Skip to content Skip to sidebar Skip to footer

პანდემიის პერიოდში ეკრანდამოკიდებულება ყველა ასაკობრივ ჯგუფში გაიზარდა, თუმცა საგანგაშო კვლავ რჩება ბავშვების ეკრანდამოკიდებულობის საკითხი. ეკრანდამოკიდებულების მავნე გავლენებზე “დედამიცისს” ესაუბრება  მაგდა მაჭავარიანი, გეშტალტთერაპიის ევროპული ასოციაციის (EAGT) აკრედიტებული ფსიქოთერაპევტი, ბავშვებთან და მოზარდებთან გეშტალტთერაპიის დასავლეთ სანაპიროს ინსტიტუტის (კალიფორნია, აშშ) წარმომადგენელი, ეროვნული გეშტალტ ცენტრის ფსიქოთერაპევტი და დ. უზნაძის სახ. ფსიქოლოგიის სასწავლო საკონსულტაციო ცენტრის ტრენერი, მშობლების მხარდაჭერის ჯგუფის დამფუძნებელი და ტრენერი, ოჯახის ფსიქოლოგიური კეთილდღეობისა და თვითზრუნვის მკვლევარი.

ახდენს თუ არა გავლენას ბავშვის შემოქმედებითობაზე და მის  კრეატიულობაზე ეკრანის ჭარბი გამოყენება?

ეკრანის ხშირი ყურება, მავნე გავლენას ახდენს არა მხოლოდ ბავშვის ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, არამედ ასევე ამცირებს მის კრეატიულობას. 

ბავშვის კრეატიულობის, შემოქმედებითობის არსებითად მნიშვნელოვანი მანიშნებელია წარმოსახვითი მეგობრის ყოლა. ერთ-ერთი უახლესი (2019) ბრიტანული კვლევის მიხედვით, უფრო მეტ ბავშვს ჰყავდა წარმოსახვითი მეგობარი 5 წლის წინ, ვიდრე – ახლა, რაც განპირობებულია იმით, რომ ბავშვებს, რომლებმაც არ იციან რა აკეთონ, დღეს ნებისმიერ დროს შეუძლიათ, მიუსხდნენ ეკრანს, რომელიც აღარიბებს მათ შემოქმედებით სამყაროს.

მაინც როგორ ამცირებს ეკრანი ბავშვის კრეატიულობას? 

ეკრანის ყურებისას ბავშვს სურათ-ხატები მზამზარეული სახით მიეწოდება, არაფრის წარმოსახვა არ უწევს. ამის საპირისპირო შემთხვევაა, მაგალითად წიგნის კითხვა ან თავისუფალი თამაში, როცა ბავშვი საკუთარი წარმოსახვის მობილიზებას ახდენს და თავისთვის „ქმნის“ წიგნის შესაბამის „კინოსურათს“ (მაგ., წარმოისახავს როგორია მთავარი პერსონაჟი, რა აცვია, სად ცხოვრობს, რას აკეთებს და ა.შ.). ასევე, თავისუფალი თამაშის დროს ბავშვისთვის ერთი ხის ჯოხი ჯერ შეიძლება ცხენი იყოს, მერე – ჩიტი და მერე კიდევ – თოფი. ბავშვის კრეატიულობა სწორედ ამგვარი თავისუფალი წარმოსახვის პროცესში ვითარდება, რასაც მოკლებულია ეკრანთან ჯდომის დროს.

რა გავლენას ახდენს ეკრანის ხშირი გამოყენება მოსწავლის აკადემიურ პროდუქტიულობაზე?

როდესაც ბავშვი ყოველდღიურად ძალიან დიდ დროს ატარებს ეკრანთან და იმყოფება ქრონიკული ჰიპერაღგზნების მდგომარეობაში, მას უჭირს სწავლა. მაინც როგორ უკავშირდება ეკრანი ბავშვის აკადემიური მოსწრების პრობლემებს? 

