Skip to content Skip to sidebar Skip to footer

როგორ მოქმედებს კორონავირუსის “დელტა” ვარიანტი ბავშვებზე და როგორ გავუფრთხილდეთ მათ ჯანმრთელობას, მაშინ როდესაც,  ვირუსით დაინფიცირების მაჩვენებელი დღითიდღე მატულობს. “დედამიცის”-ს კითხვებს პასუხობს ცნობილი იმუნოლოგი და პედიატრი ბიძინა კულუმბეგოვი.

ბატონო ბიძინა, არის  მოლოდინი, რომ “დელტა” შტამი აგვისტოში უკვე დომინანტი გახდება ჩვენს ქვეყანაში. რამ გამოიწვია ამ შტამის გავრცელება და რას უქადის ის ბავშვებს?

რადგანაც, მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში მოსახლეობის ხანდაზმულების და მოზრდილების  უდიდესი ნაწილი აცრილია, “დელტა” ვარიანტი გადანაცვლდა  ბავშვებში. ამას ხატოვნად ეძახიან “არავაქცინირებულების პანდემიას”. ამ შემთხვევაში ძირითადი დაავადებები, ჰოსპიტალიზაციები და სიკვდილობა აქვს არავაქცინირებულ ნაწილს, რადგანაც ვირუსმა “ნახა”, რომ ვაქცინირებულებში ისე ვერ ვრცელდება და ვერ აზიანებს, ამიტომ ბუნებრივად გადანაცვლდა  იმ ნაწილში, რომელიც აუცრელია.

ბავშვებში “დელტა” შტამით დაინფიცირებასთან დაკავშირებით განგაში და ღელვა შეიმჩნევა საზოგადოებაში. რეალურად როგორ იტანენ ბავშვები ამ შტამით დაინფიცირებას?

რაიმე განსაკუთრებული მტკიცებულება, რომ ბავშვები მძიმედ იტანენ, ან მძიმედ ავადმყოფობენ ან იღუპებიან, არ არის და საქართველოში რაც ხდება, “დელტა”  ვარიანტის  ბავშვებთან მიმართებაში, არის არასწორად ინტერპრეტირებული. კიდევ ერთხელ განვმარტავ,  რადგანაც უცხოეთში, ევროპის ქვეყნებში, ამერიკაში  მოზრდილი მოსახლეობის დიდი ნაწილი აცრილია, არავაქცინირებულ ნაწილში, ანუ ბავშვებში მოიმატა შემთხვევებმა, მაგრამ  ეს არ ნიშნავს, რომ ეს “დელტა” შტამის დამსახურებაა.

თუ ბავშვს აქვს სიცხე და სხვა სიმპტომები, როგორ ვიქცევით?

როგორც კი ბავშვს აუწევს სიცხე, ვრეკავთ პედიატრთან ან 112-ში, მაგრამ მინდა მშობლები დავამშვიდო, რომ რაიმე განსაკუთრებული, მულტისისტემითი სინდრომი დაფიქსირებულიყო “დელტა” შტამის გადატანის შემდეგ ბავშვებში, მსგავსი მტკიცებულება არ არსებობს. ის პანიკა, რაც ახლა ხდება, ვფიქრობ,  უსაფუძვლოა, რადგან წლამდე ასაკის ბავშვები, განსაკუთრებით თუ ამ ბავშვებს რაიმე ქრონიკული დაავადება აქვთ, გულის მანკი ან ნევროლოგიური დაავადებები, მოწყვლადები არიან ვირუსებისადმი, “დელტა” შტამია, “ალფა” შტამია, თუ “გამა” შტამი. წლამდე ასაკის ბავშვები ყველა შტამის მიმართ, ცალსახად უნდა ითქვას, რომ რისკის ჯგუფია. “დელტა” შტამი, რაიმე სიმძიმეს გვკარნახობდეს, მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ ხდება და ჩვენი ქვეყანაც გამონაკლისი ვერ იქნება.

ზაფხულია, არდადეგები, მიმოსვლის და სოციალიზაციის პერიოდი, განსაკუთრებით შეზღუდვების მოხსნის შემდეგ. ამის გათვალისწინებით, რა იქნება თქვენი რეკომენდაცია, როგორ უნდა დავიცვათ ბავშვები დაინფიცირებისგან?

მშობლებთან ერთადერთი რეკომენდაცია მექნება, რადგანაც ჩვენს ქვეყანაში 12 წლამდე და 16 წლამდეც ვაქცინაცია ვერცერთ ბავშვს ვერ გაუკეთდება, რაც უფრო მოიმატებს მოზრდილ მოსახლეობაში ვაქცინაციის რაოდენობა, არავაქცინირებულებში გადაინაცვლებს ვირუსი, ამიტომ ამისგან დაცვის ერთადერთი საშუალება არის, მშობლებმა სახლში არ გაავრცელონ ვირუსი, თვითონ აიცრან და ამით დაეხმარონ საკუთარ თავს და საკუთარ შვილებს.  ასევე მნიშვნელოვანია, მეორეს მხრივ მასობრივი თავყრილობისგან და გაუთვალისწინებელ ადგილებში სიარულისგან თავის შეკავება, იქნება ეს ღია თუ დახურულ კვების ობიექტებში ბავშვების ტარება. მშობლებმა არ უნდა წაიყვანონ ბავშვები ისეთ ადგილებში,   სადაც ვერ შეძლებენ  ბავშვის გაკონტროლებას, ჰიგიენას, ხელის სისუფთავის დაცვას, კარგი იქნება,  მოვერიდოთ ასეთ ადგილებს. სასურველია, ეს ზაფხული გავატაროთ  უფრო ოჯახურ გარემოცვაში და ნაკლები ურთიერთობებით. ეს არის ერთადერთი რეკომენდაცია ჩემგან.  რა თქმა უნდა, ტემპერატურის ან სხვა ნიშნების დაფიქსირების შემთხვევაში, პედიატრთან კომუნიკაციით და დროული რეაგირების შემთხვევაში გართულებებიც არ იარსებებს, ამაზე არ იღელვონ.

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5