COVID-19-ის “დელტა” ვარიანტი პირველად ინდოეთში გამოვლინდა და ამ დროისათვის მსოფლიოს 74 ქვეყანაშია გავრცელებული. ამჟამად, ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევების 90%-ს სწორედ ეს შტამი წარმოადგენს.
საქართველოში კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამის 18 შემთხვევაა დადასტურებული. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე ვარაუდობს, რომ სხვა ევროპული ქვეყნების მსგავსად საქართველოშიც მოიმატებს “დელტა” ვარიანტით ინფიცირების შემთხვევები.
COVID-19-ის კლასიკური სიმპტომების (ხველა, სიცხე, გემოსა და ყნოსვის დაკარგვა) ნაცვლად “დელტა” ვარიანტისთვის უფრო დამახასიათებელია თავის ტკივილი, სურდო და ყელის ტკივილი. ტემპერატურის მომატება ამ შტამშიც ხშირად გვხვდება, თუმცა ყნოსვის დაკარგვა იშვიათია. ის უფრო ჩვეულებრივ გაციებას ჰგავს, განსაკუთრებით ახალგაზრდებმა შეიძლება არ იგრძნონ თავი ძალიან ცუდად, არ მიაქციონ ყურადღება დაავადების ნიშნებს და რისკის ქვეშ დააყენონ სხვების ჯანმრთელობა და სიცოცხლე. ამიტომ მნიშვნელოვანია ტესტის გაკეთება, თუ აღგენიშნებათ თუნდაც მსუბუქი გაციების სიმპტომები.
კვლევამ აჩვენა, რომ ერთი დოზის მიღების შემდეგ, “ასტრაზენეკას” ვაქცინა 71 %-ით, ხოლო “ფაიზერის” ვაქცინა 94 %-ით ეფექტიანია ჰოსპიტალიზაციის დაცვის მხრივ “დელტა” ვარიანტის მიმართ.
ორი დოზის შემდეგ, “ასტრაზენეკა” ეფექტიანია 92%-თ, ხოლო “ფაიზერი” 96%-ით.
წყარო: www.bbc.com, www.ctvnews.ca