ბავშვის ნერვულ სისტემაზე ძალადობის გავლენაზე პლატფორმას “დედამ იცის” ესაუბრება ფსიქოლოგი ნინო სხირტლაძე.
როგორ პასუხობს ბავშვის ნერვული სისტემა ძალადობას?
თავიდან ძალიან მნიშვნელოვანია განვსაზღვროთ ცნება ძალადობა, რადგან ბავშვზე ძალადობა არის ნებისმიერი ქმედება, რომელიც აკნინებს, აზიანებს ან დაზიანებით ემუქრება ბავშვის ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ კეთილდღეობას და ასევე საფრთხეს უქმნის მის განვითარებას და ჯანმრთელობას. ძალადობა მხოლოდ ფიზიკური არ არის, ის შეიძლება იყოს ემოციური, სექსუალური, გამოიხატებოდეს უგულებელყოფით და ა.შ. ძალადობის სახეებია: დაშინება, პირადი ნივთების ხელყოფა, ცემა, ყურის აწევა, წამორტყმა, პანჩურის ამორტყმა, დაკნინება, უშვერი, დამაკნინებელი სიტყვების დაძახება, დამცირება, შენჯღრევა უხეშად, ჩქმეტა, დაცინვა, სხვებთან უარყოფითი შედარება, რომ ვიღაცაზე ნაკლებია, ბავშვის ემოციური იგნორირება, უგულებელყოფა, რომელიც გახლავთ ბავშვის საჭიროებების არდანახვა და დაუკმაყოფილებლობა – ეს ყველა და კიდევ უამრავი რამ შეიძლება განიხილებოდეს, როგორც ძალადობა. მეცნიერები იკვლევენ ტვინის განვითარებასა და ძალადობის შორის კორელაციას. დადგინდა, რომ განსაკუთრებით სამ წლამდე ასაკის ბავშვებთან არის მნიშვნელოვანი ეს საკითხი, რადგან ამ ასაკამდე ძალიან ინტენსიურად ხდება ტვინის განვითარება. ტვინის სიდიდის და კავშირების ჩამოყალიბების 90 % სამ წლამდე ხდება. ინტერნეტი ერთი პერიოდი მოიცვა და შესაძლოა მკითხველმა ნახა კიდეც ფოტო, სადაც 3 წლის ასაკის ბავშვების ტვინის ორი ფოტოა გამოსახული. ერთ ფოტოზე ნაჩვენებია უგულებელყოფილი და ძალადობის მსხვერპლი ბავშვის ტვინი და მეორე, ტიპური განვითარების მქონე ბავშვის ტვინი. განსხვავება თვალსაჩინო იყო, როგორც ტვინის სიდიდეში, ასევე სტრუქტურაში. როდესაც ძალადობის მსხვერპლი არის ბავშვი, (არ იგულისხმება მხოლოდ ფიზიკური ძალადობა) ცვლილებები მიმდინარეობს როგორც ფიზიოლოგიურ დონეზე, იცვლება ტვინის სტრუქტურა და უარყოფითად აისახება ბავშვის ფიზიკურ განვითარებაზე, ასევე ცვლილებები მიმდინარეობს შემეცნებით განვითარებაში, ემოციურ და სოციალურ ზრდაში.
მუდმივი და განმეორებადი ძალადობა ორგანიზმისთვის აღიქმება როგორც ქრონიკული სტრესი, რომელიც ააქტიურებს და აღიზიანებს თავის ტვინის იმ უბნებს, რომლებიც პასუხისმგებელია შფოთვაზე, შიშზე, მოუსვენრობაზე. ასეთ დროს მოსვენებულ მდგომარეობაში ბავშვის ტვინი და ფსიქიკა ვერ გადადის ანუ მშვიდ მდგომარეობაში, რადგან მუდმივად უწევს თავდაცვის რეჟიმში ყოფნა.
