“დედამიცისს” ესაუბრება ფსიქოლოგი ანა ცირიკიძე.
რა ასაკიდან შეიძლება ბავშვებში განვითარდეს დეპრესია და რა შეიძლება გახდეს ამის მიზეზი?
დეპრესიამ ბავშვებში განვითარება შეიძლება დაიწყოს ჩვილობაშივე, დაახლოებით 3-4 თვის ასაკში. მისი ნიშნებია ინტერესის დაკარგვა, აპათია, მადისა და ძილის დარღვევები, ვეგეტატიური პრობლემები.
ჩვილისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მშობლებთან სიახლოვე, მზრუნველობა მათი მხრიდან და ბაზისური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. შესაბამისად, როდესაც ჩვილს აკლია მშობლებისგან სითბო, ყურადღება, ვერ უკმაყოფილდება კვებითი თუ ჰიგიენური მოთხოვნილებები, შეიძლება წარმოიშვას დეპრესია. მნიშვნელოვანია, ხაზი გაესვას დედის მდგომარეობასაც, მოგეხსენებათ ორსულობა და მშობიარობა საკმაოდ სტრესულია დედის ორგანიზმისთვის, მისი ემოციური მდგომარეობისთვის და ხშირია მშობიარობის შემდგომი დეპრესია, რომელიც ხასიათდება გუნება-განწყობილების დაქვეითებით, გაღიზიანებადობით, შფოთვით, აპათიით… შესაბამისად, დედისთვის ძალიან რთულია ბავშვს მისცეს ყველაფერი ის, რაც მას სჭირდება, რადგან ფიზიკურად არ აქვს ამის რესურსი… ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია დედის ხელშეწყობა მეუღლის მხრიდან, ოჯახის მხრიდან. ძალიან მაღალია რისკი, რომ დეპრესიულ დედას ჰყავდეს დეპრესიული შვილი, ამიტომ ხშირად ვამბობ,რომ როცა დედა ზრუნავს საკუთარ თავზე (ჯანმრთელობის მხრივ, ჰიგიენის მხრივ, მატერიალური კუთხით და ა.შ.) იგი არ უნდა განიცდიდეს დანაშაულის შეგრძნებას, თითქოს ამით რამეს აკლებდეს თავის შვილებს ( ნუ, რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ საკუთარ თავზე ზრუნვის უკიდურეს ფორმას ), პირიქით, ბედნიერი დედა ბედნიერი ოჯახის გარანტიაა ხშირ შემთხვევაში.
სკოლის ასაკის ბავშვებში რა ნიშნებით ვლინდება დეპრესია?
ბავშვის ასაკის მატებასთან ერთად იზრდება დეპრესიის გამომხატველი ნიშნებიც. გარდა იმისა, რომ ნარჩუნდება ბაზისური ნიშნები, როგორიცაა აპათია, გუნება-განწყობილების დაქვეითება, ანჰედონია, სასკოლო ასაკის ბავშვებში დეპრესია შეიძლება ვლინდებოდეს აგრესიით, გაღიზიანებადობით, ურჩობით, ჩაკეტილობით, ასოციალურობით… ხშირად, ჩემთან მომართვის დროს ჩივილია ქცევის დარღვევა, თერაპიების შედეგად კი მივდივართ სულ სხვა პრობლემასთან, უფრო სერიოზულთან და მძიმესთან, როგორიცაა დეპრესია.
მოზარდობის ხანაში დეპრესია ყველაზე გავრცელებული პრობლემაა. მოზარდი იკეტება თავის სამყაროში, წყვეტს კომუნიკაციას ოჯახთან, კარგავს მოტივაციას, აქვს დაბალი თვითშეფასება, გაღიზიანებულია… ეს თითქოს ერთგვარი ბუნებრივი პროცესიცაა, გზა, რომელიც მოზარდმა უნდა გაიაროს. ამასთან ხისტი შეწინააღმდეგება არც ღირს, თუმცა აუცილებლად ყურადღებამისაქცევია.
რა იქნება თქვენი რეკომენდაცია მშობლებისთვის?
ყველაზე ეფექტურია პოზიტიური აღზრდა, რაც გულისხმობს შემდეგს: მე, მშობელი, ნაცვლად იმისა, რომ აქცენტს ვაკეთებდე იმაზე, რაც არ უნდა გააკეთოს ბავშვმა, ხაზს ვუსვამ იმას, რასაც მისგან ველოდები, რასაც ვისურვებდი. მაგ : „ნუ ხარ ჯიუტი და თავნება”, „ნუ გაქვს ოთახი სულ არეული”, “ღორივით ცხოვრობ”, „ნუ მარცხვენ” და ა.შ., უფრო ეფექტურია: „ჩემო საყვარელო, მოდი დავილაპარაკოთ, ავწონ-დავწონოთ ყველაფერი და უფრო ადვილად მივალთ ეფექტურ გადაწყვეტილებამდე”, „გთხოვ, ცოტა მიალაგე შენი ოთახი, რათა შენს მეგობრებს მოეწონოთ სადაც და როგორც ცხოვრობ.“ „შენ რომ ასე მოიქეცი, მე თავი უხერხულად ვიგრძენი”.
გაატარეთ შვილებთან მეტი დრო. მესმის, რომ ყველანი დაკავებულები ვართ, ხანდახან გვიანობამდეც ვმუშაობთ, მაგრამ დაძინებამდე თუნდაც 10 წუთი შვილთან თამაში, მისთვის წიგნის წაკითხვა, მასთან საუბარი იმ დღის ამბებზე, შეუძლებელი არაა ჩვენთვის, მათთვის კი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ბავშვები უნდა გრძნობდნენ, რომ ჩვენ, მშობლებს, ისინი გვაინტერესებს, გვადარდებს მათი ამბები, გვსიამოვნებს მათთან დროის გატარება.
არ გაკიცხოთ და განსაჯოთ შვილები. რა თქმა უნდა, რჩევები უნდა მივცეთ, მაგრამ ასევე, უნდა მივცეთ შეცდომების დაშვების უფლებაც. სწორედ ამით ვითარდება ადამიანი. მიეცით შანსი, თავად მიიღოს გადაწყვეტილებები, აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ ცხოვრებაზე. მთავარია, იცოდეს და გრძნობდეს, რომ თქვენ მუდამ მის გვერდით ხართ, რომ უანგაროდ გიყვართ… „მიყვარხარ, იმიტომ რომ კარგი ხარ…“ – ეს სიყვარული არაა.
ხშირად გაერთეთ შვილებთან ერთად – ითამაშეთ, იცეკვეთ, უყურეთ ფილმებსა თუ ანიმაციებს, გაისეირნეთ. და რაც მთავარია, ხშირად იცინეთ ერთად და ჩაეხუტეთ ერთმანეთს.