Skip to content Skip to sidebar Skip to footer

პლატფორმას “დედამ იცის” ესაუბრება ფსიქოლოგი თინათინ ქარელი.

რა უნდა ვიცოდეთ დეპრესიის შესახებ და კერძოდ, ბავშვობისა და მოზარდობის ასაკისთვის დამახასიათებელ სიმპტომებზე?

სანამ უშუალოდ ბავშვობისა და მოზარდობის ასაკისთვის დამახასიათებელი დეპრესიის სიმპტომებზე ვისაუბრებთ, მნიშვნელოვანია, სწორ ინფორმაციას ვფლობდეთ ზოგადად დეპრესიის შესახებ და ვასხვავებდეთ მას  სევდისა და მოწყენილობისგან.

დეპრესია საკმაოდ ფართოდ გავრცელებული ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემაა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის 2020 წლის მონაცემებით სხვადასხვა ასაკის 264 მილიონზე მეტ ადამიანს  აღენიშნება. დეპრესიისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ნეგატიურ გავლენას ახდენს ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროზე – ჩვენს აზრებზე, განცდებსა და ქცევებზე.  სევდისგან განსხვავებით, კლინიკური დეპრესია   ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში იმდენად იჭრება, რომ მკვეთრად მოქმედებს მის ფუნქციონირებაზე,  კრიტიკულ შემთხვევაში  კი შეიძლება სუიციდური აზრები ან ქმედებები გამოიწვიოს. არსებობს დეპრესიის ნაკლებად მწვავე ფორმებიც, დეპრესიის სიმწვავე განისაზღვრება სიმპტომების რაოდენობითა და ინტენსივობით, თუმცა მსუბუქი დეპრესიული  მდგომარეობაც კი  დისკომფორტის განცდასა და ცხოვრებით კმაყოფილების დაბალ დონესთან ასოცირდება.  როგორც ზრდასრულებში, ასევე მოზარდებსა და ბავშვებში, ძირითადად დეპრესიას ისეთი სიმპტომები ახასიათებს, როგორებიცაა დაქვეითებული გუნება-განწყობა, ინტერესებისა და  სიამოვნების მიღების უნარის დაქვეითება, შენელებული მოძრაობა,  კვებისა და ძილის სირთულეები,  ხშირად აღნიშნავენ  კონცენტრაციისა და გადაწყვეტილების მიღების უნარის დაქვეითებას, ასევე   მოტივაციისა და ენერგიის ნაკლებობას. არცთუ ისე იშვიათად, ვლინდება თვითკრიტიკულობა, ირაციონალური აზრები: „არაფერი გამომდის“,“არავის ვუყვარვარ“,“არაფრის ღირსი ვარ“ და ა.შ. როგორც უკვე ვთქვით,  შეიძლება გაჩნდეს სუიციდური აზრები: „სიცოცხლეს აზრი არ აქვს“, „ნეტავ მოვკვდე“, „ცხოვრება ტანჯვაა“ და სხვა… ასეთ დროს გარშემომყოფებისგან აუცილებელია ფრთხილი და დროული რეაგირება და სპეციალისტის (ფსიქოლოგის, ფსიქიატრის) ჩარევა.

ბავშვებსა და ზრდასრულებში განვითარებულ დეპრესიას შორის ბევრი მსგავსებაა, თუმცა განვითარებასთან დაკავშირებული თავისებურებების გამო, ბავშვობასა და მოზარდობაში  ზოგიერთი  სიმპტომი მეტად არის გამოხატული ან განსხვავებული ფორმით ვლინდება.

რა სიმპტომებს უნდა მიაქციოს მშობელმა ყურადღება?

მნიშვნელოვანია მშობელმა იცოდეს, რომ დეპრესიის სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს,  როგორც სასკოლო და მოზარდობის ასაკში, ასევე სკოლამდელ (2-5) ასაკშიც. ადრეულ ასაკში მეტად მოსალოდნელია სომატური (სხეულებრივი) სიმპტომების არსებობა, როგორიცაა მუცლის ან თავის ტკივილი, მონელების პრობლემები; ბავშვი შეიძლება ხშირად ტიროდეს და ვერ ასახელებდეს მოწყენილობის მიზეზს. რა თქმა უნდა, ცალსახად ვერ ვიტყვით, რომ ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების შემთხვევაში უშუალოდ დეპრესიასთან გვაქვს საქმე, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში საჭიროა სიმპტომების დაკვირვება. 

