პლატფორმას “დედამ იცის” ესაუბრება ბავშვთა ნევროლოგი თამარ ედიბერიძე.
დისტანციური სწავლების რეჟიმის პირობებში ბავშვებში ეკრანთან გატარების დრო კიდევ უფრო მეტად გაიზარდა. რა გავლენა შეიძლება იქონიოს „გაჯეტების“ უფრო ხშირად გამოყენებამ ბავშვების ნევროლოგიურ მდგომარეობაზე?
უკვე აღვნიშნეთ, რომ ამ ტიპის რეჟიმმა ერთდროულად რამდენიმე სისტემაზე მიიტანა იერიში და ნერვული სისტემაც გამონაკლისი არ არის. გაიზარდა ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტივობის თაობაზე ჩივილები, ასევე შფოთვა და ძილთან დაკავშირებული პრობლემები. ხანგრძლივად უცვლელ და უმეტესად საკმაოდ უხერხულ პოზიციაში ჯდომა-წოლამ უარყოფითად იმოქმედა ბავშვების და მოზარდების ჯერ კიდევ განვითარებად ძვალ-სახსართა სისტემაზე. ეკრანიდან წამოსული ლურჯი ნათება უარყოფითად აისახება ბავშვების მხედველობასა და ნერვულ სისტემაზე. ლურჯი ნათების გამორთვის შემთხვევაშიც კი გაჯეტი რჩება დასაშვებზე ახლოს განლაგებულ და დამიზნებულ სინათლის წყაროდ. ბადურას და ზოგადად თავის ტვინის ნერვული უჯრედები განიცდიან ხანგრძლივ და ზეზღურბლოვან აგზნებას, რის მიმართ ამტანობაც ადრეულ ასაკში განსაკუთრებით დაბალია. აგზნებული თავის ტვინი ვეღარ ახერხებს დროულად განმუხტვას და დამშვიდებას. საკლასო ოთახში სხეულის პოზიცია, თვალების მოძრაობის არეალი გაცილებით ფართოა და ბუნებრივი, ვიდრე ონლაინ სწავლების შემთხვევაში. დისტანციური სწავლების შემთხვევაში მოსწავლეს უწევს საკმაოდ ვიწრო მონიტორზე მზერის ფოკუსირება, წვრილ შრიფტზე და გამოსახულებებზე ყურადღების გამახვილება, რაც დასაშვებზე მეტად ძაბავს თვალს და თვალშიდა სტრუქტურებს. სათანადოდ განწყობილ ბავშვებში ადვილად ვითარდება ან ღრმავდება მხედველობის დეფიციტი.
რაც შეეხება ზოგადად ეკრანდამოკიდებულებას, მისი, როგორც პრობლემის ერთ-ერთი არსი იმაშია, რომ ეკრანი ეფექტურად ახერხებს ბედნიერების ილუზიის შექმნას. იქ არის სასურველი მუსიკა, სასურველი და მიმზიდველი ფერები და რაც მთავარია კონტროლის განცდა – თქვენ შეგიძლიათ მართოთ ინფორმაციის ტემპი, მოცულობა, თანმიმდევრობა, ნებისმიერ დროს აქტივობა დაიწყოთ თავიდან, „გაანულოთ“ მიღებული შედეგი, გააბათილოთ შეცდომები (და არა გამოასწოროთ ისინი), არ არის საჭირო ამ შეცდომების გამო ბოდიშის მოხდა, მარტო საკუთარ თავთან ხართ პასუხისმგებელი და მხოლოდ თქვენ იცით რას ჩაიდენთ, მხოლოდ თქვენ აკონტროლებთ რას გაუზიარებთ სხვებს. ეს ყველაფერი განმტკიცებულია დოფამინის გაძლიერებული გამომუშავებით, რომელიც განამტკიცებს კმაყოფილების განცდას. ანუ ეკრანი ნეიროფიზიოლოგიის დონეზე მართავს ჩვენს ორგანიზმს. ბუნებრივია, რომ რეალობა, რომელიც გაცილებით მკაცრია და გაცილებით რთული წესებითაა სავსე, აღარ არის ძველებურად მიმზიდველი არც ჩვენთვის და არც ჩვენი შვილებისთვის, რომლებიც ისედაც ესწრაფვიან და ელტვიან „მარტივ“ სიამოვნებას. ამასთანავე, ჩვენგან განსხვავებით, ისინი გაცილებით რთულად აცნობიერებენ სამომავლო რისკებსაც. რაც უფრო პატარა ასაკისაა ბავშვი, მით უფრო ნაკლები გამოცდილება აქვს რეალური და პირდაპირი კომუნიკაციის, შესაბამისად ნაკლებად აცნობიერებს, რა არის ვირტუალური სამყაროს ალტერნატივა, ნაკლებად ენატრება ფიზიკური აქტივობებით და უშუალო კომუნიკაციით მიღებული გამოცდილება.
