Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ორსულობა შეიძლება იყოს სიხარულისა და სტრესის დრო. კვლევის თანახმად, ორსულთა დაახლოებით 7% განიცდის დეპრესიას ორსულობის დროს. დაბალი და საშუალო შემოსავლის ქვეყნებში კი შეიძლება ეს რიცხვი უფრო მაღალი იყოს.

დეპრესია გუნება-განწყობის აშლილობაა, რომელიც იწვევს მწუხარების მუდმივ განცდას და ინტერესის დაკარგვას. ქალებში ეს მდგომარეობა ორჯერ უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე მამაკაცებში.

რატომ ვერ ამჩნევენ დეპრესიას ორსულობისას?

დეპრესიის ზოგიერთი სიმპტომი, მაგალითად ძილის სურვილი, ენერგიის ნაკლებობა, მადის და ლიბიდოს ცვლილებები, ორსულობის სიმპტომების მსგავსია. ამიტომ, შესაძლებელია თქვენ ან თქვენმა ექიმმა ეს ნიშნები ორსულობას უფრო მიაწეროთ, ვიდრე დეპრესიას.

ასევე, ბევრი ქალი ყოყმანობს, უთხრას თუ არა ექიმს გუნება-განწყობილების ცვლილებების შესახებ, დეპრესიასთან დაკავშირებული სტიგმის გამო. თან გავრცელებული მცდარი აზრის თანახმად, ორსული უფრო ფიზიკურ ჯანმრთელობაზე უნდა ზრუნავდეს, ვიდრე ფსიქიკურზე.

ორსულობის დროს დეპრესიის რისკ-ფაქტორები

  • შფოთვა;
  • ცხოვრებისეული სტრესი;
  • დეპრესიის ისტორია;
  • არასათანადო სოციალური მხარდაჭერა;
  • დაუგეგმავი ორსულობა;
  • ძალადობა ინტიმური პარტნიორის მხრიდან.

ორსულობის დროს დეპრესიის ნიშნები და სიმპტომები

ორსულობის დროს დეპრესიის ნიშნები და სიმპტომები იგივეა, რაც დეპრესიის დროს გვხვდება ზოგადად მოსახლეობაში. ამასთან, დამატებითი ნიშნებია:

  • ნაყოფის მიმართ გადაჭარბებული შფოთვა;
  • დაბალი თვითშეფასება, საკუთარი თავის, როგორც მშობლის, არაადეკვატურად აღქმა;
  • ჩვეულებრივ სასიამოვნო საქმიანობებიდან სიამოვნების  ვერ მიღება;
  • არასათანადო რეაქცია არგუმენტებზე;
  • არასათანადო პრენატალური დაცვა;
  • მოწევა, ალკოჰოლის მიღება ან ნარკოტიკების გამოყენება;
  • წონის ცუდად მომატება შემცირებული ან არაადეკვატური დიეტის გამო;
  • ფიქრები თვითმკვლელობაზე.

ზოგიერთი კვლევის თანახმად, დეპრესიული ეპიზოდები უფრო ხშირად ხდება პირველი და მესამე ტრიმესტრის განმავლობაში.

რატომ არის მნიშვნელოვანი დეპრესიის მკურნალობა ორსულობის დროს?

თუ თქვენ არ მკურნალობთ დეპრესიას, შესაძლოა არ გქონდეთ ენერგია  საკუთარი თავის მოვლისთვის, ორსულთა რეკომენდაციების მიყოლისთვის და კარგად კვებისთვის, რაც ასე საჭიროა თქვენს საშვილოსნოში მზარდი ნაყოფისთვის.  ასევე, ეს ზრდის მშობიარობის შემდგომი დეპრესიის რისკს.  

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნუ დაელოდებით სიტუაციის გამწვავებას და დეპრესიის პირველივე ნიშნებისთანავე მიმართეთ ექიმს. თქვენი დეპრესიის სიმძიმიდან გამომდინარე, მკურნალობის ვარიანტები ფსიქოთერაპიასთან ერთად შეიძლება მოიცავდეს ანტიდეპრესანტებს.

წყარო: www.mayoclinic.com

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5