პლატფორმას “დედამ იცის” ესაუბრება მეტყველების თერაპევტი სოფიო ქურასბედიანი.
რა ასაკში იჩენს თავს ენის ბორძიკი ბავშვებში და როგორ დავეხმაროთ ბავშვებს, რომლებსაც ეს პრობლემა აღენიშნებათ?
ყველაზე ხშირად ენაბორძიკობა აღმოცენდება 2-დან 4 წლამდე. ამ პერიოდში, ყველაზე ინტენსიურად ვითარდება მეტყველებითი ფუნქცია. შემდეგ მისი ღმოცენების შემთხვევები მცირდება და იზრდება სასკოლო ასაკისათვის (ამ დროს უფრო ხშირია რეციდივის ტიპის გამოვლინებები). ეს განპირობებულია წამყვანი აქტივობის შეცვლით (თამაშის მაგივრად სწავლა), ბავშვისადმი მოთხოვნების გაზრდით, ბევრ უცხო ადამიანთან ურთიერთობით. შემდგომ ენაბორძიკობის გამწვავება შესაძლებელია სქესობრივი მომწიფების პერიოდში.
როგორ დავეხმაროთ ენაბორძიკობის მქონე ბავშვს?
დიაგნოსტირებისა და მეტყველების პრობლემების დაძლევისათვის მშობლებმა აუცილებლად უნდა მიმართონ ლოგოპედს, ფსიქოლოგს, ნევროლოგს.
ენაბორძიკობის გამოკვლევის შედეგად უნდა შეიკრიბოს და შეჯამდეს შემდეგი ინფორმაცია: ანამნეზური მონაცემები, პედაგოგიური, ფსიქოლოგიური, სამედიცინო დოკუმენტები, უშუალოდ ენაბორძიკობის მქონე ბავშვის გამოკვლევის შედეგები.
მშობლებთან საუბრისას ზუსტდება მონაცემები ბავშვის მეტყველების განვითარების შესახებ. როდის წარმოთქვა პირველი ბგერები, როდის დაიწყო ღუღუნი, ტიტინი, პირველი სიტყვები, ფრაზები, როგორი ჰქონდა მეტყველების ტემპი, სამეტყველო გარემო. ზუსტდება როგორ მეტყველებენ გარშემომყოფები (მათი მეტყველება ხომ არ არის სწრაფი, ხომ არ აქვთ ენაბორძიკობა).
ყურადღება ექცევა საკითხს ოჯახში ბავშვის აღზრდის შესახებ: როგორია მათი დამოკიდებულება ბავშვისადმი (ხომ არ ანებივრებენ, უსრულებენ ყველა სურვილს ან პირიქით, ხომ არ არიან ძალიან მკაცრნი, ხომ არ აშინებენ ან ხომ არ სჯიან), ხომ არ ტვირთავენ რთული ტექსტებისა და ლექსების შესწავლით ან პირიქით, საერთოდ არ აქცევენ ყურადღებას ბავშვის მეტყველებას.
ზუსტდება როდის იჩინა თავი ენაბორძიკობამ, ან პირველმა ნიშნებმა, როგორ გამოიხატებოდა იგი? რა სავარაუდო მიზეზებს შეეძლო მისი გამოწვევა? როგორ ვითარდებოდა და ხომ არ გამოვლინდა რაიმე, რამაც ყურადღება მიიქცია (ხელის ან ფეხის მოძრაობა, თავის ან ტანის რწევა, ქანაობა და ა.შ).
ახლობლებისაგან უნდა მივიღოთ ინფორმაცია იმის შესახებ, როგორ მეტყველებს ბავშვი სხვადასხვა გარემოში (ნაცნობებთან, უცნობებთან), სახლში, გარეთ, თამაშის დროს. რაზეა დამოკიდებული ენაბორძიკობის გაძლიერება ან შესუსტება? როგორი დამოკიდებულება აქვს (ამჩნევს, განიცდის, რცხვენია, ცდილობს არ ილაპარაკოს ან პირიქით, არ აქცევს ყურადღებას, გულგრილია ნაკლის მიმართ)?
უნდა დადგინდეს, მიმართეს თუ არა მშობლებმა დახმარებისათვის ვინმეს, როდის და სად. რა რეკომენდაციები და შედეგები მიიღეს?
