დაუნის სინდრომი აქვთ, შესაძლებელია გამოიყურებოდნენ განსხვავებულად,  არ ლაპარაკობდნენ ისე გარკვევით, როგორც შენ და რაღაცებს სხვანაირად აკეთებდნენ. მათ ზოგჯერ მეტი დრო სჭირდებათ სასწავლად, მაგრამ უამრავ რამეში ვგავართ ერთმანეთს, მაგალითად ვტირით, როცა სევდიანები ვართ და ვიცინით, როცა რაღაც მხიარული ხდება, ვბრაზდებით და ვუშვებთ შეცდომებს.

რა იწვევს დაუნის სინდრომს?

იცი, რომ ჩვენი სხეული უჯრედებისგან შედგება? ისინი ისეთი პატარები არიან, რომ შეუიარაღებელი თვალით მათი დანახვა შეუძლებელია და მხოლოდ მიკროსკოპის დახმარებით აკვირდებიან. ადამიანების უმრავლესობის ყოველი უჯრედი 46 ქრომოსომას შეიცავს, ანუ 23 წყვილს.  დაუნის სინდრომის მქონე ახალშობილები 47 ქრომოსომით, სამი  21-ე ქრომოსომით იბადებიან (მე-3 თვის 21-ე დღე სწორედ ამიტომ შეარჩიეს დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ). ქრომოსომები, მიუხედავად იმისა, რომ პაწაწინები არიან, მნიშვნელოვან ინფორმაციას ინახავენ და მოქმედებენ იმაზე, თუ როგორ გავიზრდებით.

ფოტო: ხანის აკადემია

დაუნის სინდრომი არ არის დაავადება. ის ვერ გადაგედება. დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს ის დაბადებამდე აქვთ და ყოველთვის ექნებათ. არავინ იცის, რატომ აქვს ზოგიერთ ადამიანს დამატებითი ქრომოსომა.

დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს ისევე უყვართ თამაში და მეგობრების ყოლა, როგორც დანარჩენებს. მათ უმრავლესობას შეუძლია გააკეთოს იგივე, რასაც სხვა ბავშვები აკეთებენ. თუმცა, ზოგიერთს შეიძლება მეტი დრო დასჭირდეს რაღაცების სასწავლად. გახსოვს, როცა ველოსიპედის ტარებას სწავლობდი და თავიდან არ გამოგდიოდა? დამატებითი დრო და ბევრი ვარჯიში დაგეხმარა. შეგვიძლია იგივეს გაკეთება დაუნის სინდრომის მქონე მეგობრისთვისაც.

იმისათვის, რომ დაუნის სინდრომის შესახებ ყველას ჰქონდეს ინფორმაცია, 21 მარტს ჭრელი წინდებით სურათებს იღებენ. რატომ წინდა? იმიტომ, რომ მათ ქრომოსომის ფორმა აქვთ.

წყარო: www.oxfordshire.gov.uk

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5