Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ძუძუთი კვება რომ ბავშვის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა, დედის რძის შემცვლელი ხელოვნურის საკვების ყუთებზეც კი წერია. ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიხედვით, დედის რძე სასარგებლო ნივთიერებების საუკეთესო წყაროა ჩვილებისთვის და ამცირებს ასთმის, ჭარბწონიანობის, ტიპი 1 დიაბეტის, ჩვილთა უეცარი სიკვდილის სინდრომისა და ყურის ინფექციების რისკს.

ყველა დედას უნდა ჰქონდეს საშუალება, გააკეთოს გაცნობიერებული არჩევანი შვილის კვებასთან დაკავშირებით. როცა ის ირჩევს ხელოვნურ კვებას ან გარკვეული მიზეზების გამო ვერ ხერხდება ძუძუთი კვება, მნიშვნელოვანია ქალებმა იცოდნენ, რომ დედის რძის შემცვლელი ადაპტირებული ნარევი (ფორმულა) აძლევს ჩვილს საჭირო სასარგებლო ნივთიერებებს.

თუმცა ბევრმა არ იცის, რომ ძუძუთი კვება მხოლოდ ბავშვისთვის კი არაა მარგებელი. კვლევები ადასტურებს, რომ მას შეუძლია შეამციროს მეძუძური ქალის გარკვეული დაავადებებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობების რისკი.

გულსისხლძარღვთა დაავადებების რისკის შემცირება

ამერიკის გულის ასოციაციის ჟურნალში გამოქვეყნებული ახალი კვლევა აჩვენებს, რომ ძუძუთი კვება ამცირებს გულის დაავადებებისა და ინსულტის ალბათობას.

მკვლევრებმა გააანალიზეს მილიონზე მეტი ნამშობიარევი ქალის მონაცემები  და აღმოაჩინეს, რომ იმ ქალებთან შედარებით, რომლებიც არასდროს ყოფილან მეძუძურები, ქალებს, რომლებიც ძუძუთი კვებავდნენ ბავშვებს, 11%-ით შემცირებული ჰქონდათ გულ-სისხლძარღვთა დაავადების განვითარების რისკი, 14%-ით  გულის კორონარული დაავადების რისკი, 12%-ით ინსულტის რისკი და 17%-ით – გულსისხლძარღვთა დაავადებებისგან სიკვდილის რისკი.

მშობიარობის შემდგომი დეპრესიის რისკის შემცირება

სხვადასხვა ქვეყნებში ჩატარებული კვლევების მიხედვით, ძუძუთი კვებამ შეიძლება შეამციროს მშობიარობის შემდგომი დეპრესიის განვითარების რისკი. რაც უფრო მეტხანს აჭმევთ ძუძუს, მით უფრო შეამცირებთ თქვენს რისკს.

ერთ-ერთი კვლევის თანახმად, ქალებს, რომლებიც  ძუძუთი კვებავდნენ ერთდროულად რამდენიმე ბავშვს  ან დიდი ხნის განმავლობაში აწოვებდნენ ძუძუს, უფრო ნაკლებად აღენიშნებოდათ დეპრესია მენოპაუზის შემდგომ პერიოდში.

სიმსივნის რისკის შემცირება

სხვადასხვა კვლევების მიხედვით, მეძუძურ ქალებს უფრო ნაკლებად აქვთ საკვერცხეებისა და ძუძუს კიბოს განვითარების ალბათობა. ეს რისკი კიდევ უფრო მცირდება, როცა ძუძუთი კვება 12 თვეზე დიდხანს გრძელდება.

დიაბეტის რისკის შემცირება

2020 წლის აპრილში „Science Translational Medicine-ში“ გამოქვეყნებული კვლევის ავტორები ვარაუდობენ, რომ დედის რძის წარმოებისთვის საჭირო ენერგიის გამომუშავება იწვევს მუდმივ მეტაბოლურ ცვლილებებს, რამაც შეიძლება დაიცვას დედა  ტიპი 2 დიაბეტისგან.

კვლევის მიხედვით, მათ, ვინც ბავშვს ექვს თვემდე კვებავდა ძუძუთი, 25%-ით ნაკლები ჰქონდათ ტიპი 2 დიაბეტის განვითარების ალბათობა, იმ ქალებთან შედარებით, რომლებსაც არ ჰქონდათ მეძუძურობის გამოცდილება. ხოლო ექვს თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ძუძუთი კვებამ ტიპი 2 დიაბეტის რისკი 50%-ზე მეტად შეამცირა.

წყარო: www.verywellfamily.com

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5