Skip to content Skip to sidebar Skip to footer

პლატფორმას “დედამ იცის ესაუბრება პედიატრი ხატია დოლიძე.

გვესაუბრეთ ძილის აპნოეს შემთხვევებზე ბავშვებში. რა არის ძილის აპნოე და რა იწვევს მას?

ძილის აპნოე არის მდგომარეობა, რომლის დროსაც სუნთქვა წყდება ძილის დროს. სუნთქვის ეს პაუზები გავლენას ახდენს ძილის ხარისხზე და შეიძლება გამოიწვიოს ბავშვებში დღის ძილიანობა და ქცევის პრობლემები.

არსებობს ორი სახის ძილის აპნოე: ობსტრუქციული ძილის აპნოე და ცენტრალური ძილის აპნოე (ცენტრალური აპნოე).

ძილის ობსტრუქციული აპნოე გამოწვეულია ყელის ან ცხვირის უკანა ბლოკირებით.

ცენტრალური აპნოე ხდება მაშინ, როდესაც ტვინის ის ნაწილი, რომელიც პასუხისმგებელია სუნთქვაზე, (სუნთქვის ცენტრი) სწორად არ ფუნქციონირებს. ის არ უგზავნის სუნთქვის კუნთებს ნორმალურ სიგნალებს სუნთქვის სწორი განხორციელებისათვის. ერთი განსხვავება აპნოეს ორ ტიპს შორის არის ხვრელის სიხშირე. ხვრინვა შეიძლება მოხდეს ცენტრალური აპნოეს დროს, მაგრამ ეს უფრო გამოხატულია ძილის ობსტრუქციული აპნოეს დროს. ეს იმიტომ ხდება, რომ ხვრინვა დაკავშირებულია სასუნთქი გზების ობსტრუქციასთან.

რა სიმპტომებს მოიცავს ძილის აპნოე?

ძილის აპნოეს მქონე ბავშვების საერთო სიმპტომები მოიცავს:

  • ხმამაღალი ხვრინვა;
  • ხველა ან ხრჩობის შეგრძნება ძილის დროს;
  • სუნთქვის პაუზები;
  • სუნთქვა პირით;
  • ძილის შიშები;
  • უცნაურ პოზიციებზე ძილი.

არის თუ არა  საშიში ძილის აპნოე?

აპნოე განაპირობებს სისხლში ჟანგბადის შემცველობის მნიშვნელოვან დაქვეითებას, რაც თავის მხრივ აღაგზნებს თავის ტვინს და პროვოცირებს რიგ საპასუხო მექანიზმებს. კერძოდ, ტვინი ააქტიურებს სუნთქვის ცენტრს და პროვოცირებს ღრმა ჩასუნთქვას, რაც აღვიძებს პაციენტს. სუნთქვა აღდგება, თუმცა ამ პროცესების განმეორებადობა განაპირობებს ძილის უწყვეტობის დარღვევას და მის ფრაგმენტაციას. სისხლში ჟანგბადის ადეკვატური შემცველობა აუცილებელია ტვინის ნორმალური ფუნქციონირებისათვის, ხოლო წყვეტილი ძილი დღის მანძილზე ძილიანობის მიზეზი შეიძლება გახდეს.

პაციენტები მუდმივად გამოუძინებლები არიან და ხშირად თვლემენ მაგ: ტრანსპორტში, ტელევიზორის წინ, ბავშვებს შეიძლება ჩამოეძინოთ პირდაპირ გაკვეთილზე, გარდა ამისა, ისინი არიან ჩვეულებრივზე უფრო გაღიზიანებული, მოუსვენარი, გაფანტული, ხანდახან აგრესიულიც, ჰიპერაქტიური და იმპულსური. აღენიშნებათ ყურადღების კონცენტრირების პრობლემები, რამაც შეიძლება იმოქმედოს ბავშვებში დასწავლის უნარებსა და სკოლაში მოსწრებაზე.

როგორ ხდება დიაგნოსტირება?

პირველ რიგში, ექიმი აგროვებს ანამნეზს ბავშვისა და მშობლისგან ან მეურვისგან ბავშვის ძილის ჩვევების და ნებისმიერი დღის და ღამის სიმპტომების შესახებ. ექიმმა ასევე შეიძლება ჩაატაროს ბავშვის პირის ღრუს, კისრის და ყელის გასინჯვა, დათვალიერება, რათა დადგინდეს ფიზიკური მახასიათებლები, რომლებიც ზრდის ძილის აპნოეს რისკს (როგორიცაა გადიდებული ტონზილები და ადენოიდები).           

ასევე შეიძლება ჩატარდეს პოლისომნოგრაფია, რომელიც არის ძილის კვლევა, რომელიც ტარდება ღამით ძილის კლინიკაში. პოლისომნოგრაფია გულისხმობს სხეულის სპეციფიკური ფუნქციების გაზომვას ადამიანის ძილის დროს. ის უმტკივნეულო და არაინვაზიურია. პოლისომნოგრაფია არის ოქროს სტანდარტის მეთოდი საეჭვო ძილის აპნოეს შესაფასებლად, რადგან ის იძლევა ყველაზე საბოლოო შედეგებს.

როგორ ხდება მკურნალობა?

ბავშვთა ძილის აპნოეს მკურნალობა დამოკიდებულია სიმპტომების მიზეზსა და სიმძიმეზე.

მკურნალობა შეიძლება იყოს:

  • მედიკამენტოზური (ნაზალური სტეროიდები, მონტელუკასტი და ა.შ.);
  • ადენოტონზილექტომია;
  • სასუნთქი გზების დადებითი წნევის თერაპია;
  • სტომატოლოგიური პირის ღრუს მოწყობილობები, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს სასუნთქი გზების სწორად განვლადობას.
კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5