ლაქტაციის მრჩევლის შორენა ლაღაძის ბლოგი
მითი ცხიმიანი და უცხიმო დედის რძის შესახებ ისეთივე ძველია, როგორიც ყველა სხვა. მაგრამ ამ მითს, წლიდან წლამდე რომ ასობით ბავშვს ტოვებს დედის რძის გარეშე, აუცილებლად ეკუთვნის ცალკე, ვრცელი მიმოხილვა.
არავის ახსოვს, საიდან, როდის და რატომ დააბრალეს დედის რძეს ზედმეტად ცხიმიანობა ან უცხიმობა. არც მედიცინას აქვს ამაზე პასუხი. ერთადერთი, რაც დედის რძის საუკუნოვანი კვლევით დასტურდება, არის ის, რომ ყველა ქალის რძე ზუსტად იმ დოზით არის ცხიმიანი, როგორც საჭიროა კონკრეტული ბავშვისათვის. არც მეტი, არც ნაკლები.
ცხიმიანი და უცხიმო რძის მითი, სავარაუდოდ სათავეს ჩვენი წინაპრების მიერ შინაურ ცხოველებზე დაკვირვებისაგან იღებს სათავეს. მაგალითად, ძროხებს ნამდვილად აქვთ ძალიან ცხიმიანი ან ნაკლებად ცხიმიანი რძე და ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რას ჭამს ცხოველი.
ადამიანი კი პრიმატია და ცხოველთა უმაღლეს კლასს მიეკუთვნება, მაგრამ ქალებსა და ძროხებში ძუძუთი კვების პროცესი ასი პროცენტით განსხვავდება.
ჩვენს წინაპრებს, ასევე არ ჰქონდათ ცოდნა იმის შესახებ, რომ ახალშობილი დაბადების მერე აქტიურად ვითარდება, შეიცნობს სამყაროს, ამის გამო მას შეიძლება ხშირად ჰქონდეს კოლიკის შეტევები (არ აგერიოთ, კოლიკა არ არის გაზები). რაკი კოლიკას სახელს ვერ არქმევდნენ, ჩვენმა ბებოებმა გადაწყვიტეს, რომ ბავშვის ყველა ჭირვეული ტირილი საღამოს საათებში რძის უკმარისობის ან ცხიმიანობის/უცხიმობის ბრალი იყო.
ასევე, მათ არ იცოდნენ რომ არსებობს ე.წ. ოვერსტიმულაცია (ამ სიტყვას ზუსტი ქართული შესატყვისი არ აქვს, მაგრამ ქართული სიტყვებიდან ალბათ ყველაზე მეტად ემოციური გადაწვა მოუხდება). ამ დროს ბავშვის ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი ნერვული სისტემა ვერ უმკლავდება მიღებულ შთაბეჭდილებებს, ვერ არქმევს სახელებს ემოციებსა და მოვლენებს და გამოხატავს ისე, როგორც შეუძლია – უწყვეტი ტირილითა და ხშირი წოვით.
ძუძუს ხშირად მოთხოვნის მიზეზი შეიძლება გახდეს ზრდისა და განვითარების დღეებიც. ბავშვები ხომ ყოველდღე სწავლობენ რაღაც ახალს. მაგრამ არის ეტაპები, როცა ისინი მნიშვნელოვან უნარს იძენენ – ეს შეიძლება იყოს ხმამაღალი სიცილი, ხოხვა, ხელში სათამაშოს ჭერა, საკუთარი ენის პოვნა პირში და ასე, უსასრულოდ. ამ დღეებში ბავშვები ბევრს ტირიან და ხშირად წოვენ ძუძუს. ამ მოვლენას ინგლისურად growth spurts ეწოდება და თან ახლავს მოვლენა სახელწოდებით cluster feeding (მჭიდრო კვება). ამ დროს ბავშვი ძუძუს საათობით წოვს, რათა საკუთარი ემოციები გადახარშოს. ამ დროს შეიძლება გქონდეთ არგუმენტი, რომ თქვენი შვილი ემოციური არაა, რადგანაც არ ტირის. მინდა გითხრათ, რომ ემოციები და ტირილი თან კავშირშია, თან არა. როგორ გამოხატავს ბავშვი ემოციას – ტირილითა თუ ძუძუს წოვით, ეს მის ხასიათზე, ტემპერამენტზეა დამოკიდებული.
