Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ახლად ფეხადგმულ ბავშვს შეუძლია ერთ წამს სიხარულით შემოირბინოს მთელი ოთახი, მეორე წამს კი  იმედგაცრუებისგან ისე იტიროს, რომ მთელ უბანს ესმოდეს. განვითარების ეს ეტაპი შესანიშნავი შესაძლებლობაა, რათა თქვენს შვილს ასწავლოთ საკუთარი ემოციების მართვა  და თავის დამშვიდება. ოჯახი ხომ პირველი და საუკეთესო ადგილია ცხოვრებისეული გაკვეთილების მისაღებად.

როდესაც თქვენ ეხმარებით შვილს, გააცნობიეროს რას განიცდის და სახელი დაარქვას ამ განცდას (მაგალითად, „მე გაბრაზებული ვარ“), ამავდროულად უზრუნველყოფთ მისი ემოციური ინტელექტის განვითარებას. მაღალი ემოციური ინტელექტის მქონე ბავშვებს შეუძლიათ უკეთ გაუგონ საკუთარ თავსა  და სხვა ადამიანებს და გაუმკლავდნენ საკუთარ  ემოციებს.

როგორ დავეხმაროთ ბავშვს ემოციური ინტელექტის განვითარებაში?

მოუსმინეთ

ბავშვებს სჭირდებათ, რომ მათ მოუსმინონ. ისინი მხოლოდ მაშინ გაგვიმხელენ საკუთარ განცდებს, თუ იციან, რომ ჩვენ მართლა მოვუსმენთ. ამიტომ, როდესაც ბავშვი რამეს გიყვებათ, სცადეთ თავი შეიკავოთ მისი კარგად გახდომის მცდელობებისგან და უბრალოდ მოუსმინეთ.

დაარქვით სახელი ემოციებს

ახლად ფეხადგმულ ბავშვებს მწირი ლექსიკური მარაგი აქვთ, მიზეზ-შედეგობრივ კავშირებსაც ნაკლებად იცნობენ და ამიტომ უჭირთ აღწერონ ის, რასაც განიცდიან. თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ემოციების ლექსიკონის შექმნაში. მაგალითად, „შენ გაბრაზებული ხარ, რადგან დაიკომ სათამაშო წაგართვა“.

თქვენ ასევე შეგიძლიათ აუხსნათ შვილს, რომ ნორმალურია რაღაცების მიმართ ურთიერთსაწინააღმდეგო გრძნობები. მაგალითად, ბაღის პირველ დღეებში ის შეიძლება იყოს აღფრთოვანებულიც და შეშინებულიც ახალი გარემოს გამო.

მიიღეთ ყველა ემოცია

იმის ნაცვლად, რომ თქვენს შვილს უთხრათ „არაფერია, ნუ ტირი“, როცა ის სირბილისას მუხლს იტკენს, უთხარით „ვიცი, რომ ახლა გტკივა“. მისი განცდების არეკვლით თქვენ მას შეტყობინებას უგზავნით, რომ მისი ემოციები მისაღებია და აჩვენებთ ემპათიის მაგალითს, რომელიც ძალზე მნიშვნელოვანია ემოციური ინტელექტის განვითარებისთვის.

მთავარია, რომ თქვენ მისი გრძნობები მიიღოთ და არ დაიწუნოთ. რადგან თუ ის შეგატყობთ, რომ ეს არ მოგწონთ, ჩათვლის, რომ მისი ნეგატიური ემოციები სამარცხვინოა და მხოლოდ სასიამოვნო განცდებია მისაღები. შემდეგ, ნაცვლად იმისა, რომ მოძებნოს უსიამოვნო ემოციების მართვა და მისაღები გზით გამოხატვა, ის მათ განდევნას დაიწყებს და შეიძლება ეს ყველაფერი კოშმარებში ან აგრესიულ ქცევაში გამოვლინდეს.

გამოიყენეთ ტანტრუმი სასწავლებლად

თუ თქვენი შვილი მაღაზიაში სცენებს მოაწყობს კანფეტის მისაღებად, უთხარით „ვიცი, რომ იმედგაცრუებული ხარ, მაგრამ დღეს კანფეტს არ ვყიდულობთ“. ქარიშხლის გადავლის შემდეგ კი მოკლედ გაესაუბრეთ მას და სთხოვეთ, მოგიყვეთ, როგორ გრძნობდა თავს ამ დროს.

გაუზიარეთ თქვენი განცდები

თუ თქვენს პატარას აშინებს პირველი დღე ბაღში, მოუყევით, როგორ ღელავდით ახალი სამსახურის დაწყების წინ და როგორ დაგეხმარათ მეგობარი, რომ თავი უკეთ გეგრძნოთ.

მოძებნეთ წიგნები, სიმღერები, მოთხრობები და თამაშები, რომლებიც მის გამოცდილებას უკავშირდება. ისაუბრეთ იმაზე, რას გრძნობენ პერსონაჟები. ის ასე გაიგებს, რომ მარტო არ არის და გრძნობების მართვის მრავალი ჯანსაღი გზა არსებობს.

წყარო: www.babycenter.com

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5