ეკრანთან ჭარბი დროის გატარების პარალელურად თავის ტვინში თითქოს იბლოკება სხვა ალტერნატიული იმპულსების და ინფორმაციის მიღება. ეკრანთან გართობის პარალელურად ტვინი უფრო გვიან აღიქვამს მაგ. დისკომფორტს, არასასურველ გემოს, ნაყროვანებას. სწორედ ამის ხარჯზეა, რომ მულტფილმის პარალელურად ბავშვს შეიძლება ადვილად ვაჭამოთ მისთვის არასასურველი საკვები და თან საკმაოდ დიდი მოცულობითაც – მის ტვინს უბრალოდ არ სცალია ამის გასაპროტესტებლად. ეკრანთან გართობის პარალელურად გვიან ვაცნობიერებთ, რომ ხელი დაგვეღალა, წელი დაგვეღალა და გვიან ვიცვლით უხერხულ პოზას, რაც ზიანს აყენებს როგორც მოზრდილის, ისე ბავშვის ჩონჩხს და კუნთებს.
სხვა სტიმულების მიმართ ერთგვარი „ბლოკი“ აზარმაცებს ბავშვის მხრიდან ყურადღების კონცენტრირების უნარებს, რაც პირიქით ვარჯიშდება წიგნთან ურთიერთობის დროს. სათანადოდ განწყობილ ბავშვებში და არა მარტო, ეკრანების გამორთვის შემდეგ ადვილად პროვოცირდება ყურადღების დეფიციტის სიმპტომები. ეკრანები არ ითხოვს ბავშვისგან ფიზიკურ აქტივობას. პირიქით, ისინი გაუნძრევლად სხედან ან წვანან და მხოლოდ კლავიატურაზე ან სენსორულ ეკრანზე თითების მოძრაობით შემოიფარგლებიან. გარკვეულ ასაკამდე ორგანიზმს აქვს ფიზიკური აქტივობის მაღალი მოთხოვნილება. შესაბამისად ეკრანის გამორთვის შემდეგ ორგანიზმი ცდილობს აინაზღაუროს ეს დეფიციტი და სრული უმოძრაობიდან გადადის ჰიპერაქტივობასა და ველის ქცევაში.
რას ურჩევდით მშობლებს ამ პრობლემასთან გასამკლავებლად?
როგორც გამოცდილება აჩვენებს, სამწუხაროდ, უახლოეს მომავალში ამ მდგომარეობის დასრულებას არ უნდა ველოდოთ. რეგულაციების შესუსტების მოლოდინში თუ პირობებშიც, გარკვეული შეზღუდვები და წინდახედულობა კიდევ დიდხანს იქნება ჩვენი რეალობის ნაწილი. რაც შეეხება ეკრანდამოკიდებულების პრობლემას, ეს პანდემიამდეც აქტუალური იყო და პანდემიის დასრულების შემდეგაც გაგრძელდება.
რჩევები რაც მშობლებს შეგვიძლია მივცეთ, პირველ რიგში მოიცავს უკვე აღწერილი რეკომენდაციების გათვალისწინებას – ანუ რეჟიმის შემუშავება და მიყოლა, ბავშვის ბიოლოგიური რიტმების და ინტერესების გათვალისწინება, ოჯახის ყველა წევრის შეთანხმება და ურთიერთმხარდაჭერა, ბავშვთან კომუნიკაციის დროის გადანაწილება, განსაკუთრებით თუ რომელიმე ან რამდენიმე მოზრდილი ასევე დისტანციური მუშაობის რეჟიმშია ჩართული.
როგორ მოვიქცეთ, თუ დისტანციური სწავლების გამო ბავშვი „იძულებულია“ დასაშვებზე მეტი დრო გაატაროს ეკრანთან?
პირველი – ეცადეთ სამუშაო კუთხე იყოს მაქსიმალურად კომფორტული, ადეკვატურად განათებული, მაგიდის და სკამის სიმაღლე ბავშვის ხერხემლისთვის ოპტიმალური. მეცადინეობის საათებში ოჯახში მინიმუმამდე იყოს სხვა ტიპის ხმაური და აქტივობა. სასურველია, რომ სამუშაო მაგიდის წინ იყოს სივრცე და ბავშვს ჰქონდეს საშუალება ეკრანთან ურთიერთობის პარალელურად პერიოდულად დაშორებულ საგნებზე ან ფანჯრიდან ჰორიზონტზე მოახდინოს ფოკუსირება. ვასწავლოთ პერიოდულად თვალების დასვენება თვალების დახუჭვით ან იგივე სივრცეში გახედვით. გაკვეთილებს შორის ვასწავლოთ და მივაჩვიოთ 5-10 წუთიან აქტიურ დასვენებებს – ადგილზე ვარჯიშით, აერობიკით. იდეალურია, თუ მსგავსი რეჟიმით მუშაობის მაგალითს მივცემთ.
გაკვეთილების დასრულების შემდეგ მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ ეკრანებთან გატარებული „სავალდებულო“ დრო გადავფაროთ ღია სივრცეში ან თუნდაც სახლის პირობებში ფიზიკური აქტივობით. ყველაზე მკაცრი შეზღუდვების შემთხვევაშიც კი შეიძლება რამდენიმე საათით უსაფრთხო გასეირნების ორგანიზება. ბავშვის ასაკის გათვალისწინებით, ფიზიკური აქტივობა 1,5-2-3ჯერ უნდა აღემატებოდეს ეკრანთან გატარებულ დროს. არც ისე მწირია არჩევანი ისეთი თამაშების, რომლებიც საშუალებას მოგვცემს სახლის პირობებში შევასრულოთ ფიზიკური აქტივობები ბავშვებთან. მთავარია განწყობა, ფანტაზია და ქმედება.