ცხიმიანი და უცხიმო რძის მომხრეებს კიდევ ერთი მყარი არგუმენტი აქვთ – ბავშვის წონა. სინამდვილეში ის, თუ რამდენს მოიმატებს ბავშვი წონაში თვიურად (ბავშვები უნდა აწონოთ მხოლოდ თვეში ერთხელ, შიშველი, პედიატრიულ სასწორზე), დამოკიდებულია იმაზე, ცლის თუ არა ერთ ძუძუს მაინც ბოლომდე, ერთი ჭამის დროს, სწორად ეჭიდება თუ არა ძუძუს (ბავშვს წოვის დროს ძუძუსთავის ირგვლივ არსებული ყავისფერი სივრცე უნდა ედოს პირში, ხოლო ტუჩები თევზივით უნდა ჰქონდეს ამობრუნებული), ასევე მნიშვნელოვანია, არ მივცეთ მატყუარა 4 კვირამდე, არ მივცეთ წყალი ან ჩაი 6 თვემდე – ზედმეტმა სითხემ შეიძლება წონის ღრმა დანაკლისამდე ან თირკმელების დაზიანებამდე მიგვიყვანოს. აგრეთვე, მნიშვნელოვანია, შევამოწმოთ, აქვს თუ არა ბავშვს ტუჩსა და ენის ლაგამი.
კიდევ ძალიან ბევრი შეიძლება ვისაუბრო იმის შესახებ, თუ რატომ წოვენ ბავშვები ძუძუს ხშირად, მაგრამ გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმისო და სჯობს, აქვე შევჩერდე.
მხოლოდ რამდენიმე პუნქტს ჩამოგითვლით, რატომ შეიძლება ტიროდეს თქვენი ახალშობილი და ითხოვდეს ძუძუს
დედა მისთვის ერთადერთი ნაცნობი ადამიანია დედამიწაზე გაჩენის შემდეგ. ბავშვები არ იცნობენ ნათესაურ კავშირებს. შესაბამისად, ლოგიკურია, სულ დედასთან უნდოდეს.
პატარები, მინიმუმ წლამდე ვერ ლაპარაკობენ, ამიტომ ტირილი და ძუძუს ჭამა მათთვის დედასთან ერთგვარი საუბარია.
პატარებს სიმშვიდის მოპოვება ხანდახან დამოუკიდებლად, ძუძუსა და დედის გარეშე შეუძლიათ. ასე რომ არც იმაზე იღელვოთ თუ საათობით არ ჭამს.
და ბოლოს – მე არ ვარ იმ კატეგორიიდან, ვინც ხელოვნურ კვებას კატასტროფად თვლის. მთავარია, დედას გაცნობიერებული ჰქონდეს საკუთარი სუპერძალის – დედის რძის სიკეთეები, ისიც იცოდეს, რომ დედის რძე იდეალური, უნაკლო საკვებისა ბავშვისათვის და სწორედ ამის ფონზე მიიღოს გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ რა საკვებს არჩევს საკუთარი ბავშვისათვის. ქარხნულად, სტერილურად, დიდი კვლევებითა და რუდუნებით დამზადებულ ფორმულას, რომლის დახვეწაზეც, სხვათაშორის მუშაობა არ წყდება. თუ იმას, რითაც ბუნებამ ათასწლეულების მანძილზე მილიონობით ბავშვი გამოზარდა – დედის რძეს.
სავალალოა, ქართული სტატისტიკაც – 2018 წელს ჩვენს ქვეყანაში ჩატარებული მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის მონაცემებით 0-5 თვის ასაკის ჩვილების მხოლოდ 20% იკვებება დედის რძით სხვა საკვების ან სითხის დამატების გარეშე. ეს ძირითადად იმის გამო ხდება, რომ დედების უმეტესობას არ აქვს სამედიცინო წყაროებზე, ოფიციალურ კვლევებზე წვდომა და ათასი მითითა თუ რჩევით არიან გარშემორტყმულნი. მაგალითისათვის, თუ გამოვითვლით, წლიურად დაბადებულ ბავშვთა სტატისტიკას, გამოვა რომ ბუნებრივ კვებაზე 2018 წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ 10 227 ბავშვი იყო, რაც სამწუხაროდ ძალიან ცოტაა.