Skip to content Skip to sidebar Skip to footer

“დედამ იცის” ესაუბრება ფსიქოლოგი მეგი საჯაია.

პანდემიის დროს ალბათ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვისაუბროთ ფსიქოლოგიურ კარგად ყოფნაზე და განსაკუთრებით, დედების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. რატომ არის ეს საკითხი დედებისთვის, ბავშვებისთვის და არა მარტო მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი?

ფსიქოლოგიური კარგად ყოფნა – ამ ტერმინის ქვეშ მოიაზრება ჯანმრთელობის, ბედნიერების, კმაყოფილებისა და თვითფლობის განცდა. ის მრავალი განზომილების ფართო საზომია, მათ შორის ფიზიკური, ემოციური, სოციალური, კოგნიტური და სულიერი კარგად ყოფნის. აუცილებელიც კია ადამიანს ჰქონდეს საკუთარი ცხოვრებით კმაყოფილების განცდა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ამავდროულად რთულია ეს დედისთვის. მით უფრო ახალბედა დედებისთვის. თუ დედას არა აქვს ფსიქოლოგიური კარგად ყოფნის განცდა, შესაძლოა ამან ნეგატიური გავლენა მოახდინოს დედა-შვილის ურთიერთობაზე, გაუარესდეს დედის მენტალური ჯანმრთელობა, შვილთან ვერ დაამყაროს ჰარმონიული ურთიერთობა, განუვითარდეს სხვადასხვა სომატური პრობლემები. ხშირ შემთხვევაში დედას გაორმაგებული პასუხისმგებლობის განცდა აქვს და თავის ჯანმრთელობასთან ერთად ფიქრობს შვილის კეთილდღეობაზე. ასეთ დროს საკუთარი თავი უკანა პლანზე გადადის. ფსიქოლოგიური კარგად ყოფნის განცდის ქონას კიდევ უფრო მეტად ართულებს პანდემია და ამ მდგომარეობით გამოწვეული სტრესი. აუცილებელია, ყველა დედამ გაითავისოს, რომ მათივე შვილებისთვის დედის ფიზიკურ ჯანმრთელობასთან ერთად, მენტალური ჯანმრთელობაც უპირობოდ მნიშვნელოვანია და რომ მათი ფსიქო-ემოციური მდგომარეობა ყოველთვის ახდენს გავლენას შვილზე. ხშირად რთულია ბალანსის პოვნა და სიმშვიდის შენარჩუნება. ფსიქოლოგიური  კარგად ყოფნის განცდის მქონე დედებს ცხოვრებით კმაყოფილების შეგრძნება აქვთ. მათ ირგვლივ დადებითი ატმოსფერო იქმნება და ინტერპერსონალური ურთიერთობები უფრო მარტივი, სასიამოვნო ხდება.

როგორ უნდა ვიზრუნოთ დედებმა ჩვენს ემოციურ მდგომარეობაზე?

როგორც უკვე ვთქვი, დედის ფსიქო-ემოციური მდგომარეობა ყოველთვის ახდენს გავლენას შვილზე. მაშინაც კი, როცა ის ჩვილია და არ შეუძლია გამოხატოს განცდები. რთულია, მაგრამ შეუძლებელი არ არის ემოციური სტაბილურობის მიღწევა. მთავარია გვახსოვდეს, რომ ყველასთვის ერთი უნიკალური რეცეპტი არ არსებობს და ჩვენ თვითონ უნდა ვცადოთ მოვირგოთ ის. ემოციის რეგულაციაზე ზრუნვა დაიწყეთ ყველაზე მარტივით – ძილი. ეცადეთ საკმარისად გეძინოთ. დაიძინეთ და დაისვენეთ მაშინ, როდესაც თქვენს პატარას სძინავს. კვება – ეცადეთ იკვებოთ ჯანსაღად და ბალანსირებულად. ჯანსაღი კვება ყოველთვის დადებითი ზეგავლენის მომტანია ჩვენი ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობისთვის. გამოყავით დრო საკუთარი თავისთვის, ნუ ეცდებით, რომ იყოთ სუპერ დედა ყველაფერი მოასწროთ და წამითაც არ დაისვენოთ. პირიქით, გადადეთ საქმეები, ჩამოწერეთ ერთგვარი სია, რისი გაკეთებაც აუცილებელია და ეტაპობრივად გააკეთეთ. ნუ გაკიცხავთ საკუთარ თავს შეცდომების გამო. მოიძიეთ ბევრი ინფორმაცია და გაეცანით რჩევებს, რომელიც დაგეხმარებათ უფრო წარმატებით გაართვათ თავი მშობლობას. ნუ დაისტრესავთ თავს, თუ გაიძულებენ ისეთი აქტივობები განახორციელოთ, რასაც არ ეთანხმებით შვილთან მიმართებით. ხაზგასმით და არგუმენტირებულად გამოხატეთ თქვენი, როგორც მშობლის პოზიცია და ყოველთვის აღნიშნეთ, რა მოგწონთ და რა არა. ხშირად შეაქეთ საკუთარი თავი. ასევე მნიშვნელოვანია პარტნიორის მხარდაჭერა. ეცადეთ, რომ პარტნიორი თანაბრად იყოს ჩართული ბავშის აღზრდის პროცესში. შეგიძლიათ სთხოვოთ და აუხსნათ მას რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის მისი თანადგომა.