ეს ინფორმაცია მიიღება ახლობლებისაგან, რომელიც პირველი ვიზიტისას სპეციალისტთან მიდის ბავშვის გარეშე. შემდეგი ვიზიტი გულისხმობს სპეციალისტის უშუალოდ ბავშვთან კონტაქტს. მისი უმაღლესი ფსიქიკური ფუნქციების, ემოციური მდგომარეობის შეფასებას.
უშუალოდ მეტყველების შეფასებისას გამოიყენება ბავშვის მეტყველების შესამოწმებელი ტესტები. რომელთა საშუალებითაც დგინდება შეესაბამება თუ არა ბავშვის მეტყველების სხვადასხვა ასპექტები (სემანტიკური, მორფოლოგიური, სინტაქსური, ფონოლოგიური, პრაგმატული) შესაბამის ასაკობრივ ნორმებს. მეტყველების მოქნილობის შესაფასებლად უნდა დავაკვირდეთ ბავშვის დიალოგურ და მონოლოგურ მეტყველებას.
უნდა დადგინდეს როდის იჩენს თავს ენაბორძიკობა – რთული ფრაზების გამოთქმისას, თუ მაშინ, როდესაც ბავშვი მარტივ ფრაზას, ან ცალკეულ სიტყვებსა და ბგერებს ამბობს. როდის იწყება ენაბორძიკობა რაიმეს თხრობის დაწყებისას, ფრაზის დაწყებისას, თუ ცალკეულ სიტყვებსა და ბგერებზე. ფასდება, ხომ არ არის ენაბორძიკობა დამოკიდებული მეტყველებისას ხმის სიმაღლეზე. ამ მიზნით ბავშვს სთხოვენ ილაპარაკოს ხმამაღლა, ჩუმად ჩურჩულით. გამოკვლევისას სპეციალისტი აკვირდება თანმდევ მეტყველებით, ან არამეტყველებით ზედმეტ მოძრაობებს.
თამაშის შეფასებისას დგინდება თამაშის თავისებურებები, ემოციური მდგომარეობა. სწავლის პროცესის შეფასებისას ყურადღება ექცევა როგორ იყენებს ბავშვი მეტყველების სხვადასხვა ფორმებს სწავლისას.
აუცილებლად ფასდება ენაბორძიკობის მქონე ბავშვის ფსიქოლოგიური თავისებურებები, დეფიციტზე მისი ფიქსაციის ხარისხი. ბავშვსა და მის ახლობლებთან ინტერვიუს საფუძველზე დგინდება როგორ კონტაქტობს ბავშვი სხვა ბავშვებსა თუ მოზრდილებთან, განიცდის თუ არა ენაბორძიკობის ფაქტის არსებობას, აქვს თუ არა დაცვითი რეაქციები (მორცხვობა, შენიღბვა, მეტყველებითი ურთიერთობისგან თავის არიდება).
რა პროგნოზი არსებობს ენაბორძიკობის განკურნების და რა ფაქტორებზეა დამოკიდებული ეს?
ენაბორძიკობის განკურნების პროგნოზი დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე. განკურნების ალბათობა მეტია, როცა:
- ბავშვი ასაკით პატარაა;
- ტონური ან კლონური მდგომარეობა ვრცელდება სამეტყველო აპარატის ნაკლებ ნაწილებზე;
- ენაბორძიკობა კლონური ფორმისაა;
- არ არის/მცირეა დეფიციტზე ფიქსაცია.
განკურნების ალბთობა მცირეა და ხშირია რეციდივები, როცა:
- ენაბორძიკობა ყალიბდება შეძენილი ნეიროპათიის, ან თანდაყოლილი პრობლემების შედეგად;
- ენაბორძიკობის გაჩენა ვერ უკავშირდება რაიმე აშკარა მიზეზს;
- ენაბორძიკობა ტონური ფორმისაა.
მკურნალობის თვალსაზრისით მუშაობის დაწყება რეკომენდებულია 2-4 წლის ასაკი (ენაბორძიკობის მცირე „სტაჟის“ გამო). მკურნალობის თვალსაზრისით ნაკლებ სასურველია 10-16 წლის ასაკი, რადგან გარდატეხის ასაკში განსაკუთრებით მოწყვლადია ემოციური სფერო, უჭირთ წესებზე დამორჩილება, მიისწრაფვიან თავისუფლებისაკენ.