პლატფორმას “დედამ იცის” ესაუბრება ფსიქოლოგი, პოზიტიური და ტრანსკულტურალური ფსიქოკონსულტანტი მედეა გელდიაშვილი.
რა არის ემოციური კვება, როგორ მიდის ადამიანი ამ ეტაპამდე, რა ნიშნებით ამოვიცნოთ და როგორ შეუძლია ადამიანს გადალახოს ეს პრობლემა?
ეს არის მძაფრი, ნეგატიური ემოციების ზემოქმედების ქვეშ კვება. როდესაც ადამიანი ცდილობს სტრესისგან გამოწვეული დაძაბულობის შემცირებას საჭმლის გზით. ესაა არაჯანსაღი სტრატეგია, რომელიც ხშირ შემთხვევაში სრულიად გაუცნობიერებელია. ადამიანი გაურბის პრობლემას, შესაძლოა სიტუაციას, რომელიც ძალზედ არასასურველია მისთვის, საჭმლის დახმარებით. ყურადღების გადატანის მცდელობაა, რომელიც პრობლემის გააზრების გადავადებას იწვევს და პერსპექტივაში შესაძლოა ჭარბი წონის გამომწვევი მიზეზი გახდეს.
როგორ მიდის ადამიანი ემოციურ კვებამდე?
ეს დამოკიდებულია როგორი გამოცდილება აქვს ადამიანს. მინდა გითხრათ აღზრდა ამაზე დიდ გავლენას ახდენს. ჰიპერმზრუნველი აღმზრდელი ბავშვზე გადაჭარბებული, ხშირად არასაჭირო და დამაზიანებელი მზრუნველობით გამოირჩევა. ასეთი მშობელი, როგორც წესი, უზრუნველყოფს სტერილური გარემო შეუქმნას შვილს. აარიდოს ყოველგვარი დისკომფორტი, არ მისცეს ნეგატიური ემოციების გამოხატვის შესაძლებლობა და ჩაანაცვლოს საჭმლით. ხშირად იყენებენ ტკბილეულს ბავშვის ტირილის ჩასახშობად. ასე ვთქვათ, ადამიანი სწავლობს ემოციების საჭმლით განეიტრალებას, რასაც ზრდასრულ ასაკშიც მიჰყვება, მაგალითად, უსიამოვნების, სევდის, წყენის, ბრაზის განცდის პროცესში სუბიექტი იმპულსურად შესაძლოა ეძებდეს ტკბილეულს ან სხვა ტიპის საკვებს და ჭამდეს უკონტროლოდ. არის კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც შეგვიძლია კულტურულ ჭრილში განვიხილოთ: წარსულში ‘’პუტკუნა’’ ბავშვი ჯანმრთელად და კარგად მოვლილად მოიაზრებოდა. ძველ სტერეოტიპებს დღესდღეობითაც ჰყავს მიმდევრები. ამ შემთხვევაში მშობელი ბავშვს შესაძლოა კვებავდეს შეუსაბამოდ, ხშირად, დიდი ულუფებით. როგორი მიდგომა და რწმენა-წარმოდგენები აქვს მშობელს დიდწილად განსაზღვრავს იმას, თუ რას წაახალისებს ბავშვის ცხოვრებაში.
არსებობს კიდევ ერთი არაჯანსაღი ურთიერთობის ფორმა – ინდიფერენტული მშობლობა. ასეთი აღმზრდელი მცირეწლოვანის ცხოვრებაში დაინტერესებული, ემოციურად ჩართული ნაკლებადაა. ინდიფერენტული მშობლისთვის უმნიშვნელოა ბავშვის ემოციური მდგომარეობა და საჭიროებები. იგი ძალიან დაგვიანებით ან საერთოდ არ პასუხობს აღსაზრდელის მოთხოვნილებებს. ასეთ ურთიერთობას ნეგატიური სცენარი მოჰყვება ხოლმე. მაგ, მოზარდი სიმარტოვის განცდის დაძლევას შესაძლოა ცდილობდეს ჭარბი და არაჯანსაღი კვების გზით, გაჯეტთან დღის სასიცოცხლო დროის გატარებით, რასაც პარალელურად ახლავს გაუაზრებელი ჭამა. ამგვარი ადრეული გამოცდილება აყალიბებს ემოციური კვების ტენდენციას მომავალში. საკვები შესაძლოა გახდეს ადამიანისთვის სიამოვნების მიღების ერთადერთი წყარო, იმედგაცრუებისა და ემოციური დაუკმაყოფილებლობის ინსტრუმენტი, სიმარტოვის განცდის დაძლევის გზა…
როგორ ამოვიცნოთ, რომ ადამიანს კვებითი დარღვევა აქვს?
ემოციურ კვებას აქვს რამდენიმე დამახასიათებელი ნიშანი:
- ირაციონალურად კვება – როდესაც ადამიანი ემოციური წნეხის ზემოქმედების ფონზე იწყებს ჭამას და შესაძლოა სულაც არ განიცდიდეს ფიზიოლოგიურ შიმშილს;
- უკონტროლო ჭამა – როდესაც ადამიანი ვერ აკონტროლებს საკვების რაოდენობას, ჭამს იმაზე მეტს, ვიდრე რეალურად სჭირდება;
- საჭმლის მარაგების შექმნა, რასაც სიმშვიდისა და უსაფრთხოების განცდა მოაქვს;
- აკვიატებული სურვილი კულინარიული საქმიანობისა;
- ჭამასა და ჭამას შორის მცირე ინტერვალები.
როგორ შეუძლია ადამიანს, რომ გადალახოს ეს პრობლემა?
ნებისმიერ დამოკიდებულებას, მავნე ჩვევას აქვს ფუნქცია, შინაარსი. დამოკიდებულება – ესაა გაქცევა სტრესული სიტუაციიდან, რთული ცხოვრებისეული რეალობიდან თუ საკუთარი თავისგან. რაღაც ძალიან მტკივნეულია, რასთან შეხვედრაც ადამიანს უჭირს და ცდილობს ნუგეში იპოვოს სხვა მიმართულებით. თვალი გაუსწოროს შექმნილ რეალობას, აიღოს პასუხისმგებლობა მასზე და დაიწყოს მოქმედება ყველასთვის მარტივი როდია. ხშირად ამ პროცესში ადამიანს სპეციალისტის მხარდაჭერა სჭირდება, რათა მოხდეს საკითხის გააზრება, ფუნქციის გაცნობიერება, ალტერნატიული შესაძლებლობების აღმოჩენა და ქცევის რეკონსტრუქცია.
საკუთარ ქცევაზე დაკვირვება, საკუთარ თავთან კითხვების დასმა და დიალოგი უმნიშვნელოვანესია დამოკიდებულების დასაძლევად:
- ახლა ჭამის მოთხოვნილება მაქვს თუ რაიმე სტიმულმა აღძრა ამის საჭიროება?
- რა ემოციას განვიცდი ახლა, როდესაც ვჭამ (რომ ადამიანმა შეძლოს დიფერენცირება ფიზიოლოგიური მოთხოვნილების ფონზე იწყებს ჭამას თუ ემოციური შიმშილიდან გამომდინარე)?
- ჭამასა და ჭამას შორის არსებული დროის კონტროლი;
- ჭამის პროცესზე დაკვირვება (როდესაც ადამიანი იმპულსურად, პირის ღრუში საჭმლის დამუშავების გარეშე და უკონტროლოდ ჭამს შესაძლოა განიცდიდეს ბრაზს, წყენას ან აგრესიას. ამის ამოცნობა კი ადამიანს ქცევის გაცნობიერებაში დაეხმარება).