პლატფორმას “დედამ იცის” ესაუბრება პედიატრი, მედიცინის დოქტორი დავით ჩახუნაშვილი.
რამდენად გავრცელებულია ენტერობიოზი ბავშვებში და რით არის გამოწვეული?
ენტერობიოზი არის პარაზიტული ინფექცია, რომელიც გამოწვეულია E.vermicularis-ის (მახვილა ჭიის) ინვაზიით. ის საკმაოდ ხშირია და ძირითადად გვხვდება 5-10 წლის ასაკის ბავშვებში.
ამ დროს ყველაზე ხშირი გამოვლინება არის უკანა ტანის ქავილი, ძირითადად ღამის საათებში. ზოგიერთ შემთხვევაში ქავილს შესაძლოა ახლდეს სხვადასხვა დისპეპსიური მოვლენებიც, როგორიც არის – მუცლის ტკივილი, გულისრევის შეგრძნება ან პირღებინების ეპიზოდი. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გარდა, შესაძლოა მოხდეს შარდ-სასქესო სისტემის ინვაზიაც. ენტერობიოზის შემთხვევაში ხშირია სიმპტომების არარსებობაც.
როგორ ხდება დიაგნოსტიკა და მკურნალობა?
ენტერობიოზის დიაგნოსტირება შესაძლებელია ჭიების ან კვერცხების მიკროსკოპული კვლევის შედეგად. საკვლევი ნიმუშის მოპოვება შესაძლებელია წებოვანი ლენტის ტესტის გამოყენებით, რომელიც სასურველია ჩატარდეს ღამით, ან დილით ჩაბანამდე. ცრუ უარყოფითი პასუხების მაღალი ალბათობის გამო, შესაძლოა ამ ტესტის გამეორება რამდენიმეჯერ გახდეს საჭირო. ზოგიერთ შემთხვევაში, ანუსის ირგვლივ მოძრავი ჭიების დანახვა ვიზუალურადაც არის შესაძლებელი. უკანა ტანის ხელით ხშირი ქავილის შემთხვევაში, შესაძლოა ნიმუშის აღება მოხდეს ფრჩხილებიდანაც. ენტერობიოზის დადასტურების შემთხვევაში, ანტიჰელმინთური პრეპარატი ენიშნება პაციენტს და ასევე იმ პირებს, ვისთან ერთადაც ცხოვრობს ინფიცირებული ბავშვი. მკურნალობის კურსი მეორდება ორი კვირის შემდეგ.
რა არის პროფილაქტიკა და პრევენცია?
რეინფექციის და დაავადების გავრცელების პრევენციის მიზნით სასურველია ხელის ხშირი ბანა, შხაპის მიღება, ფრჩხილების დაჭრა, თეთრეულის და ტანსაცმლის კარგად გარეცხვა.