ზოგჯერ, მშობლები და მასწავლებლები ბავშვის ამგვარ ჩივილებს ყურადღების მიქცევის სურვილს ან სიზარმაცეს უკავშირებენ, ხშირია  დატუქსვა ან დამცინავი კომენტარები („ყურადღებას იქცევს, ნუ ელაპარაკები“, „ასე იცის ამან… დაანებე თავი და გადაუვლის“, „რა გატირებს გოგოსავით“, „ნეტა ამის სადარდებელი მომცა“ და   სხვა…). ახლო ადამიანებისგან მსგავსი შეფასების მოსმენა, შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს ბავშვისთვის – დეპრესიისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, დანაშაულისა და უღირსობის განცდა, აზრები, რომ არ იმსახურებს სიყვარულს, სუსტი და უსუსურია, რომ მიატოვებენ და აღარ ეყვარებათ, რომ არ არის საკმარისად კარგი,   კიდევ უფრო გამყარდება გარშემომყოფებისგან  ამგვარი უკუკავშირის მიღებისას. მნიშვნელოვანია მშობელმა ამგვარი ჩივილების წინმსწრები მოვლენები შეაფასოს, დააკვირდეს ბავშვის ზოგად მდგომარეობას, ცვლილებებს მის გარემოში (ბაღში, სკოლაში), მის სოციალურ ურთიერთობებსა და ყოველდღიურ აქტივობებს.

სასკოლო პერიოდში შეიძლება გამოვლინდეს აკადემიურ პასუხისმგებლობებთან დაკავშირებული შფოთვა, უიმედობის განცდა, სწავლის დაბალი მოტივაცია, სკოლაში სიარულის სურვილის არქონა გამოწვეული სხვადასხვა მიზეზით (თანატოლებთან საერთო ენის გამონახვის სირთულე, მასწავლებლების ნეგატიური უკუკავშირი,  ბულინგი და სხვა…).

რა პრობლემებია მოზარდობაში აქტუალური?

მოზარდობის ასაკში აქტუალური ხდება თვითშეფასების, საკუთარი გარეგნობის მიღებასა და თვითდამკვიდრებასთან დაკავშირებული საკითხები. ამ ასაკში მოზარდისთვის მეტად მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ აფასებენ მას თანატოლები, მათი უკუკავშირი გადამწყვეტ როლს თამაშობს თვითშეფასების ჩამოყალიბებაში.

მოზარდი თითქოს აღარ უსმენს მშობლებს, განმარტოებისკენ ისწრაფვის და ნაკლებად უზიარებს მათ შთაბეჭდილებებსა და განცდებს.

მოზარდობის ასაკში  მიმდინარე ცვლილებებს შეიძლება თან ახლდეს სიცარიელის, მოწყენილობის, სევდის განცდები, უიმედობა, სასოწარკვეთა, დაძაბულობა, გულგრილობა ან უმოქმედობითა და დანაშაულის გრძნობით გამოწვეული  შფოთვა. ზოგადად, მოზარდობის ასაკს ახასიათებს მშობლებისგან გამოყოფის მოთხოვნილება და დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა, ამგვარი ცვლილებები აუცილებლად დეპრესიაზე არ მიგვანიშნებს, თუმცა როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საჭიროებს ყურადღებასა და დაკვირვებას.

მოზარდობის ასაკში შეიძლება გაჩნდეს  ნივთიერებების ავადმოხმარების რისკიც (თამბაქო, ფსიქოაქტიური ნივთიერებები, ალკოჰოლი).   ხშირია ოჯახის წევრებთან კონფლიქტი, რომლითაც ერთი მხრივ, შეიძლება დეპრესიის შედეგად გამწვავდეს, მეორე მხრივ კი, დეპრესიის გამომწვევ ფაქტორად იქცეს. მწვავე დეპრესიისას ხშირია სუიციდური აზრები, გეგმები ან ქმედებები. მნიშვნელოვანია, მშობელი ფლობდეს ინფორმაციას იმ სიმპტომებისა და ქცევების შესახებ, რომლებიც შეიძლება სუიციდის რისკზე მიგვანიშნებდეს. ეს შეიძლება იყოს:

  • ნივთების გასხვისება,
  • მშობლებისა და მეგობრებისგან განცალკევება,
  • აგრესიული ან მტრული ქმედებების განხორციელება,
  • ხასიათის მკვეთრი ცვლილება (აქტიური მოზარდი ხდება პასიური და უენერგიო ან – პირიქით),
  • საუბარი სუიციდის შესახებ, სუიციდის შინაარსის მქონე ჩანაწერებისა და ნახატების შექმნა, სახლიდან გაქცევა, სარისკო ქცევები (მაგალითად, მშობლების მანქანის გატაცება, ჭარბი რაოდენობით ალკოჰოლის ან ფსიქოაქტიური ნივთიერებების მიღება…)

ნებისმიერი ზემოთ ჩამოთვლილის გამოვლინების შემთხვევაში, აუცილებელია მშობელმა დაუყოვნებლივ მიმართოს სპეციალისტს.

რა შეიძლება იყოს დეპრესიის გამომწვევი მიზეზი?

დეპრესია ბავშვებსა და მოზარდებში უამრავი ფაქტორის კომბინაციის შედეგი შეიძლება იყოს.

