არსებობს დისციპლინის რამდენიმე მეთოდი, რამაც შეიძლება გააუარესოს ბავშვის ქცევის პრობლემები.
1. ყვირილი
პლანეტაზე ალბათ არ არის ისეთი მშობელი, რომელსაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც არ აუწევია ხმა ბავშვისთვის. მაგრამ, მუდმივი ყვირილი ვერ დაგეხმარებათ, როცა საქმე ბავშვებს ეხება. რადგან ამის გამო ბავშვები ყურადღებას აღარ აქცევენ მშობლებს, ე. ი. ნაკლებად ითვალისწინებენ მათ მითითებებს.
ბავშვები ყვირილზე მგრძნობიარეები ხდებიან. თუ მათ რეგულარულად უყვირებთ, ისინი არ მოგისმენენ რისი თქმაც გინდათ, და სავარაუდოდ, გაიმეორებენ არასასურველ ქცევას.
2. წუწუნი
წუწუნი ასწავლის ბავშებს, რომ არ ევალებათ პასუხისმგებლიანად მოქცევა. როდესაც ბავშვებმა იციან, რომ მათ არ სჭირდებათ იმის დამახსოვრება, თუ რა უნდა გააკეთონ დღეს, იმიტომ რომ მშობელი გამუდმებით იწუწუნებს, ისინი თავს აღარ იწუხებენ უფრო პასუხისმგებლიანად მოსაქცევად.
წუწუნმა ასევე შეიძლება უბიძგოს ბავშვებს გაგცენ „მე ვიცი!“ პასუხი. ეს წაახალისებს ბავშვებს შეგპირდნენ ამის მოგვიანებით გაკეთებას ახლავე მოქმედების ნაცვლად. ჩაანაცვლეთ წუწუნი „თუ… მაშინ“ წინადადებით და თქვენ გექნებათ უკეთესი შედეგების მიღწევის საშუალება.
3. განმეორებადი მუქარა
თუ თქვენ გამუდმებით ემუქრებით ბავშვებს, მაგრამ არ ასრულებთ მუქარას, ისინი მალევე ხვდებიან, რომ თქვენ სერიოზული არ ხართ, როდესაც რაიმეს ამბობთ. მართლაც, რატომ უნდა მოგისმინოთ ბავშვმა, თუ იცის, რომ კვირის ბოლოს ბებიასთან მგზავრობას მაინც არ გააუქმებთ?
თქვენ ასევე არ უნდა დაემუქროთ ბავშვს პოლიციაში დარეკვით. ეს არ შთააგონებს ბავშვს კარგად ქცევისათვის.
მხოლოდ მაშინ გააცანით რაიმეს შეზღუდვა ან უარყოფითი შედეგი, როცა მზად ხართ მათ განსახორციელებლად. მუდმივი დისციპლინა საჭიროა, თუ გსურთ შეიცვალოს ბავშვის ქცევა.
4. ჭკუის სწავლება
არასოდეს მსმენია, ბავშვს დაენახოს შეცდომები თავის ქცევაში ხანგრძლივი ჭკუისსწავლების შემდეგ. სინამდვილეში, ამის შედეგად ბავშვები ყურადღებას აღარ აქცევენ მშობლებს. თქვენი მოსმენის ნაცვლად ბავშვი ალბათ იფიქრებს იმაზე, თუ როგორ ძალიან არ მოსწონს თქვენი მოსმენა, როდესაც ხანგრძლივ ლექციას უკითხავთ.
მოკლედ აუხსენით თქვენი შეშფოთება. განუმარტეთ მიზეზი, თუ რატომ გსურთ რომ მისი ქცევა შეიცვალოს და ჩამოაყალიბეთ თქვენი სამომავლო მოლოდინები. იმის გამუდმებით გამეორების ნაცვლად, რომ მან ცუდი არჩევანი გააკეთა, ასწავლეთ ბავშვს პრობლემების გადაწყვეტის უნარები და ჰკითხეთ რის გაკეთებას შეძლებდა სხვაგვარად სხვა ჯერზე.
5. შერცხვენა
სასჯელი, რომელიც ბავშვის შერცხვენას გულისხმობს, ვერ დაგეხმარებათ. მართალია, ბევრი სასოწარკვეთილი მშობელი ცდილობს ყველაფერი სინჯოს, როდესაც ბავშვს ვერ აკონტროლებს, შერცხვენას შეიძლება უარყოფითი შედეგი ჰქონდეს.
