7-13 თებერვლის ჩათვლით მსოფლიოში ბავშვთა ფსიქიკური ჯანმრთელობის კვირეული აღინიშნება. კამპანიის კვირეულის ფარგლებში “ვიზრდებით ერთად” წამყვანი თემა ემოციებია. ჩვენი პლატფორმა გთავაზობთ ინტერვიუს ბავშვთა ფსიქიატრთან და ნევროლოგთან მედეა ზირაქაშვილთან. ის გვესაუბრება ბავშვთა ფსიქიკური ჯანმრთელობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხზე – ბავშვთა ემოციური თვითრეგულაცია.
დღესდღეობით ბავშვების ემოციური თვითრეგულაციის საკითხი გაცილებით აქტუალური გახდა წინა წლებისგან განსხვავებით და მასზე ბევრს ლაპარაკობენ სპეციალისტები. პანდემიამ ბავშვთა ფსიქიკური ჯანმრთელობის მხრივ არაერთი პრობლემა გამოავლინა და ემოციური თვითრეგულირების პრობლემაც გაამწვავა. თქვენ, როგორც სპეციალისტი, რას გვეტყოდით მშობლებს, როგორ უნდა ამოვიცნოთ ბავშვებში ემოციური თვითრეგულაციის საგანგაშო სიგნალები და დავეხმაროთ მათ ემოციური თვითრეგულაციის უნარის ჩამოყალიბებაში?
სოციალური ქსელების გამოყენება და მოსახლეობის ჩართულობის მაღალი მაჩვენებელი განსაკუთრებით აქტუალური გახდა 2000 წლიდან მოყოლებული, თუმცა რეკორდული ინტენსივობით გამოყენების მაჩვენებელი ალბათ მაინც პანდემიის დროს გამოვლინდა. არავისთვის გასაკვირი არ იქნება ალბათ, თუ ვიტყვით რომ სოციალურ ქსელებში ადამიანების გააქტიურებით გაცილებით მეტად ჩავერთეთ სხვების ცხოვრებაში და მათ შეხედულებებზე, ფიქრებზე, ემოციებზე და ურთიერთობის ფორმებზე გაცილებით მეტი გავიგეთ. ადამიანების თვითრეფლექსიას თუ დავაკვირდებით აღმოვაჩენთ, რომ ისინი გაცილებით ბევრს წერენ საკუთარ ნეგატივიზმზე, გაღიზიანებადობაზე, არც სხვების მიმართ იშურებენ ნეგატიური შთაბეჭდილებების კასკადს და ვაანალიზებთ, თუ როგორ უჭირთ ადამიანებს საკუთარი ემოციების მართვა.
6-დან 1 ბავშვს მსოფლიოში ჰქონია ფსიქიკური ჯანმრთელობის მინიმუმ ერთი დიაგნოსტირებული დიაგნოზი მაინც, ხოლო სტატისტიკურად დადასტურებულია, რომ ამ პანდემიის პირობებში მოზარდებში 1/3-ით, ხოლო ბავშვებში კი 1/4-ით გაიზარდა სხვადასხვა დარღვევები ფსიქიკური ჯანმრთელობის კუთხით. საინტერესოა, რომ ხშირად მშობლებს არ აქვთ ინფორმაცია, რომ მათი შვილების ზოგიერთი შეცვლილი ქცევა, ძილის რუტინის ან თუნდაც კვებითი რაციონის ცვლილება, შესაძლოა სხვადასხვა ემოციური თუ ქცევითი დარღვევების მიმანიშნებელი იყოს.
