პლატფორმას “დედამ იცის” ესაუბრება კლინიკური ონკოლოგი მარიამ აბულაძე.
რამდენად ხშირია სარძევე ჯირკვლის ონკოლოგიური დაავადებები ქალებში?
საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოს სხვა მრავალ ქვეყანაში, ქალთა შორის ძუძუს ავთვისებიანი სიმსივნე ყველაზე გავრცელებული ონკოლოგიური პათოლოგიაა და ლეტალობით მხოლოდ ფილტვის კიბოს ჩამოუვარდება. Სტატისტიკურად, ქალებში მთელი სიცოცხლის განმავლობაში ძუძუს კიბოს განვითარების რისკი 12,8 პროცენტს შეადგენს. Რაც ნიშნავს, რომ საშუალოდ 8 ქალში ერთს ძუძუს კიბო დაემართება. Რისკი განსაკუთრებით იზრდება 60 წელს გადაშორებულ ქალებში. Მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში 2018 წელს – ამ დიაგნოზით 41,400 ქალი გარდაიცვალა. დასაიმედებელი ისაა, რომ ფატალური შემთხვევების სტატისტიკა წლებთან ერთად იკლებს, 2006 წლიდან 2015 წლამდე თანდათანობით სიკვდილიანობა ყოველ წელიწადში დაახლოებით 1,8%-ით შემცირდა.
რა ზრდის მკერდის კიბოს რისკს?
სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნის განვითარების რისკფაქტორებია:
- ასაკი – ყველაზე მნიშვნელობანი რისკფაქტორია. შემთხვევების უმრავლესობა >50 წელს გადაშორებულ ქალებში გვხვდება;
- ოჯახური ისტორია : თუკი დედას, დას ან შვილს ძუძუს კიბოს დიაგნოზი აქვს, რისკი ორმაგდება ან სამმაგდება, უფრო შორეული ნათესავის ავადობის შემთხვევაში რისკი უმნიშვნელოდ იზრდება. ხოლო თუ ორ ახლო ნათესავს აქვს ეს დიაგნოზი დასმული, რისკი ხუთმაგდება ან ექვსმაგდება.
- გენეტიკური წინასწარგანწყობა : შემთხვევათა 5-10%-ში ძუძუს კიბოს განვითარება სპეციფიური გენების BRCA1 და BRCA2 მუტაციას უკავშირდება. ამ მუტაციის მქონე ქალებში სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნის განვითარების რისკი მნიშვნელოვნად აღემატება ზოგად პოპულაციას და 50-85 პროცენტს აღწევს. დამატებით, BRCA1 მუტაციის მატარებლებში, 20-40%-ით იზდება საკვერცხეების კიბოს განვითარების რისკიც. ამ მუტაციებზე რუტინული კვლევა მოწოდებული არაა და ვამოწმებთ მხოლოდ დატვირთული ოჯახური ანამნეზის მქონე შემთხვევებს.
- გინეკოლოგიური ანამნეზი : მენსტრუალური ციკლის ადრეულად დაწყება, მენოპაუზის გვიან ასაკში დადგომა, პირველი ორსულობა მოგვიანებით ასაკში (30 წელზე მეტი) – ეს ყველაფერი ზრდის ძუძუს კიბოს განვითარების რისკს. ქალებს, რომლებმაც პირველი შვილი 30 წელზე უფრო გვიან გააჩინეს, ძუძუს კიბოს განვითარების უფრო დიდი რისკი აქვთ, ვიდრე ქალებს, რომლებსაც შვილი არ ჰყავთ.
- სარძევე ჯირკვლის პათოლოგიები: დადგენილია კავშირი სარძევე ჯირკვლის სხვადასხვა პათოლოგიებსა და ძუძუს კიბოს განვითარების რისკს შორის. კომპლექსური ფიბროადენომა, საშუალო ხარისხის ჰიპერპლაზია (ატიპიის გარეშე) და პაპილომა მხოლოდ მცირედ ზრდიან რისკს. ატიპიური ჰიპერპლაზიის შემთხვევაში კი რისკი 4-5ჯერ იზრდება.
- კონტრაცეპტივების გამოყენება : ორალური კონტრაცეპტივები უმნიშვნელოდ ზრდის რისკს (დაახლოებით 100,000 ქალში – 5 შემთხევევა).