შემარცხვენელი სასჯელი გულისხმობს, მაგალითად ბავშვის გარეთ დგომის იძულებას წარწერით „მე ვიპარავ და ვფიქრობ, ეს სახალისოა“. ბავშვის დამცირებამ შეიძლება გააძლიეროს მისი გაბრაზება და გააუარესოს ქცევა. თუ არ იცით, როგორ მოიქცეთ ბავშვის ქცევის პრობლემებისას, დასახმარებლად მიმართეთ პროფესიონალს ბავშვის შერცხვენის ნაცვლად.
6. დაუკავშირებელი სანქციები
თუ ბავშვის მიმართ გამოყენებული სანქცია არ შეესაბამება მის ქცევას, ამან შეიძლება დაბნეულობა გამოიწვიოს. თუკი ბავშვი თავის ძმას დაარტყამს, მშობელი კი აიძულებს 100-ჯერ დაწეროს „მე აღარ დავარტყამ ჩემს ძმას“, ბავშვი ვერ ისწავლის პრობლემების მშვიდობიანად გადაჭრას. პირიქით, ეს წერას შეაძულებს მას.
ბავშვების სწავლების საუკეთესო გზა ლოგიკური სანქციებია. ეს ეხმარება ბავშვს დაიმახსოვროს, თუ რატომ მიიღო მსგავსი შედეგი და აფერხებს მომავალში ამ ქცევის განმეორებას.
7. სასტიკი სასჯელი
ბევრი მშობელი დამუქრებია ბავშვს გადაჭარბებული სასჯელით გაბრაზებისას, მაგ. „მთელი წლით ვერ გახვალ სახლიდან!“. თუმცა მთელი წლით თავისუფლების შეზღუდვა ვერ იქნება კარგი სასჯელი. თუკი ბავშვი დაკარგავს მთელ პრივილეგიებს, ან ერთს ძალიან ხანგრძლივად, ის დაკარგავს კარგად მოქცევის მოტივაციას.
ზოგჯერ ბავშვები უბრალოდ ნებდებიან, როდესაც გრძნობენ რომ მაინც ყველაფერს დაკარგავენ. მინახავს მშობლები, ვისაც ყველაფერი გაუტანიათ ბავშვის ოთახიდან საწოლის გარდა. მაგრამ ეს თითქმის ყოველთვის უკუშედეგს იწვევს, რადგანაც ბავშვები ხვდებიან, რომ მშობელი მეტს ვერაფერს ჩამოართმევს და ეს შეუძლებელს ხდის რაიმე შედეგის მიღწევას.
უარყოფითი შედეგები დროისადმი მგრძნობიარე უნდა იყოს. ბავშვებმა უნდა იცოდნენ, რა უნდა გააკეთონ დაკარგული პრივილეგიების დასაბრუნებლად.
8. დარტყმა
ბავშვისთვის დარტყმა აგრესიის მაგალითს აძლევს მას. თუკი „ხელებში ჩაარტყამთ“ ბავშვს იმიტომ, რომ ძმას დაარტყა, ის დაასკვნის, რომ დარტყმა შეიძლება, რაკი თქვენ ურტყამთ მას.
2010 წლის კვლევის თანახმად, ბავშვები, რომლებმაც განიცადეს ფიზიკური ძალადობა ბოლო თვის მანძილზე, უფრო მიდრეკილნი არიან აგრესიული ქცევისაკენ.
გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) და რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით, 2018-2019 წლებში საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ჩაატარა კვლევა, რომლის თანახმად ბავშვების 31%-ს გამოუცდია ფიზიკური დასჯა (მკაცრი და სხვა ტიპის). ბავშვების 5%-ს კი მკაცრი ფიზიკური დასჯა, როგორიცაა ხელის დარტყმა სახეზე, თავზე ან ყურებზე დარტყმა და ცემა მთელი ძალით, გამუდმებით.
დედების/მეურვეების 8% მიიჩნევს, რომ ფიზიკური დასჯა საჭიროა ბავშვის სწორად აღსაზრდელად. რაც 5-ჯერ აღემატება კაცის ანალოგიურ მაჩვენებელს. კვლევის მიხედვით, რაც უფრო განათლებულია რესპონდენტი, მით უფრო ნაკლებად უჭერს მხარს ბავშვის დასჯას.
შემდეგ სტატიაში შემოგთავაზებთ დისციპლინის მეთოდებს, რომლებიც ეფექტიანი და სასარგებლო იქნება მთელი ოჯახისთვის.
წყარო: www.verywellfamily.com
https://www.unicef.org/georgia/sites/unicef.org.georgia/files/2019-11/child_discipline_ge.pdf