როგორ უნდა დაიწყოთ ძუძუთი კვება
ძუძუთი კვების დასაწყებად საუკეთესო დროა ის წუთები, როცა სამშობიარო ბლოკში თქვენს ახალშობილს მკერდზე დაგიწვენენ. წარმატებული ლაქტაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს ძუძუ დაბადებიდან მალევე, მაქსიმუმ 1 საათში შესთავაზოთ. დასაწყისისთვის, თქვენი სხეული გამოყოფს სპეციალურ რძეს – ხსენს (კოლოსტრუმს), რომელიც დაიცავს თქვენს შვილს ინფექციებისგან. ნუ შეგაშინებთ მისი მცირე რაოდენობა, რადგან ბავშვის მუცელი ძალიან პატარაა და სავსებით საკმარისია მისთვის. პატარას მუცლის ზრდასთან ერთად, თქვენი რძე იცვლება და უფრო მეტი წარმოიქმნება.
ბავშვი მთელი სხეულით შემოაბრუნეთ თქვენკენ, მკერდით მიიკარით მკერდზე. ძუძუ მოათავსეთ ხელის 4 თითსა (ძუძუს ქვემოთ) და ცერს შორის (ზემოთ), შეახეთ მის ზედა ტუჩს ძუძუსთავი, ამის შემდეგ ის რეფლექსურად გააღებს პირს ფართოდ და ჩაუდეთ მთელი არეოლა (ძუძუს მუქი რგოლი). ეს არის სწორი მოჭიდება, რომლის დახმარებით გაგიმარტივდებათ ძუძუთი კვება და თავიდან აიცილებთ ძუძუსთავის დაზიანებას.
გახსოვდეთ, რომ ძუძუთი კვება არ უნდა იყოს მტკივნეული. როგორც კი, წოვის დროს იგრძნობთ ძუძუსთავების ტკივილს, შეწყვიტეთ კვება – მოათავსეთ თქვენი ნეკა თითი ბავშვის ღრძილებსა და თქვენს ძუძუს შორის და თავიდან სცადეთ ჩადება. როგორც კი სწორად მოეჭიდება ძუძუს, დანარჩენს თვითონ მიხედავს. ნუ შეშინდებით, თუ თქვენს ახალშობილს უჭირს ძუძუს პოვნა ან წოვა. ლაქტაცია მოითხოვს მოთმინებას და ბევრ მცდელობას. მართალია, ეს ბუნებრივი პროცესია, მაგრამ მხოლოდ ამის იმედზე ნუ იქნებით და აუცილებლად სთხოვეთ სამშობიაროს ექთანს ან პედიატრს, გასწავლოთ, როგორ უნდა აჭამოთ პატარას სწორად.
თუ თქვენი პატარა ნაადრევად დაიბადა და ახალშობილთა ინტენსიურ განყოფილებაშია, შეიძლება ძუძუ ვერ აწოვოთ, მაგრამ გამოიწველოთ რძე და ექიმები მისცემენ მილის ან ბოთლის მეშვეობით, სანამ არ მოძლიერდება და შეძლებს წოვას. გახსოვდეთ, რომ მისთვის ძალიან მიშვნელოვანია დედის რძის თითოეული წვეთი.
რამდენად ხშირად უნდა აწოვოთ ბავშვს?
ხშირად. რა უფრო მეტს აწოვებთ, მით მეტი რძე გექნებათ. აჭამეთ ბავშვს 8-12-ჯერ დღე-ღამეში..
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და ამერიკის პედიატრთა ასოციაციის გაიდლაინებით, ახალშობილი უნდა გამოკვებოთ შიმშილის პირველივე ნიშნების გამოვლენისთანავე, რადგან ტირილი უკანასკნელი ნიშანია და კარგი იქნება, თუ მანამდე აჭმევთ ბავშვს, სანამ ატირდება. ეს ნიშნებია:
- გადაჭარბებული სიფხიზლე ან აქტიურობა
- ტუჩების ცმაცუნი
- თქვენი თითის მის ლოყაზე შეხებისას წოვის იმიტაცია
პირველ დღეებში, თქვენ შეიძლება მოგიწიოთ ბავშვის გაღვიძებამ კვებისთვის და ასევე, შესაძლოა მას ჭამის დროს ჩაეძინოს. გასაღვიძებლად გახადეთ მას ერთი ფენა ტანსაცმელი. იმისათვის, რომ მან საკმარისად ხშირად ჭამოს, გააღვიძებით კვებიდან 4 საათში, თუ მანამდე არ მოითხოვა ჭამა.