იმისათვის, რომ მოსახლეობამ რაც შეიძლება მეტი გაიგოს ადრეულ ასაკში გამოვლენილი სხვადასხვა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ, თებერვლის პირველ კვირაში (7- 13 თებერვალი) მსოფლიო ერთხმად აღნიშნავს ბავშვთა ფსიქიკური ჯანმრთელობის კვირეულს. ალბათ არავისთვისაა შეუმჩნეველი თუ შვილებს რაიმე ფიზიკური/ორგანული პრობლემა ექმნებათ, მაგ. შეშუპების, ჰიპერემიის, ტკივილის სახით, თუმცა არ ვიცი ასევე აქტუალურია თუ არა შეკითხვა, რომელსაც ვუსვამთ საკუთარ შვილებს, თუ რა ემოციები ეუფლებათ და რას გრძნობენ პერიოდულად ისინი.
თუმცა, გასახარია და ძალიან მნიშვნელოვანი, რომ წლიდან წლამდე სულ უფრო იზრდება საზოგადოებაში ამ საკითხებისადმი ინტერესი. ყოველი წლის ფსიქიკური ჯანმრთელობის კვირეულს კი, თავისი გამორჩეული თემატიკა აქვს ხოლმე და არც წლევანდელი წელია გამონაკლისი. 2022 წლის ბავშვთა ფსიქიკური ჯანმრთელობის კვირეულის თემა – „ვიზრდებით ერთად“- სლოგანია. ამ კვირის მანძილზე ფსიქიკურ ჯანმრთელობის სფეროში მომუშავე ადამიანებს, სპეციალისტებს, მშობლებს, თვითონ ბავშვებს აქვთ შესაძლებლობა ფართო მასშტაბით ისაუბრონ საკუთარი ემოციების შესახებ. დაინტერესდნენ თუ რას გრძნობენ და განიცდიან ადამიანები ზრდა-განვითარების პროცესში, რა ტიპის ემოციებს გამოყოფენ გასაზიარებლად, რა სახით დაეხმარა, როგორ აისახა სხვა ადამიანებთან ურთიერთობა, წინააღმდეგობების გადალახვა ან პრობლემებთან ადაპტირება მათ ამჟამინდელ ყოველდღიურობაზე.
იმისათვის რომ ბავშვებს დავეხმაროთ, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რას გრძნობენ ისინი და რა აწუხებთ, მაგრამ შესაძლოა ბავშვებმა თავადაც არ იცოდნენ საკუთარი ემოციების შესახებ, არ იყვნენ მიჩვეული ამაზე საუბარს, საკუთარი ემოციების მისაღები ფორმით გამოხატვას.
რა ტიპის ემოციები შეიძლება ჰქონდეთ ჩვენს შვილებს, რამდენად აქვთ ინფორმაცია საკუთარი ემოციების რაობის შესახებ, და რამდენად იციან, თუ როგორ მართონ და გახადონ მათი გამოხატვა საზოგადოებისთვის მისაღები? და სწორედ აქ აუცილებლად უნდა ვახსენოთ ალბათ თვითრეგულაციის უნარი, რაც განიმარტება, როგორც შესაძლებლობა მართო საკუთარი ემოციები და მოიქცე არსებული გარემოს მოთხოვნების შესაბამისად. იყო მედეგი, შეგეძლოს ადეკვატური წინააღმდეგობის გაწევა გამაღიზიანებელი სტიმულების მიმართ, ადვილად შეგეძლოს დამშვიდება ბრაზის დროს, იმედგაცრუების შემთხვევაში, ემოციური აფეთქების გარეშე გადაიტანო გაუთვალისწინებელი და დაუგეგმავი მოვლენები.
თითოეული ზემოთ ჩამოთვლილი – უნარების ჯაჭვია, რაც აძლევს ბავშვს მომწიფების საშუალებას და ხდის უნარიანს მიმართოს საკუთარი ქცევები და ქმედებები დასახული მიზნების ეფექტურად განსახორციელებლად, ყოველდღიურობაში არსებული გამოწვევების, მოულოდნელობის და სუბიექტური შეგრძნებების მიუხედავად. სამყარო ხომ ხშირად აბსოლუტურად არაპროგნოზირებადია.