არსებობს  რისკ-ფაქტორები, რომლებიც ზრდის დეპრესიის განვითარების რისკს. ასეთია, სეროტონინის დისრეგულაცია, გენეტიკური პრედისპოზიცია – თუ რომელიმე ან ორივე  მშობელს აღენიშნება დეპრესიული აშლილობა. ასევე ბავშვის თავისებურებები, მაგალითად, დაბალი თვითშეფასება, თვითკრიტიკულობა, მიდრეკილება ყველაფრის მიზეზი საკუთარ  ქმედებებში ეძებოს, თავის დადანაშაულების ტენდენცია ან  ფატალისტური აზროვნება („ბედი არ მაქვს“, „ყველაფერი ბედისწერაზეა დამოკიდებული“, „უიღბლო ვარ“, „ვერაფერს შევცვლი, ყველაფერი განწირულია“ და ა.შ.). საგულისხმოა  სტრესული მოვლენები – მაგალითად საცხოვრებელი ადგილის ან სკოლის შეცვლა, ოჯახური გარემო –  კონფლიქტები ოჯახში,  მშობლების განქორწინება, რომელიმე ოჯახის წევრის გარდაცვალება,  განშორება.  ხშირად, ბავშვები და მოზარდები საკუთარ თავს ადანაშაულებენ  მშობლების განშორებაში და ამის გამო იტანჯებიან.

არათანმიმდევრული აღზრდის სტილი, დედისა და მამის განსხვავებული აღზრდის მეთოდები,  ფიზიკური  ან ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტები უშუალოდ ბავშვის მიმართ ან ოჯახის წევრებს შორის, ფიზიკური ჯანმრთელობა  (ცნობილია, რომ ქრონიკული ან მწვავე დაავადებების მქონე ბავშვებს უფრო ხშირად უვითარდებათ დეპრესიის სიმპტომები), ბულინგი, სოციალური იზოლაცია და სხვა…

როგორც ვხედავთ, დეპრესია შეიძლება დაკავშირებული იყოს როგორც გენეტიკურ, ისე  გარემო ფაქტორებთან ან მათ ერთობლიობასთან, გარდა ამისა, მიზეზები შეიძლება იმაზე მჭიდროდ იყოს ერთმანეთზე გადაჯაჭვული, ვიდრე წარმოგვიდგენია.

მრავალმა კვლევამ ცხადყო, რომ დეპრესიის მქონე ბავშვებს მშობლებთან ან მზრუნველ პირებთან ძირითადად კონფლიქტური ურთიერთობა აქვთ, არ უზიარებენ მათ თავიანთ ემოციებს, ამჯობინებენ განმარტოებას, ვერ იღებენ ან უარს ამბობენ მხარდაჭერაზე  და განიცდიან თვითრეგულაციასთან დაკავშირებულ სირთულეებს, გარდა ამისა, ის ფაქტი, რომ  არცთუ ისე იშვიათად  ხდებიან დაცინვისა და უსამართლო განსჯის ობიექტები გარშემომყოფთაგან, კიდევ უფრო ამყარებს მათ ნეგატიურ დამოკიდებულებას საკუთარი თავის მიმართ.

რა რეკომენდაციები არსებობს დეპრესიაში მყოფი ბავშვის დასახმარებლად?

პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ, რომ, როდესაც ვსაუბრობთ  ფსიქიკური ჯანმრთელობის, განსაკუთრებით კი ბავშვების და მოზარდების ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ, რთული და  საფრთხილოა შემთხვევათა განზოგადება და უნივერსალური რჩევების გაცემა. სიმპტომების  სიმრავლისა და მრავალგვარობის გამო, მნიშვნელოვანია, წინმსწრები მოვლენების  გაანალიზება, გარემო ფაქტორებზე დაკვირვება, ცვლილებების  მიზეზების ძიება და სხვა… ამგვარი მიდგომით მინიმუმამდე დაიყვანება შეცდომის დაშვების ალბათობა და რაც მთავარია, ბავშვს ზიანი არ ადგება  არასწორი დიაგნოზითა და ჩარევით. ის არა მხოლოდ საკუთარ სიტყვებსა და ქცევას, არამედ   ოჯახის სხვა წევრების დამოკიდებულებასაც უნდა დააკვირდეს ბავშვის მიმართ. მშობელს სიფხიზლე მართებს იმის გამოც, რომ ხშირად დეპრესიისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ცალსახად არ ჩანს ქცევაში. ის შეიძლება შეინიღბოს  ისე, რომ გარშემომყოფებისგან სიზარმაცედ, სიჯიუტედ, უპასუხისმგებლობის გამოვლინებად იყოს შეფასებული. მშობელმა უნდა ითანამშრომლოს ოჯახის სხვა წევრებთან და იმ ადამიანებთან, რომლებიც ბავშვს სხვა გარემოში ხედავენ (საბავშვო ბაღის, სკოლის მასწავლებლები…). მრავალი წყაროდან მიღებული ინფორმაცია სპეციალისტსაც ეხმარება, სწორად შეაფასოს ბავშვის მდგომარეობა.

რისი გაკეთება შეგვიძლია ბავშვების მხარდასაჭერად?

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5