პლატფორმას “დედამ იცის” ესაუბრება ფსიქოლოგი და ქცევითი თერაპევტი გვანცა ფოფხაძე.
როგორ ვასწავლოთ ბავშვს ემოციების გამოხატვა და რატომ არის მნიშვნელოვანი ამაზე მუშაობა პატარა ასაკიდან?
ემოციები განაგებს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას და გვაძლევს ერთმანეთთან ურთიერთობის საშუალებას. მათ გარეშე ჩვენი არსებობა უინტერესო იქნებოდა. პირველ რიგში, სასურველია, ბავშვებს პატარა ასაკიდანვე ვასწავლოთ მარტივი ემოციების ამოცნობა. მაგ: იმის სწავლება, თუ როგორია ბედნიერი, მოწყენილი, ან გაბრაზებული ადამიანი. უნდა ვაჩვენოთ, როგორ გამოიყენონ სიტყვები გრძნობების გამოსახატად. შევეცადოთ, ბავშვს გავაგებინოთ, რა ემოცია დევს ჩვენი სიტყვის უკან.
იმისათვის, რომ ბავშვმა ისწავლოს ემოციების გამოხატვა, მნიშვნელოვანია, სწორედ მას მივცეთ გამოხატვის თავისუფლება, შეფასების გარეშე და უსაფრთხო გარემოს შექმნის გზით. როდესაც ის რაიმეს განიცდის მივეხმაროთ, ამ ემოციას შესაბამისი სახელი დაარქვას. მოვუსმინოთ რას ამბობს. თუ ატყობ, გაბრაზებულია, უთხარი: – ,,ვხედავ, რომ გაბრაზებული ხარ.’’ თუ უხარია, უთხარი: – „ვხედავ, რომ ბედნიერი ხარ.’’ აღიარეთ ემოციების მნიშვნელობა, ყოველთვის ხაზი გაუსვით იმას, რომ გრძნობების გამოხატვა ნორმალურია. ,,მე ვხედავ და ვგრძნობ, რომ შენ ნაწყენი ხარ,’’ ,,ვიცი, რომ ეს უსიამოვნო ვითარებაა და შენ ამას განიცდი.’’
ბავშვები, რომლებსაც კარგად ესმით საკუთარი ემოციები, უფრო თავდაჯერებულები არიან და ეფექტურად ხვდებიან სირთულეებს.
როდესაც ადამიანი სხვადასხვა ხასიათზეა, მისი ემოცია სხვადასხვაგვარია. პატარას შეუძლია როგორც საკუთარი, ისე გარშემომყოფების ემოციის აღქმა. ეს მას ეხმარება სიტუაციის ადეკვატურად გაანალიზებაში, კონტაქტის დამყარებაში გარშემომყოფებთან. ბავშვი სიამოვნებას განიცდის, როდესაც ახალ უნარებს სწავლობს. პატარები ურთიერთობას ემოციების მეშვეობით ამყარებენ. აკვირდებიან უფროსის საქციელს და ამის მიხედვით აქვთ საპასუხო რეაქცია. ბავშვებს მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდის მშობლის ხმა და სახის გამომეტყველება. ის ყოველთვის სწავლობს მშობლის მაგალითზე, უფროსის ქცევაზე დაკვირვებით. მშობელმა უნდა გამოხატოს საკუთარი გრძნობები შესაბამისი ფორმით. მაგ: ,,მიხარია, რომ აალაგე შენი სათამაშოები, მადლობა’’, “იცი, მეწყინა გაუფრთხილებლად რომ აიღე ჩემი სუნამო, გთხოვ, შემდეგში აუცილებლად მკითხე.’’
ბავშვს უნდა ვაგრძნობინოთ, რომ ყველა ემოცია, უსიამოვნოც კი, ბუნებრივი პასუხია მოვლენებზე და რომ მათი დასახელების, გაგებისა და მიღების სწავლა გადამწყვეტია მათი მართვისთვის. ყოველთვის გაახმოვანეთ და ხმამაღლა ისაუბრეთ საკუთარ ემოციებზე. მშობელი ეხმარება ბავშვს ყოველდღიურად გრძნობების გამომხატველი სახეების შერჩევაში, რომლებიც გამოხატავს მის სულიერ მდგომარეობას. მათ შეუძლიათ შეცვალონ საკუთარი გრძნობების გამომხატველი სახე დღის განმავლობაში, იმის მიხედვით თუ როგორ ეცვლებათ განწყობა.
