Skip to content Skip to sidebar Skip to footer

საქართველოს  ენდოკრინოლოგიისა და მეტაბოლიზმის ასოციაციის პრეზიდენტი, საქართველო-ისრაელის ერთობლივი კვლევითი კლინიკა “ჰელსიკორის” ენდოკრინოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი ნათია ვაშაყმაძე “დედამ იცის”-თან საუბრობს რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს ენდოკრინოლოგიური პრობლემების მქონე ადამიანებისთვის  ახალი კორონავირუსის პანდემიას და როგორ დაიცვან მათ თავი.

ენდოკრინოლოგიური  პრობლემების მქონე ადამიანები  არიან თუ არა ახალი კორონავირუსის რისკის ჯგუფში და რამე სპეციალური რეკომენდაციები ხომ არ არსებობს  მათთვის? 

გარკვეული ენდოკრინული დაავადების მქონე პირები ნამდვილად არიან ახალი კორონავირუსით ინფიცირების გაზრდილ რისკის ჯგუფში, კერძოდ, ეს პირველ რიგში ეხება დიაბეტის მქონე პირებს. რისკი გაზრდილია როგორც ტიპი 2 დიაბეტის, ისე ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტის მქონე პირებში. ამის მიზეზია სისხლში შაქრის დონის ქრონიკული მატება, რაც ასუსტებს იმუნურ სისტემას და აქვეითებს მის ბრძოლისუნარიანობას. დიაბეტის გარდა გაზრდილი რისკის ჯგუფს მიეკუთვნება სიმსუქნის მქონე პირები. აქ მიზეზი ბევრია, სიმსუქნის მქონე პაციენტების ნაწილს აღენიშნება ღამით სუნთქის დარღვევა – სუნთქვის პერიოდული შეჩერება, რასაც ღამის ძილის აპნოე ეწოდება, ასევე სიმსუქნე ასოცირებულია სურფაქტანტის დისფუნქციასთან, რაც შესაძლოა კორონავირუსით ინფიცირების რისკებს ზრდიდეს. შედარებით იშვიათი ენდოკრინული დაავადებებიდან რისკის ჯგუფს წარმოადგენს თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა და კუშინგის სინდრომი. თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობისას სახეზე გვაქვს ჰორმონ კორტიზოლის დეფიციტი, ხოლო კუშინგის სინდრომის დროს კი მისი სიჭარბე. ჰორმონ კორტიზოლის როგორც ნაკლებობა, ისე სიჭარბე აქვეითებს იმუნური სისტემის მუშაობას და ადვილად მოწყვლადს ხდის ამ ჯგუფს.

რეკომენდაციები დიაბეტის, სიმსუქნის, თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობისა და კუშინგის სინდრომის მქონე პაციენტებისთვის გვაქვს შემდეგი: დარჩნენ სახლში! ხშირად დაიბანონ ხელები, დაიცვან დისტანცია ოჯახის წევრებს შორისაც კი და გადაუდებელი აუცილებლობის გარდა არ გავიდნენ გარეთ! აუცილებელია მოიმარაგონ მედიკამენტები, გლუკომეტრის ჩხირები, საკვები პროდუქტები და ხშირად იზომონ სისხლში შაქრის დონე, კარგად აკონტროლონ დიაბეტი. ბოლო კვლევებით ნანახია, რომ დიაბეტის მქონე პირებთან, რომლებსაც სამიზნე ფარგლებში ჰქონდათ სისხლში შაქრის მაჩვენებელი, შემცირდა კორონავირუსით ავადობისა და სიკვდილობის შემთხვევები. სიმსუქნის მქონე პირები უნდა შეეცადნონ, რომ იკვებონ ჯანსაღად და შეამცირონ სხეულის მასა, ხოლო თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის მქონე პირებმა ინფექციის აღმოჩენისთანავე დაუკავშირდნენ მკურნალ ექიმს და გაზარდონ გლუკოკორტიკოიდების დოზები. 

ამ პერიოდში ბავშვები უმეტესად სახლში არიან, ხომ არ ემუქრებათ D ვიტამინის დეფიციტი? ხომ არ არის საჭირო მათთვის D ვიტამინის მიცემა?

ვიტამინების უმეტესობა უხვად მოიპოვება საკვებში, შესაბამისად, თუკი ადამიანი სრულფასოვნად იკვებება, საჭირო ვიტამინების უმეტესობასაც იღებს. თუმცა D ვიტამინი ამ მხრივ ნამდვილად გამონაკლისს წარმოადგენს. მწირია იმ საკვები პროდუქტების ჩამონათვალი, რომელიც შეიძლება უხვად შეიცავდეს D ვიტამინს, ასეთია ძირითადად ცხიმიანი თევზი და სოკო. მცირე ოდენობით D ვიტამინს ასევე შეიცავს კვერცხი. D ვიტამინზე დღიური მოთხოვნილების შევსების საუკეთესო საშუალებაა მზე, რამდენადაც ჩვენს კანში მზის ულტრაიისფერი B სხივების ზემოქმედებით ხდება D ვიტამინის წარმოქმნა. დღიური მოთხოვნილების 80-90% სწორედ ასე მიიღება. თუმცა, ზამთრის პერიოდში D ვიტამინის მარაგების შევსება მზის მეშვეობით სეზონიდან გამომდინარე რთულია. ამჟამად გაზაფხული დაიწყო, თუმცა COVID-19-ით გამოწვეული ჯანმრთელობის საფრთხის გათვალისწინებით ჩვენი, ექიმების, მთავარი რეკომენდაციაა მოსახლეობა დარჩეს შინ, არ გამოვიდეს გარეთ, რაც თავისთავად ნიშნავს D ვიტამინის დეფიციტის ხელშემწყობ პირობას.