- ჰორმონალური თერაპია: ჩანაცვლებითი თერაპია მენოპაუზის დროს რისკს ზრდის მხოლოდ უწყვეტი გამოყენებიდან 3 წლის შემდეგ. 5 წლის გამოყენების შემდგომ, 10,000 ქალბატონში 7-8 შემთხვევა გამოვლინდება.
- სხივური თერაპია – თუ 30 წლის ასაკამდე რამე მიზეზის გამო პაციენტს სხივური თერაპია ჩაუტარდა, მომავალში ძუძუს კიბოს განვითარების რისკი ოთხმაგდება ზოგად პოპულაციასთან შედარებით.
- დიეტა: კონკრეტული საკვებისა თუ დიეტის მკაფიო როლი განსაზღვრული არ არის, თუმცა ჭარბწონიან ქალბატონებს კიბოს განვითარების მეტი რისკი აქვთ.
- სიგარეტის მოწევა და ალკოჰოლის მიღება შესაძლოა რისკს ზრდიდეს. რეკომენდებულია, რომ პაციენტებმა ამ მავნე ჩვევებზე უარი თქვან. ამერიკის კიბოს ასოციაციის რეკომენდაციით, ალკოჰოლის მიღება არ უნდა აღემატებოდეს დღეში ერთ ჭიქაზე მეტს.
ლაქტაციის შეწყვეტის შემდეგ რამდენ ხანში არის სასურველი ექიმთან ვიზიტი?
ლაქტაციის შეწყვეტის მიზეზებისა და გზების გათვალისწინებით, ექიმთან ვიზიტის რეკომენდაციები განსხვავებულია.
ძუძუს კიბოს პრევენციისთვის რა არის მნიშვნელოვანი, რა გვიცავს ასეთ დროს?
ჯანსაღი ცხოვრების წესი, ფიზიკური აქტივობა, ძუძუთი კვება (განსაკუთრებით, თუ ბავშვები 30 წლამდე ასაკში გააჩინეთ), სიგარეტის მოწევის შეწყვეტა და ალკოჰოლის მიღების შეზღუდვა ამცირებს ძუძუს კიბოს განვითარების რისკს. დამატებით, მაღალი რისკის პაციენტებში, რიგ შემთხვევაში ვიწყებთ მედიკამენტოზურ მკურნალობას რისკების შესამცირებლად, ასევე შესაძლოა მივმართოთ ქირურგიასაც.
Რამდენად მნიშვნელოვანია დროული სკრინინგი პრევენციისთვის და როდის უნდა მივმართოთ სპეციალისტს?
Ძუძუს კიბოს სკრინინგი ასიმპტომური, ჯანმრთელი ქალბატონების გამოკვლევას გულისხმობს, მისი მიზანი დიაგნოზის ადრეულ სტადიაზე აღმოჩენაა. ითვლება, რომ რაც უფრო ადრე მოვახდენთ პრობლემის იდენტიფიცირებას, გამოსავალიც უფრო კეთილსაიმედო იქნება. ეფექტური Სკრინინგი ამცირებს ძუძუს კიბოს ავადობასა და სიკვდილიანობას. სკრინინგი უნდა ჩაუტარდეს ყველა ქალს, სიმპტომების არსებობა- არარსებობის მიუხედავად.
სკრინინგი შეიძლება რამდენიმე კომპონენტისგან შედგებოდეს, შეფასების სწორი ტაქტიკა დამოკიდებულია ქალის ასაკზე და სხვა ფაქტორებზე, როგორებიცაა, მაგალითად, სამედიცინო და ოჯახური ანამნეზი. ყველა ქალი კარგად უნდა იცნობდეს საკუთარი სხეულის აგებულებას და რეგულარულად დადიოდეს ექიმთან და იტარებდეს ძუძუს კლინიკურ გამოკვლებას და ასაკის შესაბამისად – მამოგრაფიას. გარკვეული Მაღალი რისკის შემთვევებში რეკომენდირებულია სარძევე ჯირკვლის მაგნიტო-რეზონანსული კვლევაც.
40-დან 70 წლის ჩათვლით, საქართველოს მოქალაქეებისთვის ძუძუს კიბოს სკრინინგი უფასოა.