Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ფსიქოლოგი ელენე ქორიძე “დედამიცის” ესაუბრება ბავშვის აღზრდის ძალადობრივი მეთოდების მავნე შედეგებზე. რა არის ძალადობა, როგორ აისახება ძალადობრივი აღზრდის კვალი ბავშვზე და მისი ცხოვრების ხარისხზე, წაიკითხავთ ინტერვიუში.

როგორი ტიპის გარემო მიიჩნევა ბავშვის ჰარმონიული განვითარებისთვის სასურველ გარემოდ?

ასტრიდ ლინდგრენი ხშირად იხსენებდა თავის ბავშვობისდროინდელ მოგონებებს. ერთ-ერთი ასეთი მოგონების გახსენებისას ის წერს: “ორი რამ იყო, რამაც ჩვენი ბავშვობა აქცია ისეთად როგორიც ის იყო – უსაფრთხოება და თავისუფლება. უსაფრთხოდ ვგრძნობდით თავს, რადგანაც ვიცოდით, რომ ჩვენ ირგვლივ იყო ორი მზრუნველი ადამიანი. ისინი ერთმანეთზეც ზრუნავდნენ და ყოველთვის, როდესაც გვჭირდებოდა, მზად იყვნენ ჩვენს დასახმარებლად. ამავდროულად გვაძლევდნენ თავისუფლებას გვერბინა და გაგვეკეთებინა ახალი აღმოჩენები ჩვენს ფანტასტიკურ ეზოში”.

სწორედ უსაფრთხოებისა და თავისუფლების ბალანსი ქმნის აღზრდის ყველაზე დემოკრატიულ, თანმიმდევრულ და არაძალადობრივ მოდელს, როდესაც მშობელი კი არ უგულებელყოფს ბავშვის ფიზიკურ და ემოციურ საჭიროებებს, არამედ მისი გამზიარებელია. ანიჭებს ბავშვს პასუხისმგებლობასა და თავისუფლებას, თუმცა უწესებს საზღვრებს. როდესაც ირღვევა ბალანსი ამ ორ კომპონენტს შორის, სწორედ მაშინ ვსაუბრობთ აღზრდის ძალადობრივ მეთოდებზე, რომელიც სხვადასხვა ფორმას აერთიანებს, მათ შორისაა: ფიზიკური, ემოციური თუ სექსუალური ძალადობა.

გვესაუბრეთ ძალადობის ამ ტიპების შესახებ…

ფიზიკური ძალადობა შეიძლება იყოს ნებისმიერი ქცევა, რომელიც ბავშვს ტკივილს აყენებს: დარტყმა, ხელის კვრა, პანღურის ამორტყმა, დაწვა, ჩქმეტა, ასევე, ბავშვის დასჯის მიზნით მისი გამოკეტვა ბნელ ოთახში, სარდაფში ან საკუჭნაოში.

ემოციური ძალადობა მოიაზრებს ბავშვის მიმართ დამამცირებელ, შეურაცხმყოფელ მიმართვებს, “შენ არაფრის ღირსი ხარ”, “უვიცო”, “დებილო”, “სულელო”. აძლევს გაუთავებლად საყვედურებს “არასდროს არაფერი გამოგდის”, “რა მოუქნელი ხარ”, აღვივებს შიშისა და უსუსურობის განცდას.

ერთ-ერთი ყურადსაღები ფორმა ძალადობისა არის უგულებელყოფა, როდესაც მშობელი ბავშვის როგორც ემოციურ, ისე ფიზიკურ საჭიროებებს აიგნორებს. არ უსმენს, ცდილობს “არაფრად” წარმოაჩინოს მისი ტკივილი, სევდა თუ სიხარული, არ უწევს დროულ სამედიცინო დახმარებას, არ აქცევს ყურადღებას ან უზღუდავს ხელმისაწვდომობას განათლებაზე.

რამდენად სერიოზულად დგას ეს პრობლემა საქართველოში?

გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ 2013 წელს ჩატარებული ეროვნული კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 43% ფიქრობს, რომ ბავშვზე ძალადობა დასაშვებია, 60%-ის აზრით კი ოჯახში მკაცრი დისციპლინური მეთოდების გამოყენება ბევრად უფრო კარგ და ეფექტურ შედეგს მოგვცემს ბავშვის სწორად აღზრდის თვალსაზრისით ვიდრე არაძალადობრივი მეთოდები. ეს მონაცემებიც კი საკმარისია ზოგადი წარმოდგენის შესაქმენლად თუ რამდენად სერიოზულად დგას ქვეყანაში აღნიშნული საკითხი. პანდემიის პერიოდში კი ოჯახში ძალადობის რისკის ქვეშ მყოფი ბავშვების მდგომარეობა გაუარესდა კიდეც, რადგანაც შეფერხდა სერვისებზე ხელმისაწვდომობა და მათ გაცილებით მეტი დროის გატარება უწევთ შინ. ერთი მხრივ, ისინი შესაძლოა თავად იყვნენ ოჯახში ძალადობის სამიზნეები, მეორე მხრივ კი შემსწრეები, რომელიც არანაკლებ გავლენას ახდენს ბავშვის განვითარებისა და ფსიქოსოციალური კეთილდღეობის მაჩვენებელზე.

რა კვალს ტოვებს ძალადობრივი აღზრდა ბავშვზე და  როგორ ვლინდება მასში ეს ყველაფერი?

ძალადობრივი მეთოდების გამოყენება ბავშვის აღზრდის პროცესში ვლინდება ბიოლოგიურ, ფსიქოლოგიურ და სოციალურ დონეებზე. ბიოლოგიურ დონეზე ეს შეიძლება იყოს სომატური ჩივილები, როგორიცაა: თავის ან კუჭის ტკივილი, ქრონიკული სურდო და ალერგია, რომელსაც არ აქვს არანაირი სამედიცინო ახსნა. ფსიქოლოგიურ დონეზე შესაძლოა უკავშირდებოდეს ემოციური რეგულაციის სირთულეებს, ბრაზისა და აგრესიულობის შემოტევებს, სევდიანობას, პასიურობას, მოტივაციის ნაკლებობას, კონცენტრაციის სირთულეებს, ფიზიკური კონტაქტის შიშს, მნიშვნელოვნად ზრდის თვითდამაზიანებელი ქცევების გამოვლენის რისკს. ბავშვს შესაძლოა აღენიშნებოდეს ღამის კოშმარები ან ძილთან დაკავშირებული სირთულეები. სოციალურ დონეზე კი შესაძლოა ვლინდებოდეს კომუნიკაციის სირთულეები თანატოლებთან, სოციალური იზოლაცია, სკოლის დისციპლინისა და წესების არ დაცვა. ამ დროს ბავშვი შესაძლოა იყოს უფრო მოუსვენარი.

რადგანაც ბავშვის აზროვნება გარკვეულ ასაკამდე ეგოცენტრულია, ის გარემოში მიმდინარე მოვლენებს ხშირად საკუთარ თავს მიაწერს. აღზრდის პროცესში ძალადობრივი მეთოდების გამოყენების გამო ბავშვი შესაძლოა საკუთარ თავს ადანაშაულებდეს, ფიქრობდეს, რომ მისი ბრალია, მან დაუშვა შეცდომა და იმსახურებს კიდეც ასეთ მოქცევას, შედეგად კი ძალადობა ნორმალიზდება და კომუნიკაციის ერთადერთ მისაღებ ფორმად იქცევა.

კვლევების თანახმად, ძალადობრივ გარემოში გაზრდილი ბავშვების უმეტესობა მოზარდობის ასაკში ერთვება ანტისოციალურ ქცევებში, იზრდება ალკოჰოლისა და ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების ალბათობა და სხვა არადამხმარე გამკლავების მექანიზმები იწყებს ფორმირებას.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ოჯახში ძალადობის შემსწრე იქნება ბავშვი თუ თავად ძალადობის სამიზნე, სურათი არ იცვლება. ეს ერთსა და იმავე გავლენას ახდენს ბავშვზე და ზრდის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების განვითარების რისკს.

