პანდემიის პირობებში, როგორც უფროსებისთვის, ასევე პატარებისთვის ეკრანების მოხმარება გაიზარდა. როგორ აისახება ჩვენს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ციფრული ტექნოლოგიების სიჭარბე და როგორ დავაბალანსოთ ეკრანის როლი ოჯახში, ფსიქოლოგი ნინო მარგველაშვილი გვიხსნის.
იცვლება თუ არა ბავშვის ქცევა ეკრანის ჭარბი მოხმარების დროს?
რა თქმა უნდა, იცვლება ბავშვის ქცევა, თუ ის ჭარბად მოიხმარს ტექნოლოგიებს. როდესაც, რამის ყურების ვადა გადის და მოდის სადილის დრო, თუ ბავშვი ვარდება ისტერიკაში, გესაუბრებათ უხეშად და მისთვის რთულია გადაერთოს ერთი აქტივობიდან მეორეზე, ეს ნიშნავს რომ ბავშვის სხეული და მისი ნერვიული სისტემა ვერ უძლებს, გადაიტვირთა ეკრანის ყურებით და ჰიპერაგზნებულია. ამიტომ, ჩვენ უნდა მოვიფიქროთ, რამდენი ხანი არის ბავშვისთვის ოპტიმალური დრო და რა გავლენას ახდენს მასზე ციფრული “კონტენტი”. ასევე, მნიშვნელოვანია ბავშვებს ჰქონდეთ მაღალი ხარისხის პროდუქტთან წვდომა და ის რასაც უყურებს, ეხმიანებოდეს იმ ღირებულებებს, რომელიც გვინდა რომ ოჯახში გვქონდეს.
როგორ დავეხმაროთ გაღიზიანებულ ბავშვს?
უფროსებს რამდენიმე საბაზისო წესი უნდა გვქონდეს სახლში იმის დასამტკიცებლად, რომ ეკრანი არ არის ცენტრალური ნაწილი ყოველდღიურობის, მაგრამ ნაწილია ჩვენი ცხოვრების. თუ ბავშვი ვერ ერთობა, ჩვენ უნდა მივცეთ მას ინსპირაცია, რომ ითამაშოს და თუ, მას არაფერი მოსწონს და ვერაფრით ერთობა, ეს არის სიგნალი, რომ ბავშვის ნერვული სისტემა არის გადატვირთული. როდესაც ვიცით მიზეზი მათი გაღიზიანებისა, შეგვიძლია ამ სიტყვებით ვუთხრათ: “მე შენ ვეღარ გაყურებინებ მეტს, ახლა მოგეხვევი და ვეცდები დავამშვიდო შენი ნერვული სისტემა, შემიძლია ჩაგეხუტო, შემიძლია ხელში აგიყვანო, მოდი შენი საყვარელი მშვიდი მუსიკა ჩავრთოთ,“- ბავშვის მოწყენილობას უნდა მოვეპყროთ, როგორც სტრესულ გამოხატულებას და ვეცადოთ არ ვიყოთ ხისტი ასეთი გამოვლინებების მიმართ.
ეკრანს ვერსად გავექცევით, მით უფრო ამ პერიოდში… აგვიხსენით რა გავლენას ახდენს ის, როგორც უფროსებზე, ასევე პატარებზე?
