Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ყოველი წლის თებერვლის მეორე ორშაბათს მსოფლიო ეპილეფსიის დღეს აღნიშნავს.

ეპილეფსია თავის ტვინის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დაავადებაა. მსოფლიო მოსახლეობის 1% -ს აქვს ეპილეფსია  და ეს დაახლოებით  60 მილიონი ადამიანია მსოფლიოში. რამდენად ხშირად გვხვდება ეპილეფსიის შემთხვევები ბავშვებში  და როგორ უნდა დაეხმაროს მშობელი ბავშვს ასეთ დროს, ამის შესახებ  “დედამიცისს” ესაუბრა ბავშვთა ნევროლოგი თამარ გაჩეჩილაძე. 

ამდენად ხშირად გვხვდება ბავშვებში ეპილეფსიის შემთხვევები?

სხვადასხვა სტატისტიკის მიხედვით ეპილეფსიით დაავადებულია ბავშვების 0,5-1%. 10 წლამდე ასაკის ყოველი 150 ბავშვიდან ერთს დასმული აქვს ეპილეფსიის დიაგნოზი,  ეს ნიშნავს, რომ ეპილეფსია ბავშვებში ყველაზე ხშირი ნევროლოგიური დაავადებაა.

არის ეპილეფსიის ძირითადი მახასიათებელი

 ეპილეფსიის სიმპტომია გულყრა, რომელიც შეიძლება იყოს კონვულსიური (კრუნჩხვითი) და არაკონვულსიური. სიმპტომების გამოვლენა და სიხშირე დამოკიდებულია ეპილეფსიის ტიპზე. ამ დაავადებაზე ეჭვი შეიძლება მივიტანოთ, როცა ბავშვს აღენიშნება: კიდურებში გამოხატული სხვადასხვა ტიპის რითმული მოძრაობები; გონების დაკარგვა ან ცნობიერების შეცვლა, განსაკუთრებით თუ თან ახლავს უნებლიე შარდვა ან დეფეკაცია; სხვადასხვა ხანგრძლივობით სხეულის ან კიდურების დაჭიმვა;  გარინდება და მზერის ფიქსირება, როდესაც ხანმოკლე დროის განმავლობაში ბავშვი არ რეაგირებს ჩვენს  მიმართვაზე და დაძახებაზე, ზოგჯერ ასეთ გარინდებას შეიძლება თან ახლდეს ქუთუთოების რითმული ხამხამიც;  თავის ჩაქინდვრის ან უეცარი, უმიზეზო დავარდნის ეპიზოდები, განსაკუთრებით თუ ეს ვარდნა ასოცირებულია ცნობიერების შეცვლასთან; ბავშვი შეიძლება აღნიშნავდეს, რომ საგნებს და ნივთებს ხედავს უჩვეულო ფორმით ან ზომით, გრძნობს უცნაურ გემოს ან სუნს, ესმის სხვადასხვა, უჩვეულო ან უცნაური ხმა.  ჩვილ ბავშვებში ეპილეფსიური გულყრა შეიძლება გამოვლინდეს მხოლოდ სუნთქვის სიხშირის შეცვლით ან თვალების რითმული, ჰორიზონტალური ან ვერტიკალური მოძრაობით. 

ოგორ ამოიცნოს მშობელმა სიმპტომები და როგორ დაეხმაროს შეტევის დროს? 

ყველა ზემოაღნიშნული სიმპტომი  მშობლისგან მოითხოვს ყურადღებას და აუცილებელია, რომ მიმართონ სპეციალისტს, რათა შეფასდეს მდგომარეობა და საჭიროებისამებრ დაიგეგმოს შესაბამისი კვლევები.  კრუნჩხვითი შეტევის განვითარების შემთხვევაში რეკომენდებულია ბავშვი მოვათავსოთ უსაფრთხო პოზაში (დავაწვინოთ რომელიმე გვერდზე) და გამოვიძახოთ სასწრაფო დახმარება. არ არის საჭირო მივმართოთ ხალხში გავრცელებულ ქმედებებს: პირის გაღების მცდელობა, კბილებს შორის სხვადასხვა მყარი საგნის მოთავსება, ფეხებით თავდაყირა დაკიდება თუ სხვ. ეს ქმედებები დახმარების ნაცვლად შეიძლება ტრავმული და დამაზიანებელი აღმოჩნდეს პაციენტისთვის.

როგორი მიმდინარეობა ახასიათებს ბავშვთა ასაკის ეპილეფსიებს?

ბავშვებში ეპილეფსია შეიძლება იყოს როგორც დამოუკიდებელი დაავადება, ასევე სხვადასხვა გენეტიკური, მეტაბოლური, ორგანული თუ სისხლძარღვოვანი პათოლოგიის თანმხლები მდგომარეობა. შესაბამისად, დაავადების მიმდინარეობა და პროგნოზიც დამოკიდებულია მის გამომწვევ მიზეზზე, გულყრის ტიპზე და დაავადების დაწყების ასაკზე.

როგორ ხდება ეპილეფსიის მართვა და მკურნალობა? როდის შეიძლება ბავშვი საბოლოოდ გათავისუფლდეს მისგან?

ბავშვებში გვხვდება ეპილეფსიის ისეთი ტიპები, რომელთა მედიკამენტებით ან სხვა სახის მკურნალობა არ არის საჭირო და ასაკის მატებასთან ერთად ბავშვი თავისთავად განიკურნება. ბავშვობისას დაწყებული ეპილეფსიები შეიძლება ზრდასრულ ასაკშიც გაგრძელდეს, თუმცა გულყრები მედიკამენტით სრულად გაკონტროლდეს და ადამიანს მოუწიოს სიცოცხლის ბოლომდე წამლის მიღება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ხშირია მედიკამენტებისადმი რეზისტენტული ეპილეფსიებიც და ასეთ დროს ხშირად საჭიროა სხვა ტიპის მკურნალობის გამოყენება, მაგ.: კეტოგენური დიეტა, ქირურგიული ჩარევა და სხვა. კეტოგენური დიეტის შესახებ უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენს ცენტრში დიდი ხანია დანერგილია და წარმატებით გამოიყენება ეპილეფსიის მკურნალობის ეს მეთოდი. 

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5