პლატფორმას „დედამ იცის“ ესაუბრება ენისა და მეტყველების თერაპევტი სოფიო ქურასბედიანი.
გვესაუბრეთ ექოლალიის შესახებ, რა ძირითადი მახასიათებლები აქვს მეტყველების ამ ფორმას?
ექოლალიის მქონე ადამიანები იმეორებენ ხმაურს, სიტყვებს ან ფრაზებს, რომლებიც ესმით. მათ შეიძლება ვერ შეძლონ ეფექტური კომუნიკაცია, რადგან უჭირთ საკუთარი აზრის გამოხატვა. ექოლალიის მქონე ადამიანს შეუძლია მხოლოდ შეკითხვის გამეორება და არა მასზე პასუხის გაცემა. მეტყველების დაწყების პერიოდში ექოლალია არის კომუნიკაციის, ენის შესწავლის ერთ-ერთი საშუალება.
განმეორებითი მეტყველება ენის განვითარების გავრცელებული ნაწილია და ჩვეულებრივ გვხვდება პატარებში, რომლებიც სწავლობენ კომუნიკაციას. 2 წლის ასაკში ბავშვების უმეტესობა იწყებს საკუთარი გამონათქვამების შერევას და მოსმენილის გამეორებას, ეს სიმპტომები ტიპურად შეიძლება ჩაითვალოს 3 წლამდე. შემდეგ თუ ექოლალია დარჩება ბავშვის მეტყველების ძირითად ფორმად, უნდა მივმართოთ სპეციალისტს.
ექოლალია 2 სახისაა: მყისიერი – როცა ბავშვი იმ მომენტში გაგონილს იმეორებს და გადავადებული – ანუ ადრე მოსმენილის გამეორება.
შესაძლოა ექოლალია ბავშვმა გამოიყენოს შემდეგ სიტუაციებში: მაგალითად, როცა სურს პაუზის შევსება, ანუ მას უნდა მონაწილეობა მიიღოს საუბარში, მაგრამ ჯერ არ იცის როგორ გააკეთოს ეს. ამიტომ ავსებს პაუზას იმ სიტყვით, რაც გაიგო უფროსისგან და იმ სიტუაციის შესატყვისი ჰგონია.
ასევე, როდესაც ბავშვს სურს გვითხრას თანხმობა, თუმცა იმეორებს ჩვენ მიერ ნათქვამ წინადადებას, შესაძლოა ეს იმიტომ რომ, მას იშვიათად ესმის „კი“. ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა მივცეთ ბავშვს მაგალითი და დასმულ შეკითხვას თავადვე ვუპასუხოთ მცირეოდენი პაუზის შემდეგ. მაგ: გშია? კი, მე მშია. შენ გშია? ასევე შეიძლება ბავშვი ექოლალიას იყენებდეს როგორც დამამშვიდებელს, როცა შეშინებულია, ან რაიმეს განიცდის. ამ დროს ნაცნობი სიტყვების გამეორება ეხმარება და აწყნარებს მას, მსგავსი ტიპის ექოლალია ძირითადად გვხვდება აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებში.
რა შეიძლება იყოს ექოლალიის მიზეზი?
როცა ბავშვი იწყებს ზეპირი მეტყველების გაგებას, აღქმას, მას სჭირდება დრო, რომ მიხვდეს რა იყო ნათქვამი და ამიტომ იმეორებს სხვის ნათქვამს, რაც მოისმინა უნდა ამოხსნას, გაშიფროს მნიშვნელობა. ზოგი შინაგან მეტყველებას რთავს, ზოგი ხმამაღლა იმეორებს. ასე რომ, მისწრაფება სხვის მიერ წარმოთქმულის მნიშვნელობის გაგებისა, შეიძლება იყოს ექოლალიის მიზეზი. ზოგჯერ შესაძლებელია საკუთარი გრძნობების და ემოციების გამოსახატად ბავშვმა გამოიყენოს მზა წინადადებები.
რა ზომების მიღება არის საჭირო ასეთ შემთხვევაში?
საჭიროა დროულად ჩატარდეს კომპლექსური შეფასება, რომ მოხდეს დიფერენციაცია ეს არის დროებითი ექოლალია თუ ექოლალია არის დამატებითი სიმპტომი სხვა მდგომარეობისა. ყველა შემთხვევაში მკურნალობას ნიშნავს სპეციალისტი, რომლის პროფესიულ ცოდნაზე პირდაპირ არის დამოკიდებული შედეგი. გასათვალისწინებელია ასაკი, განვითარების თავისებურებები და სიმძიმის ხარისხი. მშობლებმა უნდა გაითვალისწინონ შემდეგი წესები ბავშვებთან ყოველდღიური ურთიერთობის დროს:
არ გააწყვეტინოთ ბავშვს, არ შეაჩეროთ, არამედ ეცადეთ გაიგოთ, რისი თქმა უნდა მას. იმ შემთხვევაშიც, თუ ეს გამეორებები მას მიაჩნია უაზრობად, არ შეიძლება მათი უარყოფა. დააკვირდით ბავშვის მიმიკას – ეს დაეხმარება მშობელს ააწყოს სრულფასოვანი კონტაქტი. თანდათან გავამდიდროთ სიტყვათა მარაგი არა ახალი სიტყვების თავს მოხვევით, არამედ უკვე ნაცნობი სიტყვების განმტკიცებით, რაც შესაძლებელია ხშირი გამოყენებით სხვადასხვა სიტუაციებში.
ასევე შეგიძლიათ ჩამოაყალიბოთ კითხვები ისე, რომ მიიღოთ მოკლე პასუხი: „ჰო“, ან „არა“. გამოიყენეთ სურათები, პლაკატები, სათამაშოები, ალბომები ოჯახის წევრების სურათებით და კომუნიკაციის სხვა არავერბალური ინსტრუმენტები.