რა გავლენას ახდენს ძალადობრივი აღზრდა ბავშვის აკადემიურ მოსწრებაზე და რაში გამოიხატება?

ძალადობრივი მეთოდების გამოყენება აღზრდის პროცესში, როგორც უკვე აღვნიშნეთ, გავლენას ახდენს მოტივაციაზე, თავს იჩენს ყურადღების კონცენტრაციის სირთულეები. ამ დროს ბავშვი უფრო გადარჩენაზეა ორიენტირებული, ვიდრე განვითარებაზე და მისი ტიპური განვითარების კურსი რადიკალურად იცვლება, ეს კი კოგნიტურ სფეროსაც მნიშვნელოვან დარტყმას აყენებს, რაც აისახება აკადემიურ მოსწრებაზე. ხშირად სკოლაში გაცდენილი დღეების რაოდენობა სკოლიდან გარიცხვის მიზეზიც ხდება. საბოლოოდ, ბავშვი შესაძლოა ჩაებას თანატოლთა სხვადასხვა დაჯგუფებაში, კვლავ იზრდება რისკი ანტისოციალური ქცევის გამოვლენისა, ალკოჰოლისა და ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების ან უკონტროლო სექსუალური ქცევის. ამ დროს მნიშვნელოვანი სკოლის როლია. რა რეაქცია აქვს მასწავლებელს, როდესაც ის ხედავს, რომ ბავშვი ხშირად აცდენს სკოლას ან უმეტეს შემთხვევაში არ აქვს დავალება შესრულებული? საგანმანათლებლო სივრციდან მოწყვეტა ის არაეფექტური მეთოდია, რომელსაც მხოლოდ უარეს შედეგამდე მივყავართ. აუცილებელია მასწავლებელი დაინტერესდეს მოსწავლის მდგომარეობით, ჩართოს სოციალური მუშაკი და ყველა ის რგოლი, რომელიც პასუხისმგებელია ბავშვთა კეთილდღეობის საკითხებზე. 

რა გავლენას ახდენს ძალადობრივი აღზრდა ბავშვის სოციალიზაციაზე? აისახება თუ არა ეს კვალი შემდგომ მის დამოკიდებულებაზე გარემოსთან, მეგობრებთან, პარტნიორთან  და ა.შ? 

ოჯახში ძალადობის გამოცდილება შეიძლება განვიხილოთ როგორც სერიოზული მატრავმირებელი მოვლენა ბავშვის ცხოვრებაში, რომელიც ხშირ შემთხვევაში გავლენას ახდენს მისი იდენტობის ფორმირებაზე. მას უყალიბდება საკუთარ თავთან, სამყაროსთან, სხვა ადამიანებთან ისეთი ტიპის დამოკიდებულებები, რომელიც არ არის დაფუძნებული ნდობაზე, თანამშრომლობაზე, თანასწორობაზე. ხშირად ამ ტიპის გამოცდილების მქონე ადამიანები ეძებენ გზებს, ხელოვნურ საშუალებებს, რომ “გაიყუჩონ” ტკივილები ან გაექცნენ რეალობას. რაც ყურადსაღებია, ურთიერთობის ძალადობრივი მოდელები გადააქვთ სამომავლოდ საკუთარ შვილებზე, ოჯახის წევრებზე, პარტნიორებზე, თუმცა არ შეიძლება ესე ერთმნიშვნელოვნად გავიგოთ, რომ ძალადობის გამოცდილება ასეთ შედეგს იწვევს. უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ ის ზრდის რისკებს იმისა, რომ ეს სერიოზულად აისახება მის ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და სოციალურ ურთიერთობებზე. აქვე უნდა ითქვას, რომ დროული ჩარევა და ძალადობის პრევენციის ეფექტური პროგრამების ქონა მნიშვნელოვნად შეამცირებს ბავშვობაში ძალადობის გამოცდილებასთან დაკავშირებულ რისკებს. 

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5