სწრაფად ცვალებადი კადრები, ინტენსიური ფერები, უეცარი, ხმამაღალი ხმები მულტფილმებსა თუ კომპიუტერულ თამაშებში იწვევს ბავშვის სენსორულ და კოგნიტურ გადატვირთვას.

ერთი მხრივ, სწავლის სირთულე შესაძლოა გამოწვეული იყოს თავის ტვინის სხვადასხვა უბნების განუვითარებლობით, რაც შესაძლოა განპირობებული იყოს ადრეული ასაკიდან ეკრანთან დიდი დროის გატარებით. 2019 წლის ნოემბერში ჩატარდა 3-5 წწ. ბავშვების თავის ტვინის მრტ კვლევა და აღმოჩნდა, რომ იმ ბავშვებს, რომლებიც დღეში 1 სთ-ზე მეტს ატარებდნენ ეკრანთან, ჰქონდათ თავის ტვინის თეთრი ნივთიერების განვითარების ჩამორჩენა – ესაა ტვინის ის არე, რომელიც პასუხისმგებელია მეტყველებაზე, წერა-კითხვაზე, კოგნიტურ უნარებზე. დიდია ალბათობა, რომ ეს ბავშვები სკოლაში რომ მივლენ, სწავლის ესა თუ ის პრობლემა აღმოაჩნდებათ.

მეორე მხრივ, ნებისმიერ ასაკში ეკრანთან კონტაქტისას იზრდება აქტივობა / სისხლის მიმოქცევა ტვინის ვიზუალურ-მოტორულ უბნებში (ამას ემატება ტვინში დოფამინის „წყალდიდობა“), ხოლო მცირდება – ტვინის იმ უბნებში, რომელიც პასუხისმგებელია უმაღლეს კოგნიტურ ფუნქციებზე, ყურადღებასა და თვითრეგულაციაზე – ესაა ფრონტალური ზონები, ბაზალური ბირთვები. 

შესაბამისად, ბავშვს რომც არ ჰქონდეს ადრეული ბავშვობიდან ეკრანთან ხანგრძლივი კონტაქტის გამოცდილება და შესაბამისი განვითარების ჩამორჩენა, თუ დიდ დროს ატარებს ეკრანთან, მაინც შეიძლება გამოავლინოს ყურადღების კონცენტრაციის სირთულე თუ სხვა კოგნიტური პრობლემები გაკვეთილზე თუ სახლში მეცადინეობისას.

რა გავლენას ახდენს ბავშვებზე ისეთი  კომპიუტერული თამაშები , სადაც ბევრი აგრესია არის წარმოდგენილი?

ეკრანის მავნე გავლენის შესახებ არსებული მითებიდან ერთ-ერთია ის, რომ თითქოს მხოლოდ ძალადობრივი ვიდეო თამაში იწვევს ნერვული სისტემის აღგზნებას. რეალურად, ეკრანთან ნებისმიერი ტიპის აქტივობა (მათ შორის, საგანმანათლებლო ვიდეო თამაშებიც) იწვევს დისრეგულაციას. 

რაც შეეხება აგრესიის შემცველი ვიდეო თამაშების გავლენას, არაერთი კვლევა ადასტურებს, რომ ძალადობრივი ვიდეო თამაშები ბავშვებს ხდის უფრო აგრესიულს, ამცირებს მათ პროსოციალურ ქცევას, ზრდის იმპულსურობას, იწვევს გუნება-განწყობილების დაქვეითებას და კოგნიტური განვითარების დარღვევებს.

