Skip to content Skip to sidebar Skip to footer

პლატფორმას “დედამ იცის” ესაუბრება პედიატრი ანი მაღრაძე. 

რა არის ენის ლაგამი და რა ფუნქციურ დარღვევებს იწვევს

ზოგადად, ლაგამი ლორწოვანი ქსოვილის ან კანის ნაწილია, რომელიც მიმაგრებულია მოძრავ  ქსოვილზე და ზრუდავს მის მოძრაობას. პირის ღრუში ლაგამის ორი სახეობაა: ტუჩის ლაგამი და ენის ლაგამი. 

 ენის ლაგამი (phrenulum linguae) – აპკი რომელიც ენას აერთებს პირის ღრუსთან, ამაგრებს ენის ქვედა ზედაპირს – ღრძილის შიდა ზედაპირზე.

 ენის მოკლე ლაგამი, ანუ ანკილოგლოსია –  ეს თანდაყოლილი სიმოკლე  ზღუდავს ენის მოძრაობას და ფუნქციურ დარღვევებს იწვევს. 

რა გარეგნული ნიშნები და სიმპტომები ახასიათებს ენის მოკლე ლაგამს? 

ენის ზემო კბილებთან მიტანის ან გვერდზე გაწევის გაძნელება;

ენის ქვედა კბილებზე წინ გამოწევის გაძნელება;

გულის ფორმის ენა გამოწევისას.

რა პრობლემებს იწვევს ენის მოკლე ლაგამი  ჩვილებში და ზოგადად ბავშვებში

ენის მოკლე ლაგამით გამოწვეული ფუნქციური პრობლემებია:

1. კვების პრობლემა ჩვილებში – მათ უჭირთ ძუძუზე ან ბოთლზე მოჭიდება,  წოვა, რის გამოც ცუდად იმატებენ წონას.

 2. მეტყველების დარღვევა – ბავშვებს უჭირთ მაგარი, სასისმიერი ბგერების წარმოთქმა, ვერ ახერხებენ  ზედა საჭრელ კბილებზე ენის წვერით შეხებას და ენის გამოყოფას. 

3. ასევე ბავშვს შეიძლება ჰქონდეს ტკივილი და დისკომფორტი კვების ან მეტყველების დროს,  რამაც შეიძლება გამოიწვიოს ღრძილების დაზიანება, 

4. და მომავალში – ყბის არასწორი განვითარების გამო, შესაძლებელია განვითარდეს თანკბილვის დარღვევა.

როგორ ხდება   ენის მოკლე ლაგამის კორექცია და როდის არის სასურველი ჩატარდეს ეს პროცედურა

ლაგამის კორექციის პროცედურას ფრენექტომია ეწოდება. იგი საკმაოდ მარტივი მანიპულაციაა, რომელიც სრულდება ადგილობრივი ანესთეზიის ქვეშ ქირურგიული სკალპელით ან ლაზერით. და თუ რომელ ასაკში უნდა გაკეთდეს ლაგამის კორექცია, ამაზე დღემდე დავობენ, თუმცა, ჩემი აზრით, ეს აუცილებლად  დამოკიდებულია თუ რა პრობლემა გვაქვს – მაგალითად ენის ლაგამის ანომალია შეიძლება ჩვილს ხელს უშლიდეს წოვაში, როგორც ვთქვით, რა დროსაც ირღვევა მისი ფიზიკური განვითარება,  ასეთ შემთხვევაში კორექცია  უნდა გაკეთდეს დაუყოვნებლივ.

ზოგადად ფრენექტომია   არ უნდა იქნას დაგეგმილი ყველა პაციენტთან, ვისაც ენის  მოკლე ლაგამი აქვს, თუ ის ბავშვს ყოველდღიურ ცხოვრებაში – კვებაში, მეტყველებაში იმ ეტაპზე ხელს არ უშლის, რა თქმა უნდა ქირურგიული ჩარევისგან თავს ვიკავებთ და ველოდებით, რადგან  ორგანიზმის ზრდასთან ერთად ხდება ლაგამის კორეგირებაც თავისთავად, ყოველგვარი ჩარევის გარეშე.

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5