რომელიმე ვიტამინის მიღებით ხომ ვერ შევძლებთ კორონავირუსის  პრევენციას და იმუნური სისტემის გაძლიერებას? 

აუცილებელია,  თავიდანვე გასაგები იყოს ჩვენი მკითხველისთვის, რომ დღეისათვის არ არსებობს რომელიმე ვიტამინი ან მიკროელემენტი, რომლის მიღებითაც პირდაპირ შესაძლებელია რომელიმე ინფექციის და მითუმეტეს კორონავირუსის თავიდან აცილება. თუმცა, როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, თუ რომელი ვიტამინის ან მინერალის მიღებაა აუცილებელი იმუნური სისტემის გამართული მუშაობისთვის, D ვიტამინი ამ მხრივ ერთ-ერთი ლიდერია. იმუნური სისტემის მარეგულირებელი მოქმედების გარდა,  D ვიტამინს A ვიტამინთან ერთად გარკვეული პოტენციალი აქვს დაიცვას სასუნთქი სისტემა, რასაც გადამწყვეტი როლი შეიძლება ჰქონდეს რესპირატორული ინფექციების შემთხვევაში, რომელსაც ასევე მიეკუთვნება COVID-19. 

D ვიტამინის დანამატების გამოყენება ამცირებს რესპირატორული ინფექციების რისკს, არეგულირებს ციტოკინების წარმოქმნას, ამცირებს გრიპის ვირუსით ავადობას. ვარაუდობენ, რომ D ვიტამინი შესაძლოა COVID-19-ით ინფიცირების რისკზეც ახდენდეს გავლენას. COVID-19-ის მძიმე შემთხვევებში გვაქვს იმუნური სისტემის ზე-რეაქტიულობა, ვითარდება ერთგვარი მანკიერი წრე, როდესაც გამომუშავდება ციტოკინები, რომლებიც კორონავირუსზე მეტად აზიანებენ საკუთარ უჯრედებსა და ორგანოებს, რაც ზრდის კორონავირუსით სიკვდილობის რისკს. ფიქრობენ, რომ შესაძლოა აქაც D ვიტამინს ჰქონდეს თავისი მოკრძალებული როლი. 

ასევე მნიშვნელოვანია C ვიტამინი, რომელიც უხვად შედის ხილსა და ბოსტნეულში, E ვიტამინი, რომელიც უხვადაა თხილეულში, A ვიტამინი, რომელიც უხვად მოიპოვება თევზში, ხორცში, ფერად ბოსტნეულში. იმუნური სისტემის მუშაობას ხელს უწყობს თუთია, სელენი და სხვ.  D ვიტამინის გარდა, ეს ვიტამინები და მინერალები სრულად შეიძლება მივიღოთ სრულფასოვანი და მრავალფეროვანი კვებით. ამდენად, მულტივიტამინური საკვები დანამატების მიღება აუცილებელი არ არის. 

იმუნიტეტის გასაძლიერებლად  რომელი ვიტამინები შეიძლება მიიღონ ბავშვებმა და უფროსებმა ამ პერიოდში? 

ამჟამად ჩვენ დანამდვილებით არ ვიცით, D ვიტამინს აქვს თუ არა რაიმე როლი COVID-19-ით გამოწვეული ინფექციის სიმძიმის განსაზღვრაში, თუმცა ვიცით, რომ D ვიტამინის დეფიციტი მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების განვითარების კარგი ხელისშემწყობია. ამდენად რეკომენდებულია მისი ადეკვატური რაოდენობით მიღება. ა.წ. 23 მარტს ევროპის ენდოკრინოლოგიის საზოგადოებამ (ESE) გამოაქვეყნა თავისი ოფიციალური პოზიცია COVID-19-ისა და ენდოკრინული დაავადებების შესახებ, სადაც გაკეთებულია აქცენტი D ვიტამინის დეფიციტის აღმოფხვრისა და D ვიტამინის ადეკვატური მიღების საჭიროებაზე.

1. D ვიტამინის დანამატების მიღება დოზით 800 სე – ბავშვებში და 2000 სე  – ზრდასრულებში სრულიად უსაფრთხოა სისხლში D ვიტამინის განსაზღვრისა და კონტროლის გარეშე.

2. იმისათვის, რომ D ვიტამინმა იმუშაოს, როგორც მძლავრმა იმუნომოდულატორმა უმჯობესია იგი მიიღოთ ყოველდღიურად. საინტერესოა, რომ უკანასკნელ პერიოდში ჩატარებული კვლევებით, რეჟიმები, რომლის დროსაც D ვიტამინის ერთბაშად დიდი დოზით გამოყენება ხდებოდა, მაგ., კვირაში ან თვეში ერთხელ, არ გამოდგა ეფექტური რესპირატორული ვირუსული ინფექციების შემცირების თვალსაზრისით.

3. D ვიტამინის მარაგების შევსება სასუნთქი სისტემისთვის მნიშნელოვანია ვირუსით ინფიცირებამდე, რამდენადაც იზრდება იმუნური სისტემისა და რესპირატორული სისტემის დამცველობითი ძალები. ინფიცირების შემდეგ  მისი როლი შედარებით მოკრძალებულია.

4. დოზები, რომლებიც გამოიყენება პროფილაქტიკისთვის 800 სე ბავშვებში და 2000 სე მოზრდილებში არ არის საკმარისი D ვიტამინის დეფიციტის შესავსებად, ამ დროს გამოიყენება ბევრად მაღალი დოზები. D ვიტამინის სამკურნალო დოზირება განისაზღვრება ექიმის მიერ ინდივიდუალურად პაციენტის წონის, ასაკის, თანმხლები პათოლოგიებისა და გამოყენებული სხვადასხვა მედიკამენტების გათვალისწინებით.

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5