ძალიან ბევრია დამოკიდებული გენეტიკურ წინასწარგანწყობაზე და ნეირობიოლოგიურ ხაზზე, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ უნარების გამომუშავების გარკვეული სტრატეგიები არ არსებობს.
ავხსენით თუ რა არის კარგი თვითკონტროლი, თუმცა რა ხდება თუ ბავშვებს უჭირთ ემოციების ადეკვატურად მართვა? რას ჰგავს ემოციური დისრეგულაცია?
ტემპერამენტული მახასიათებლებიდან გამომდინარე, სხვადასხვა ბავშვში სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს სხვადასხვანაირად. ერთნი, აბსოლუტურად ზამბარას პრინციპით რეაგირებენ გამღიზიანებელზე: გამღიზიანებელი – დაუყოვნებელი რეაქცია და შესაბამისად მათ აქვთ ფრუსტრაციისადმი ტოლერანტობის ძალიან დაბალი ზღვარი, თუ გადახედავთ თქვენს გარემოცვას, მაშინვე ტირილით და ყვირილით საქმის მომგვარებელი ბავშვები გაგახსენდებათ, თავიანთი მყისიერი, მძაფრი რეაქციით – გამღიზიანებელ სტიმულზე. მათ არ შეუძლიათ დათრგუნონ ეს მყისიერი ქცევის რეაქცია.
და მეორე მხარეს, პარალელურად ხედავთ ბავშვებს შეკავებული ემოციებით, იმ კონკრეტულ შემთხვევაში თითქოს ვერ ხედავთ რეაქციას მათი მხრიდან, მაგრამ იცით, რომ აუცილებლად ამოხეთქავს გარკვეულ სიტუაციაში, რაც აბსოლუტურად არაპროგნოზირებადი შეიძლება იყოს.
რა როლს თამაშობს ამ დროს გარემო, როგორი უნდა იყოს შემხვედრი რეაქცია ბავშვის გადაჭარბებულ რეაქციაზე ან იმპულსურობაზე. ასეთ დროს რა სტრატეგიით ვიხელმძღვანელოთ მშობლებმა, როცა თავადაც გვიჭირს ბრაზის მოთოკვა და ინტენსიური ემოციების მართვის კარგი მოდელის ჩვენება ბავშვებისთვის?
მნიშვნელოვანია, რომ ამ უნარების არსებობაში ძალიან დიდ როლს თამაშობს ტემპერამენტული მახასიათებლები, თუმცა შეკითხვაზე თამაშობს თუ არა როლს გარემო და შეგვიძლია თუ არა შევცვალოთ რთული რეაქციის მქონე ბავშვების ქცევები? – შეგვიძლია. თუმცა შედარებით გაზრდილი ძალისხმევით.
ასეთი დისრეგულაციით ბავშვების დასამშვიდებლად აუცილებელია მათ მყისიერ რეაქციაზე ზემოქმედების ეფექტური გზების ძიება, ვიდრე იმპულსური რეაგირება ბრაზის და ფრუსტრაციის სახით. როგორც კი გავაანალიზებთ, რომ ეს არის უნარი, რომელიც უნდა დაისწავლონ – და არა, ვთქვათ, უბრალოდ ცუდი ქცევა – მაშინვე შევცვლით ბავშვის ქცევაზე რეაგირების ტონს და შინაარსს, გავხდებით მეტად მომთმენი და ბავშვებსაც მივცემთ საშუალებას მათთვის რთულ სიტუაციაზე რეაგირების უკეთესი გზები აირჩიონ.
ბავშვების ემოციურ რეაგირებაზე გამოხმაურება არ უნდა ხდებოდეს განსჯის ფორმით, არამედ მათი რეაქციის გაანალიზების, წინაპირობების შესწავლის და ალტერნატიული ქცევების გზების შეთავაზებით. როდესაც ბავშვები არიან იმ გარემოს ნაწილი, სადაც მათი ემოციები და ქცევები ერთ მთლიანობად აღიქმება, უფროსები აანალიზებენ და ისე მოქმედებენ და არა იმპულსურად, დამსჯელობითი მექანიზმებით, ბავშვებს შეუძლიათ ისწავლონ უკეთესი არჩევანის გაკეთება.
