Skip to content Skip to sidebar Skip to footer

პლატფორმას „დედამ იცის“ ესაუბრება ფსიქოკონსულტანტი, ენისა და მეტყველების თერაპევტი თათული ბაკურაძე.

გვესაუბრეთ ბავშვზე ემოციური ძალადობის შესახებ. რა ტიპის ქცევა შეიძლება ჩაითვალოს ბავშვზე ემოციურ ძალადობად და რა გავლენას ახდენს ის ბავშვის ფსიქოლოგიურ, სოციალურ და ემოციურ  ჯანმრთელობაზე?

ემოციური ძალადობა არის ნებისმიერი სახის ძალადობა, რომელიც გულისხმობს ბავშვის მუდმივ ემოციურ არასათანადო მოპყრობას. ამას ზოგჯერ ფსიქოლოგიურ ძალადობასაც უწოდებენ, ის შეიძლება მოიცავდეს ბავშვის შეშინებას, დამცირებას, იზოლირებას ან იგნორირებას. ემოციური შეურაცხყოფის  ამოცნობა რთულია, რადგან ხშირ შემთხვევაში მას ფიზიკური დაზიანებების ნიშნები არ ახლავს. 

როგორი შეიძლება იყოს ემოციური ძალადობა?

ემოციური ძალადობა შეიძლება იყოს ბავშვის დამცირება და მისი გამუდმებული კრიტიკა, დაყვირება და შეურაცხმყოფელი სახელების შერქმევა, მისი დაცინვა და სარკასტული საუბარი, მისი დადანაშაულება, ბავშვის როგორც ინდივიდუალური პიროვნების არ ან ვერ აღქმა, მუდმივი კონტროლი და მისი პირადი სივრცის დარღვევა, ემოციურ ძალადობას მიეკუთვნება ასევე ბავშვის გაუფრთხილებლობა და მისი შესწრება ისეთ  სიტუაციებთან, როგორიცაა: ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების პროცესი ან ოჯახში ძალადობა. ემოციური ძალადობის სახეა მშობლების მხრიდან ბავშვის უგულებელყოფა, მისი სოციალური განვითარებისთვის საჭირო მოქმედებების არ განხორციელება, მშობლების მხრიდან სითბოს არ გამოხატვა, ბავშვის მიერ მიღწეული წარმატების არ აღნიშვნა, პოზიტიური გრძნობების არ გამოხატვა და მასზე მანიპულირება.

როგორ ამოვიცნოთ ემოციური ძალადობა?

როგორც უკვე აღვნიშნე, ემოციურ შეურაცხყოფას არ ახასიათებს აშკარა ფიზიკური ძალადობის ნიშნები, ამიტომაც მისი ამოცნობა რთულია, ხშირ შემთხვევაში ბავშვები ამაზე არ გვესაუბრებიან, სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია ვიყოთ ყურადღებით და დავაკვირდეთ მათ ქცევას ამა თუ იმ სიტუაციაში.

ბავშვებს, რომლებზეც ხორციელდება ემოციური ძალადობა, ახასიათებთ შემდეგი ნიშნები:

  • თავდაჯერებულობის ნაკლებობა ან საერთოდ არ ქონა;
  • უჭირთ ემოციების კონტროლი;
  • ექმნებათ ადამიანებთან ურთიერთობის სირთულეები ან საერთოდ ვერ ახერხებენ მას;
  • ახასიათებთ ასაკთან შეუსაბამო საქციელი.

ემოციური ძალადობის ნიშნები სხვადასხვა ასაკში განსხვავებული შეიძლება იყოს:

სკოლამდელი ასაკის ბავშვები შესაძლოა იყვნენ:

  • ზედმეტად მოსიყვარულე უცხო ადამიანების მიმართ;
  • მშფოთვარე ან ზედმეტად ფრთხილები;
  • მშობლების მიმართ დისტანცირებულები ნაკლებად ავლენენ და გამოხატავენ მათთან სიახლოვის სურვილს;
  • ახასიათებთ აგრესიული ქცევა სხვა ბავშვების ან ცხოველების მიმართ.

შედარებით უფროს ბავშვებში ის ვლინდება შემდეგნაირად:

  • ასაკთან შეუსაბამო  საუბარი და საქციელი;
  • ემოციების კონტროლის სირთულე;
  • რისკის შემცველი ქცევა;
  • მშობლებისგან იზოლირებულად ყოფნა;
  • სოციალური უნარების ნაკლებობა;
  • ჰყავთ ძალიან ცოტა მეგობარი ან საერთოდ არ ჰყავთ ისინი.

ბავშვებმა, რომლებზეც ემოციურად ძალადობენ, არ იციან, რომ ასე მოქცევა არასწორია. ხშირ შემთხვევაში ისინი საკუთარ თავს ადანაშაულებენ იმაში, რაც მათ მიმართ ხორციელდება, სწორედ ამიტომ ისინი არ საუბრობენ ამის შესახებ.  თუ ბავშვი გადაწყვეტს, რომ მოგიყვეთ ის რაც მის თავს ხდება, მნიშვნელოვანია იყოთ ძალიან ფრთხილად, აუცილებელია აღნიშნოთ, რომ ამაზე თქვენთან საუბარი სწორი გადაწყვეტილებაა, ის რაც მის მიმართ ხდება თავისი ბრალი არ არის, უთხარით, რომ მისი გჯერათ და შესთავაზეთ დახმარების კონკრეტული გზა, ჩართეთ სოციალური სამსახური.

დროთა განმავლობაში ემოციურ ძალადობას და უგულებელყოფას შეუძლია სერიოზული გრძელვადიანი გავლენა მოახდინოს ბავშვის სოციალურ, ემოციურ და ფიზიკურ ჯანმრთელობასა და განვითარებაზე, ამიტომ მნიშვნელოვანია მხარდაჭერა და  დახმარების დროულად აღმოჩენა.

რა შედეგი შეიძლება მოგვცეს მუდმივმა ემოციურმა ძალადობამ?

ამგვარმა დამოკიდებულებამ შესაძლოა შეცვალოს ბავშვის ქცევა. უბიძგოს მას ქურდობის, ძალადობის ან ბულინგისკენ, მათი საქციელი რისკის შემცველი და საზოგადოებისთვის არასასურველია, მათ ექმნებათ ემოციის აღქმის და გამოხატვის სირთულე, ახასიათებთ გარშემომყოფების მიმართ უნდობლობა, რაც  ხელს უშლის შემდგომში ჯანსაღი ურთიერთობების დამყარებას და შენარჩუნებას.

მნიშვნელოვანია ამ კუთხით საზოგადოების ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება, რადგან ხშირად ფსიქოლოგიური ძალადობა არასერიოზულად და ნაკლები სიმძიმით აღიქმება, ვიდრე სხვა ტიპის ძალადობა, არადა მათ, ვინც ემოციური შეურაცხყოფის მსხვერპლია, უფრო მეტად აქვთ გამოხატული  ზრდასრულობაში დეპრესია და ჯანმრთელობის პრობლემები, ვიდრე მათ, ვისაც სხვა ტიპის ძალადობის გადატანა მოუხდათ.

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5