ძალადობის შემცველი კომპიუტერული ვიდეო თამაშები უფრო საშიშია, ვიდრე ძალადობის შემცველი სატელევიზიო პროგრამები თუ ფილმები, რადგან კომპიუტერულ თამაშებში ბავშვი თავად არის აქტიურად ჩართული ძალადობრივ ქმედებაში და არა მხოლოდ პასიური დამკვირვებლის პოზიციაშია, როგორც ტელევიზორის ან ფილმის ყურებისას. გარდა ამისა, კომპიუტერულ თამაშებში მოთამაშეები ჯილდოვდებიან უდანაშაულო პირების, პოლიციელების თუ სხვათა მკვლელობისთვის, რაც პირდაპირი წახალისებაა. ზოგ თამაშში მოთამაშე გმირის როლშია, ხოლო სხვა თამაშში – კრიმინალის როლში – ყველა შემთხვევაში მოთამაშის ქმედება ძალადობრივია; შედეგად, ბავშვი ძალადობრივი ქმედებების ჩადენაში ვარჯიშდება, რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება რეალურ ცხოვრებაშიც განახორციელოს.

ბავშვები ხშირად უყურებენ იუთუბზე ე.წ “ცნობილი ბავშვების” თამაშებს, მათ ცხოვრებას, სათამაშოებს და საჩუქრებს და ა.შ რა ზიანი შეიძლება მოუტანოს ბავშვს ამან?

ძალიან ბევრ მშობელს უჭირს, რომ საკუთარი შვილი მოსწყვიტოს იუთუბს, რომელზეც უყურებენ სხვა ბავშვები როგორ თამაშობენ. მცირე ასაკის ბავშვებს განსაკუთრებით იზიდავს ვიდეოები იმის შესახებ, თანატოლები როგორ ხსნიან და თამაშობენ ამა თუ იმ სათამაშოთი, ხოლო უფროსი ასაკის ბავშვებს მოსწონთ ყურება, როგორ თამაშობენ სხვები სხვადასხვა ვიდეო თამაშებს (მაგ., “მაინკრაფტს”). 

ერთი შეხედვით გაუგებარია, რატომ ურჩევნიათ ბავშვებს სხვების თამაშის ყურება საკუთარ თამაშს. რეალურად, სათამაშოს გახსნისა და თანატოლის თამაშის ვიდეოს ყურება მოქმედებს ბავშვის ტვინზე. ერთი მხრივ, სხვისი თამაშის ყურებისას, ბავშვი აკვირდება და ჰბაძავს მოთამაშეს, მისგან სწავლობს თამაშის წესებს; ხოლო მეორე მხრივ, სათამაშოს გახსნას ახლავს მოლოდინი და ააქტიურებს დაჯილდოების ნერვულ გზებს (reward pathway), იწვევს ისეთსავე აღგზნებას, როგორსაც მაშინ, როცა ბავშვი თავად ხსნის საჩუქარს და თამაშობს.

რაც შეეხება გავლენას – მავნეა თუ არა, ეს დამოკიდებულია ბალანსზე. თუ ბავშვი მხოლოდ სხვის მიერ სათამაშოების გახსნასა და თამაშს უყურებს და თან განუწყვეტლივ, ეს სავარაუდოდ საზიანოა, რადგან ბავშვი მხოლოდ უყურებს და ცხოვრებაში არ გადმოაქვს მიღებული გამოცდილება (ეს ძალიან ჰგავს, ზრდასრულების შემთხვევაში, საკუთარი ცხოვრებით ცხოვრების ნაცვლად სერიალების ყურებას სიცარიელის შესავსებად).

ამ სიტუაციაში გადამწყვეტი როლის შესრულება შეუძლია მშობელს, თუ ბავშვს გაესაუბრება სხვისი თამაშის ყურების პროცესში და შემდეგ, ბავშვს რომელი თამაში ან სათამაშო მოეწონა და თავად რომლით თამაში სურს. რეალურად სჯობს სხვის თამაშს მშობელი და ბავშვი ერთად უყურებდნენ და იმ მიზნით, რომ აარჩიონ რომელი სათამაშო შეიძინონ, რომლითაც ბავშვი შემდეგ თავად ითამაშებს.

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5