ძალიან ხშირად ემოციური თვითრეგულაცია დაისწავლება მშობლების მიბაძვით, რამდენად ადეკვატურად რეაგირებს და უმკლავდება მშობელი გამოწვევებს? როგორია მისი რეაგირება , რამდენად მაღალი ზღვარი აქვს ფრუსტრაციისადმი ტოლერანტობის? შესაბამისად ოჯახში, სადაც ემოციების მართვა უფროსი ოჯახის წევრების მხრიდან სუსტი რგოლია, ბავშვი პრაქტიკულად უკვე მიდრეკილია სხვადასხვა ქცევითი დარღვევებისაკენ, ემოციური დისრეგულაციის შედეგად.
და რა უნდა გავაკეთოთ ბავშვებში ემოციური დისრეგულაციის მართვისთვის?
მნიშვნელოვანია, რომ როდესაც ბავშვები მოქმედებენ, წაახალისოთ ისინი დაიცადონ და დაფიქრდნენ (ალბათ ხშირად გსმენიათ: „დათვალე და ისე იმოქმედე“.) მშობლების დახმარებით ბავშვებს შეუძლიათ ისწავლონ საკუთარი თავის უკეთესად მართვა, დასვან შეკითხვები: რა მოხდა? რატომ მოხდა? როგორ შემიძლია ამის გამოსწორება შემდეგ ჯერზე?
- მართეთ საკუთარი სტრესი. პირველ რიგში მოაგვარეთ საკუთარი საჭიროებები, რათა შეძლოთ ბავშვების მხარდაჭერა და იყოთ პოზიტიური მისაბაძი მაგალითი მათთვის.
- გაითვალისწინეთ საბოლოო მიზანი. საბოლოო მიზანი არ არის უბრალოდ შემცირდეს ბავშვების რთული ქცევა. როდესაც ბავშვები სწავლობენ როგორ გაუმკლავდნენ სტრესს, მათი ქცევა უმჯობესდება, შეამჩნევთ, რომ მათ შეუძლიათ უკეთ გაუმკლავდნენ გარემოში ცვლილებებს და უფრო მშვიდად უპასუხონ გამღიზიანებლებს.
- აუცილებელია მშობელს ჰქონდეს რეალური მოლოდინები ბავშვის მიმართ. შეაფასეთ ბავშვების უნარები, რათა დაადგინოთ, სად სჭირდებათ მათ მხარდაჭერა (მაგ., ინსტრუქციის კონტროლი, თვითშეფასება, უკუკავშირი). გახსოვდეთ, რომ მცირეწლოვან ბავშვებს ნაკლებად შეუძლიათ საკუთარი ემოციების რეგულირება.მოსთხოვეთ ბავშვებს ის, რასაც გაუმკლავდებიან.
- შეინარჩუნეთ სიმშვიდე და იყავით თვითრეგულაციის უნარების გამოვლინების კარგი მოდელი. გარკვეული პერიოდის განმავლობაში სიტყვებს მათი ფრუსტრაციის დროს, უბრალოდ აზრი არ აქვს. აცადეთ დამშვიდება. გამოიყენეთ ნაცადი და ეფექტური მეთოდები.
- იყავით მხარდამჭერი და გაამხნევეთ. დაეხმარეთ ბავშვებს იგრძნონ ზრუნვა და არა განსჯა. გამოიჩინეთ გულწრფელი ინტერესი და ჩაერთეთ მათთან, როგორც მწვრთნელი და მენტორი.
- შეამცირეთ არასაჭირო მოთხოვნები. გადახედეთ ბავშვების რუტინას, რათა დარწმუნდეთ, რომ ისინი არ არიან გადატვირთულნი. ძალიან ბევრი პასუხისმგებლობა გაზრდის სტრესს.