იმის გამო, რომ ძუძუთი კვების პროცესი 40 წუთზე მეტ ხანსაც შეიძლება გაგრძელდეს ახალშობილის პერიოდში, შეარჩიეთ მყუდრო ადგილი და მოხერხებული პოზა. დაიხმარეთ მეძუძურის ბალიში. შეიძლება მოგწყურდეთ, ამიტომ ახლოს დაიდგით წყალი ან თქვენთვის სასურველი სითხე.
რისი ჭამა შეგიძლიათ
ყველაფრის, რაც მოგინდებათ და რაც სასარგებლოა. თქვენ რძე გექნებათ იმის მიუხედავად, საკმარისად იკვებებით თუ არა, მაგრამ ჯანსაღი, ბალანსირებული კვება ზრდის რძის რაოდენობასა და ხარისხს. კალორიების თვლის მაგივრად მიჰყევით თქვენი შიმშილის გრძნობას და დალიეთ საკმარისი რაოდენობის წყალი გაუწყლოვანების თავიდან ასაცილებლად.
დედების უმრავლესობას შიმშილის გრძნობა უმძფრდება ძუძუთი კვების დროს. რაც ბუნებრივია, რადგან თქვენი სხეული საათივით მუშაობს იმისთვის, რომ რძე წარმოქმნას ბავშვისთვის. მეძუძურს 200-500 კალორიით მეტი სჭირდება, ვიდრე იმ დედებს, რომლებიც ძუძუთი არ კვებავენ შვილებს.
ნუ გადააჭარბებთ კოფეინის მიღებისას, რადგან დედის რძეში გადადის და შეიძლება იმოქმედოს ბავშვის ძილსა და განწყობილებაზე. ექსპერტების აზრით, დასაშვებია დღეში 300 მგ კოფეინი.
თქვენ თავი უნდა შეიკავოთ ალკოჰოლის მიღებისგან, რადგან ისიც გადადის დედის რძეში და მავნეა ბავშვისთვის.
ყველა ბავშვისთვის ერთნაირად პრობლემური არ არის დედის მიღებული საკვები, ამიტომ არ არის რეკომენდებული დაიწესოთ შეზღუდვები. თუმცა, თუ კონკრეტული პროდუქტის, მაგალითად რძის ნაწარმის მიღების შემდეგ, ყოველ ჯერზე თქვენს პატარას უფრო მეტად აწუხებს მუცელი (ვიდრე აქამდე) ან უფრო გაღიზიანებულია (ვიდრე აქამდე), თავი შეიკავეთ მისი ჭამისგან მცირე დროით, რათა დარწმუნდეთ, მართლა მისი ბრალია თუ არა.
პრობლემები, რომლებსაც შეიძლება წააწყდეთ
ზოგიერთ ქალს ძუძუთი კვება ადვილად გამოსდის, ისე რომ არ აწყდება დიდ ფიზიკურ და ემოციურ დაბრკოლებებს. მაგრამ ძალიან ბევრ დედას უჭირს ლაქტაციის სწავლა. თუ თქვენ თავს გადაღლილად გრძნობთ და დანებებაზე ფიქრობთ, მარტო არ ხართ.
ნორმალურია, რომ თავს გადაღლილად გრძნობდეთ ძილის ნაკლებობის და თქვენი პატარას გამუდმებული მოთხოვნილებების გამო. ალბათ, უამრავი კითხვაც გაწუხებთ ლაქტაციასთან დაკავშირებით: ჰყოფნის ჩემს შვილს რძე? მეტკინება ძუძუსთავები? რამდენ ხანს უნდა წოვოს ბავშვმა? თუ სძინავს, გავაღვიძო ჭამისთვის?
მიუხედავად იმისა, რომ ქალები საუკუნეების განმავლობაში აჭმევდნენ ბავშვებს საკუთარ რძეს, ძუძუთი კვება ყოველთვის იოლად არ გამოდის. ძალიან ბევრ ქალს აქვს სირთულეები ადრეულ ეტაპზე. ძუძუთი კვების ყველაზე გავრცელებული პრობლემები პირველ 6 კვირაში:
- ძუძუს გადავსება
- მასტიტი (სარძევე ჯირკვლის ანთება)
- ძუძუსთავების ტკივილი
ნუ დაიტანჯებით ჩუმად. აუცილებლად მიმართეთ სპეციალისტს, თუ გაწუხებთ ამ პრობლემებიდან რომელიმე.
წყარო: https://www.babycenter.com/0_breastfeeding-getting-started_465.bc#articlesection2