საკუთარ თავზე ზრუნვა ხშირად  სრულიად ამოვარდნილია დედების დღის წესრიგიდან. რა გავლენას ახდენს ეს დედებზე და ზოგადად ოჯახის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე თუ აისახება?

გულწრფელი რომ ვიყო, ძალიან მინდა ყველა ქალმა და განსაკუთრებით ყველა დედამ იზრუნოს საკუთარ თავზე. სამწუხაროდ, მშობლობის, ორსულობის მიღმა, ხშირად გვავიწყდება ქალი, როგორც პიროვნება. ხშირ შემთხვევაში ყურადღება და მოლოდინი გადატანილია ბავშვზე, ამ დროს დედა 9 თვის მანძილზე და შემდგომ მშობლობის პროცესში უამრავ ახალ ემოციას, ფსიქოლოგიურ პრობლემას თუ ფიზიკურ სირთულეს აწყდება. დედებისთვის უცხო არ არის დეპრესია, შფოთვა, უძილო ღამეები, სტრესი. გახსოვდეთ, რომ თქვენ მარტო არ ხართ. ადაპტაციისთვის საჭიროა დრო. ნახავთ, რომ სირთულეებს დაძლევთ და ბევრი რამ ჩვევაში ისე გაგიჯდებათ, თქვენც შესაძლოა გაოცდეთ.

მნიშვნელოვანია, დედებმა იზრუნონ საკუთარ თავზე. ნუ დავივიწყებთ საკუთარ მე-ს, სურვილებს. დედობა არ ნიშნავს, რომ დაკარგოთ საკუთარი მე-ს განცდა. ეს თქვენს შვილს არ სჭირდება და მას სიკეთეს ვერ მოუტანს. ხშირად დედებს დანაშაულის გრძნობაც კი უჩნდებათ, როდესაც დროს უთმობენ საკუთარ თავს, ფიქრობენ რომ ამ დროს შვილს აკლებენ. დედებმა უნდა გაანალიზონ, რომ საკუთარ თავზე ზრუნვა დანაშაული კი არა – აუცილებლობაა. რამდენიმე ბენეფიტი მოვიყვანოთ მაგალითად, მას შემდეგ რაც დაიწყებთ საკუთარ თავზე ზრუნვას, ხდებით უფრო პოზიტიურები, უფრო მეტი ენერგია გაქვთ, უფრო სასიამოვნოა თქვენთან ურთიერთობა სხვებისთვის. თქვენ ხართ როლური მოდელი თქვენი შვილისთვის. ის თქვენ გიყურებთ და თქვენგან იღებს მაგალითს, თქვენი წყალობით ეცნობა სამყაროს. შესაბამისად, თქვენც და ისიც იმსახურებთ, რომ ეს პროცესი იყოს ჰარმონიული. როდესაც ვსაუბრობთ თვითზრუნვაზე, არ დაგვავიწყდეს რომ იგულისხმება ზრუნვა საკუთარ ფიზიკურ, მენტალურ, ინტელექტუალურ, სოციალურ კარგად ყოფნაზე. საკუთარ თავზე ზრუნვით თქვენ აგრეთვე ზრუნავთ ოჯახის ყველა წევრზე. დააკვირდით საკუთარ თავს, ემოციებს, გაიხსენეთ, ჩამოწერეთ რა გიყვართ და  რა გსიამოვნებთ. ყოველთვის გამონახეთ რამდენიმე წუთი იმ აქტივობის შესასრულებლად, რაც სიამოვნებას განიჭებთ, იქნება ეს წიგნის კითხვა, სეირნობა თუ მეგობრებთან შეხვედრა. მეტი დრო გაატარეთ პარტნიორთან ერთად. ხშირად მოუწყვეთ თავს დასვენების წუთები. როდესაც დაიწყებთ საკუთარ თავზე ზრუნვას, ნახავთ რომ ირგვლივ ყველაფერი დალაგდება. თქვენ უფრო მარტივად მოახერხებთ დროის მენეჯმენტს, გექნებათ მშვიდი განწყობა და მეტი ენერგია.

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5