- უზრუნველყავით სტრუქტურა და თანმიმდევრულობა. აცნობეთ ბავშვებს, რას უნდა ელოდონ და რას მოელიან მათგან (მაგ. რუტინები, მკაფიო წესები). პროგნოზირება ხელს უწყობს სტრესის შემცირებას.
- ესაუბრეთ ბავშვებს მათ გრძნობებზე, რათა დაეხმაროთ მათ თვითკონტროლში. დაეხმარეთ ბავშვებს შეაფასონ თავიანთი ემოციები და ენერგიის რეზერვი 1-დან (დაბალი) 5-მდე (მაღალი) მასშტაბით. დაეხმარეთ მათ დამშვიდების სტრატეგიებისა და რესურსების შევსების გზების იდენტიფიცირებაში.
- დაეხმარეთ ბავშვებს გამკლავების სტრატეგიების ჩამოყალიბებაში: გამოავლინონ შესაძლებლობები, დაიწყეთ ვარჯიში სიმშვიდის მომენტებში. კარგად დასწავლის შემდეგ, ისინი უკვე შეძლებენ გამოიყენონ ეს უნარები სულ უფრო რთულ სიტუაციებში.
- მიეცით დაუყოვნებელი და კონკრეტული უკუკავშირი. კონცენტრირება მოახდინეთ მათ ძალისხმევაზე, ვიდრე შედეგზე რამდენად ეფექტურად გაართვეს თავი ბრაზის მართვას კონკრეტულ სიტუაციაში. ერთად შეადგინეთ გეგმა, თუ როგორ გაუმკლავდეთ შემდეგ გამოწვევას უფრო ეფექტურად სხვა დროს.
- გამოიყენეთ ჯილდოები, პოზიტიური განმტკიცება და ქება. ჯილდოები შეიძლება მოიცავდეს ჩვეულებრივ ყოველდღიურ პრივილეგიებს (ეკრანის დრო, ინტერნეტი, ვიდეო თამაშები, მეგობრის სახლში წასვლა, ყველაფერი, რაც თქვენს შვილს სიამოვნებს) ან სპეციალურ პრივილეგიებს (ფილმები, აქტივობები, ნივთის ყიდვა). დაეხმარეთ ბავშვებს გახადოთ მოტივირებული წარმატებულად უმკლავდებოდეს ემოციურ სირთულეებს. ერთად აღნიშნეთ და სხვა ოჯახის წევრებსაც მიაწოდეთ ინფორმაცია ბავშვის სულ უმნიშვნელო წარმატებებზეც კი.
- თავი შეიკავეთ დასჯისგან, დასჯა ვერ დაეხმარება მათ ახალი გამკლავების უნარ- ჩვევების სწავლაში.
რაში სჭირდება ბავშვს თვითრეგულაციის უნარი და რაში დაეხმარება ეს უნარი მას მომავალში?
თვითრეგულაცია არის უნარი, რომელსაც სჭირდება მხარდაჭერა ბავშვებში, რადგან ეს არის მათი საერთო წარმატებისა და ბედნიერების გასაღები. ბავშვები, რომლებსაც შეუძლიათ გაუმკლავდნენ სტრესს, ბრაზს და იმედგაცრუებას, უფრო კარგად სწავლობენ სკოლაში, უკეთესად ურთიერთობენ ბავშვებთან და კომფორტული ურთიერთობები აქვთ სახლის გარემოში. ხოლო თუ მშობლების და პედაგოგების მხრიდან მომთმენი, მხარდამჭერი და მზრუნველი გარემო პარალელურად იქნება თვითრეფლექსიური და სხვადასხვა გამღიზიანებლებზე ადეკვატური რეაგირების როლური მოდელი, ბავშვიც უკეთესად გაუმკლავდება გამოწვევებს.