ამის გაკეთება შეგიძლიათ შემდეგნაირად: გააკარით ფორმატი კედელზე და იქ დახატეთ ემოციები. შესაძლებელია გამოიყენოთ დაფა, მაგნიტური „სმაილები“ ან ემოციების გამომხატველი სტიკერები. მაგ:
მე ვგრძნობ
დაეხმარეთ ბავშვს ,,მე – პოზიციის’’ ჩამოყალიბებაში. იმისათვის, რომ ბავშვმა შეძლოს ემოციების გამოხატვა, მან უნდა ისწავლოს მათი გამოხატვა ,,მე-ს გამოყენებით. მაგ: ,,მე ნაწყენი ვარ’’, ,,მე არ მესიამოვნა’’, ,,მე გახარებული ვარ’’ და ა.შ.
ასე ისწავლის საკუთარი დამოკიდებულების, აზრების, და გრძნობების გამოხატვას გარკვეული მოვლენებისა თუ ფაქტების მიმართ. უფროსებს, ასევე, შეუძლიათ დაგეგმონ სპეციალური აქტივობები, რათა განუმტკიცონ ბავშვებს შეძენილი გრძნობები და ემოციების გამომხატველი სიტყვები.
აქტივობები:
1. ემოციების თასი: მშობელი ჭრის სურათებს, რომლებზეც გამოსახულია სხვადასხვა ემოციის გამომხატველი სახე, ყრის მათ თასში, რომელსაც ჩამოატარებს წრეზე. ოჯახის ყველა წევრი ამოიღებს რიგრიგობით თითო სურათს და თითოეული მათგანი აღწერს სიტუაციას, როცა ამ ემოციის მსგავსად გრძნობს თავს.
2. კამათელი: მშობლებს შეუძლიათ კამათლები დაფარონ პატარა თეთრი ქაღალდებით და დაახატონ სხვადასხვა განწყობის გამომხატველი სახე თითოეულ მხარეს, ამის შემდეგ ბავშვი ისვრის კამათელს, შემდეგ განსაზღვრავენ განწყობის გამომხატველ სახეს და აღწერენ მას.
3. გრძნობების ძიება: მშობელი/მზრუნველი განათავსებს გრძნობების გამომხატველი სახეების მქონე სურათებს ოთახის სხვადასხვა ადგილზე. ბავშვი (ოჯახის სხვა წევრებთან ერთად) დადის ოთახში და ეძებს გრძნობების გამომხატველ სხვადასხვა სახეს, როცა იპოვიან ერთს, განასახიერებენ.
4. სიმღერა, ,,თუ ბედნიერი ხარ და იცი ეს“: უფროსს შეუძლია დაამატოს ახალი სტროფები სიტყვებს: ,,თუ ბედნიერი ხარ და იცი ეს“, როცა ისინი იყენებენ ახალ ემოციების გამომხატველ სიტყვებს კლასში: • თუ ბედნიერი ხარ და იცი ეს, ჩაეხუტე მეგობარს; • თუ მოწყენილი ხარ და იცი ეს, იტირე; • თუ გაბრაზებული ხარ და იცი ეს, თქვი: ,,მე გაბრაზებული ვარ“; • თუ შეშინებული ხარ და იცი ეს, ითხოვე დახმარება: ,,დამეხმარეთ“.
5. გაიაზრე ემოცია: ზღაპრის წაკითხვისას უფროსი წყვეტს კითხვას მნიშვნელოვან, დაძაბულ დროს და სთხოვს ბავშვს აღწეროს მისი ემოცია იმ წუთში, რას გრძნობს თავად ან პერსონაჟი.
მნიშვნელოვანია ემოციების გამოხატვაზე მთელი ბავშვობის განმავლობაში მუშაობა. იყავით გულისხმიერი, ესაუბრეთ ბავშვებს გრძნობებზე. გახსოვდეთ,რომ ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ემოციური მდგომარეობა და პირადი მაგალითი. ბავშვები უფროსებზე დაკვირვებით სწავლობენ ემოციის გამოხატვის სტრატეგიებს.