ადამიანებს ყოველდღიურად გვაქვს გარკვეული ფსიქიკური ენერგია და ამ ენერგიას რაში დავხარჯავთ ეს უკვე ჩვენზე და გარემოზე არის დამოკიდებული. ბავშვი სამ წლამდე, თუ უნდა ხარჯავდეს თავისი ფსიქიკურ ენერგიას განვითარებაზე, ახლის შემეცნებაზე, სასიამოვნო ემოციების მიღებაზე, მისი ენერგია იხარჯება თავდაცვაზე და ამ დროს ბავშვი ვერ ვითარდება, მათ შორის ინტელექტუალურადაც. ძალიან ხშირად სასკოლო და წინასასკოლო ასაკის ბავშვს ფიზიკურად არ შეუძლია კონცენტრირება მოახდინოს სწავლაზე. როდესაც იგი ძალადობის მსხვერპლია, სხვაგან იხარჯება მისი ფსიქიკური ენერგია და სწავლაზე კონცენტრირებას ვერ ახდენს.
რა ნერვული და ფიზიოლოგიური დაავადებები შეიძლება გამოიწვიოს ძალადობამ?
პირველ რიგში დეპრესია და ნევროზული პრობლემები, პოსტ-ტრავმული აშლილობა ძალიან ხშირია, მოზრდილობაში ალკოჰოლიზმი, ნარკოტიკებისადმი და აზარტული თამაშებისადმი დამოკიდებულება. სხვადასხვა სახის ფიზიოლოგიურ დაავადებებსა და ბავშვობაში ძალადობის გადატანას შორის ძალიან დიდი კორელაცია დამტკიცდა. ეს არის გულის იშემიური დაავადება, სიმსივნეები, ფილტვებში ქრონიკული დაავადებები, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი და ფიბრომიალგია. ბავშვებში, რომელთაც ბავშვობაში ჰქონდათ ძალადობა გადატანილი ზრდასრულ ასაკში ამ დაავადებების გაჩენის რისკფაქტორი მაღალი იყო.
როგორ მოქმედებს ძალადობა ბავშვის აკადემიურ მოსწრებაზე და ინტელექტუალურ განვითარებაზე?
ტვინის ჩამოყალიბების დროს სამ წლამდე განსაკუთრებით ხდება სხვადასხვა ფსიქიკური პროცესების წარმოქმნა. ნეირონები ერთმანეთთან ახალ კავშირებს ადგენენ და რაც უფრო მეტი კავშირი შედგება ნეირონებს შორის, ბავშვი მაქსიმალურად გამოიყენებს თავის გონებრივ და ინტელექტუალურ მონაცემებს და განვითარდება შემეცნებითად. როდესაც ბავშვი ძალადობის მსხვერპლია ნეირონებს შორის ახალი კავშირების დამყარება ფიზიკურად ვერ ხდება და ამ დროს შემეცნებისთვის და სამყაროს შეცნობისთვის აღარ რჩება ადგილი, არსებობს მოსაზრებები და მინიშნებები, რომ ასეთ შემთხვევაში ბავშვები უფრო გვიან იწყებენ ლაპარაკს და უფრო გვიან ვითარდებიან და ჩამორჩებიან თავის ასაკს. იმისთვის, რომ ბავშვმა იმეცადინოს, ძალიან კარგი იქნება, რომ კუთხე მაინც ჰქონდეს, სადაც ექნება სიმშვიდე, რომ კონცენტრირდეს დავალებაზე, ჰქონდეს მხარდაჭერა მშობლებისგან. როდესაც ბავშვს სწავლის დროს სირთულეები აქვს კატეგორიულად არ შეიძლება უარყოფითი შედარება თავის კლასელებთან. ასეთ დროს მნიშვნელოვანია მშობლისგან მხარდაჭერა, რომ შეძლოს დაინახოს, თუ რა არის მისი შვილის შესაძლებლობის მაქსიმუმი გარკვეულ მომენტში და დააფასოს. ასეთ დროს ბავშვი გრძნობს ამ მხარდაჭერას და აღარ აქვს გაკიცხვის და დადანაშაულების მოლოდინი. ძალადობა გავლენას ახდენს სოციალურ უნარებზე, ეს არის ემოციური განვითარება, შემეცნებითი – კოგნიტური უნარები და სოციალური უნარები. ძალადობის მსხვერპლმა ბავშვმა შეიძლება მისი ტრავმული გამოცდილება გადაიტანოს სკოლაში ან ბაღში და შესაძლოა გაირიყოს ამის გამო სოციუმისგან.