ძალიან მნიშვნელოვანი არის უფროსებმა, როგორც ბავშვებთან მიმართებაში, ასევე ჩვენ საკუთარ თავთანაც, დაბალანსებული და ჯანსაღი ურთიერთობა ჩამოვიყალიბოთ ტექნოლოგიებთან. მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკა უამრავ პოზიტიურ გავლენას ახდენს ჩვენს ცხოვრებაზე ამ კრიზისის პერიოდში, სამწუხაროდ ჩვენი თავის ტვინი ადვილად ხდება დამოკიდებული ამ ნივთზე. გამოსახულებებიდან მოდის ლურჯი ნათება, რომელიც რეალურად ხელს უშლის ჩვენს ორგანიზმს, გამოიმუშავოს მელატონინი, ჰორმონი რომელიც გვეხმარება ჩაძინებაში. სრულფასოვანი ძილი კი გვეხმარება ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრებაში. თუ დიდხანს გვიჭირავს ეკრანი ხელში, ეს გვიშლის მივყვეთ ჯანსაღ, ცირკადიულ რითმებს. აპლიკაციები, ფილმები და მულტფილმები, რომელიც არის უფრო კაშკაშა, უფრო ხმაურიანი, მოქმედებს ჩვენს თავის ტვინზე და რაც უფრო კაშკაშა იქნება ვიზუალურად გამოსახულება, რაც უფრო მეტი ხმოვანი სიგნალი იქნება თანდართული ჩვენი თავის ტვინი ყოველ ასეთ გამონათებაზე რეაგირებს, იმახსოვრებს ეფექტს და გამოგვეყოფა ნეიროტრანსმიტერი დოპამინი, რომელიც შემდეგ კიდევ გვიბიძგებს ვუყუროთ. ერთია, რომ ტექნიკა ხელს გვიშლის ჩაძინებაში და ჩვენ ვერ ვიკმაყოფილებთ სრულფასოვანი ძილის საჭიროებას, ამიტომ დილით ვართ უგუნებოდ, დაღლილი, ვბრაზობთ და ჩვენი თავის ტვინი გვეუბნება: ”ჰეი, ცუდად ხარ. ახლა უნდა დამშვიდდე. რა გამშვიდებს? “ – ტელეფონში “სქროლვა” ან რაიმე ფილმის ყურება, ან ვიდეოთამაში” და მერე ადამიანი გაუცნობიერებლად იწყებს რეაქტიულ “სქროლვას”. იმის მაგივრად, რომ მან დაიწყოს თავის ემოციებთან შეყოვნება, მათი მოსმენა და სხვა უფრო ჯანსაღი გზების მოძიება სტრესულ სიტუაციასთან გასამკლავებლად, ის ებმება მანკიერ წრეში. ეკრანთან გატარებული დრო ერთდროულად მიზეზიცაა და შედეგიც ჩვენი დარღვეული თუ არასასურველი ქცევებისა თუ რუტინის.
რას ურჩევდით იმ მშობლებს, რომლებიც ამ პერიოდში სახლიდან მუშაობენ და არც დამხმარე ჰყავთ. როგორ დააბალანსონ “ეკრანი”-ს როლი ოჯახში?
ქართველ მშობლებს ხშირად გვიჭირს “არა”-ს თქმა ჩვენი შვილებისთვის , ამიტომ ამ პერიოდში კიდევ უფრო სერიოზულად უნდა ვილაპარაკოთ ამ თემაზე, როგორ უნდა დავიცვათ ბავშვები ეკრანის ჭარბი მოხმარებისგან. პანდემიის პირობებში მშობლები, რომლებიც სახლიდან მუშაობენ და არ ჰყავთ დამხმარე შვილებისთვის, ან უბრალოდ ნებისმიერ მშობელს, რომელსაც ამოსუნთქვა სჭირდება იმ უამრავი მოვალეობის შესრულებისგან, რასაც ყოველდღიურად ახორციელებენ სახლში, მათი “გადამრჩენელი” ციფრული ტექნოლოგიაა. მივცემთ ეკრანს და ბავშვები უფროსებს აღარ შეაწუხებენ, იმ დროს კი მშობელს შეეძლება ფოკუსირდეს შერჩეულ საქმეზე და ხელი არავინ შეუშალოს. ამ პერიოდში მნიშვნელოვანია, არ დავიდანაშაულოთ თავი და არ შეგვრცხვეს იმის, რომ ჩვენი შვილები დღეს უყურებენ მულტფილმებს ან თავიანთ საყვარელ იუთუბერებს უფრო მეტად, ვიდრე სხვა დროს და ეს არ უნდა იყოს დამატებითი სტრესორი მშობლებისთვის. თუმცა, საჭირო არის საზღვრების და ბალანსის დაცვა, უბრალოდ იმიტომ რომ უფრო მშვიდად ჩაიაროს დღემ და უფრო მეტი რესურსი გვქონდეს თითოეულ ჩვენთაგანს, რომ ის ვაკეთოთ რაც თითოეული ოჯახისთვის არის ღირებული, რაც ასევე ხელს უწყობს ზრდას და სიმშვიდის განცდას. მაგალითად, ძალიან მნიშვნელოვანი არის ბავშვებს არ მივცეთ საშუალება უყურონ ეკრანებს გაღვიძებიდან ერთი-ორი საათის განმავლობაში და დაძინებამდე ერთი-ორი საათით ადრე. ჩვენ უნდა შევუწყოთ ხელი ჯანსაღი ურთიერთობის ჩამოყალიბებას ოჯახში: როდესაც ბავშვი გაიღვიძებს , მივესალმოთ ერთმანეთს, მოვესიყვარულოთ ერთმანეთს, ვისაუზმოთ ერთად და შემდეგ, შეიძლება განსაზღვრული და ბავშვთან შეთანხმებული დროით მივცეთ მას უფლება ეკრანთან წვდომის.