Skip to content Skip to sidebar Skip to footer

პლატფორმას “დედამ იცის” ესაუბრება მეტყველების თერაპევტი სოფიო ქურასბედიანი.

გვესაუბრეთ, რა არის ექსპრესიული მეტყველება?

ექსპრესიული მეტყველება არის უნარი გამოვიყენოთ სიტყვები, წინადადებები, ჟესტები და წერა, რათა გადავცეთ ინფორმაცია სხვებს. ექსპრესიული მეტყველების უნარი მოიცავს გარემოში საგნების დასახელებას, მოქმედებების და მოვლენების აღწერას, სიტყვებით წინადადებების შექმნას, გრამატიკული წესების სწორად გამოყენებას, ამბის გადმოცემას, კითხვებზე პასუხს და მოკლე ამბის დაწერას.

რა არის ექსპრესიული მეტყველების დარღვევა? 

ექსპრესიული მეტყველების დარღვევა – განვითარების სპეციფიკური დარღვევაა, რომლის დროსაც ბავშვის ექსპრესიული მეტყველების გამოყენების უნარი მის გონებრივ ასაკთან შედარებით დაბალია. აღსანიშნავია, რომ მიმართული მეტყველების გაგება ნორმის ფარგლებშია ზოგიერთ შემთხვევაში (თუმცა არა ყოველთვის), აღინიშნება არტიკულაციის დარღვევები, თუ ბავშვი 2 წლის ასაკში არ ამბობს ცალკეულ სიტყვებს (ან მათ მსგავს მეტყველებით წარმონაქმნებს), ხოლო 3 წლის ასაკში ვერ ადგენს ორ სიტყვიან მარტივ ფრაზებს – ამგვარი მდგომარეობა უნდა შეფასდეს, როგორც მეტყველების განვითარების მნიშვნელოვანი შეფერხება. 

რითი ხასიათდება ექსპრესიული მეტყველების დარღვევა?

  • უჭირს საგნების დასახელება.
  • არ შეუძლია სიტყვების წინადადებებში გაერთიანება. მეტყველების პროცესში იყენებს მოკლე წინადადებებს.
  • იყენებს წინადადებებს, რომელიც მის ასაკს არ შეესაბამება.
  • იყენებს „ჟარგონებს“ – გამოგონილ სიტყვებს. 
  • წინადადებებში სიტყვებს ადგილს უცვლის, არასწორი თანმიმდევრობით აწყობს, აკეთებს პაუზებს.
  • უცხო ადამიანები ვერ იგებენ მის მეტყველებას.
  • როცა ხსნის ან აღწერს რაიმეს, უჭირს სიტყვების მოძებნა. 
  • უჭირს ამბის გადმოცემა.
  • უჭირს ამბის წერა.
  • სიტყვიერი მარაგი მწირი აქვს. 
  • უჭირს შესაბამისი სიტყვების შერჩევა.
  • იყენებს შემოკლებულ ფრაზებს.
  • წინადადების არასწორი სტრუქტურა: სინტაქსური შეცდომები (განსაკუთრებით დაბოლოებებისა და წინსართების გამოტოვება), ისეთი გრამატიკული ფორმების არასწორი გამოყენება ან გამოტოვება, როგორიცაა წინდებულები, ნაცვალსახელები.
  •  აგრეთვე პრობლემურია ზმნების უღლება, ან არსებითი სახელების ბრუნვა. შეიძლება აღინიშნებოდეს წესების არასწორი, ან გადამეტებულად განზოგადებული გამოყენება. 
  • აგრეთვე, შეიძლება აღინიშნებოდეს მეტყველების მოქნილობის დარღვევა და წარსული გამოცდილების მოყოლისას მოვლენათა თანმიმდევრობის აღდგენის სირთულეები. 
  • ექსპრესიული მეტყველების დარღვევას ხშირად ახლავს არტიკულაციის დარღვევები. 

რაზე შეიძლება იქონიოს გავლენა  ექსპრესიული მეტყველების დარღვევამ?

ხშირად, განსაკუთრებით სკოლამდელი ასაკის ბავშვებთან, ექსპრესიული მეტყველების პარალელურად აღმოცენდება თანმდევი დარღვევები, რომლებიც მოიცავს: პრობლემებს თანატოლებთან ურთიერთობისას, ემოციურ და ქცევით დარღვევებს და/ან გადაჭარბებულ აქტიურობასა და უყურადღებობას.  მძიმე შემთხვევებში ვლინდება შეზღუდულ ლექსიკონში, მარტივი წინადადებების, მხოლოდ აწმყოს კონსტრუქციების გამოყენებაში. იოლ შემთხვევებში შეიძლება ადგილი ჰქონდეს მერყეობასა და შეცდომებს სიტყვების გახსენებაში, გრძელი და რთული წინადადებების ფორმულირებაში.  

რა უნარები გვჭირდება ექსპრესიული მეტყველების განსავითარებლად?

  • ყურადღების და კონცენტრაციის უნარი – უნარი, შეასრულოს აქტივობა, ისე, რომ არ გაეფანტოს ყურადღება და იმ დროით შეინარჩუნოს, რომ დაასრულოს დავალება. 
  • წინა სამეტყველო უნარები – არავერბალური კომუნიკაციის საშუალებები –  მოიცავს  ჟესტებს, სახის მიმიკებს, იმიტაციებს, თვალით კონტაქტს.
  • სოციალური უნარები – ჰქონდეს კომუნიკაცია (ვერბალური ან არავერბალური) სხვა ადამიანებთან, მიჰყვეს და ამოიცნოს სოციალური ნორმები.
  • თამაშის უნარები – ისეთ აქტივობებში ჩართვა, რომელიც ასოცირებულია სიამოვნებასა და მხიარულებასთან. აქტივობა არის, თუმცა აუცილებლად არაა მიზანმიმართული. 
  • პრაგმატული მეტყველება  – სოციალურ სიტუაციებში მეტყველების გამოყენება.
  • მოტივაცია – სხვა ადამიანებთან ურთიერთობის სურვილი. 
  • განვითარებული მოტორული უნარები – მოტორული უნარები, რათა ვერბალური მეტყველების განუვითარებლობის შემთხვევაში, შეძლოს ჟესტური ენის გამოყენება. 

როგორ დავეხმაროთ  ექსპრესიული მეტყველების დარღვევის მქონე ბავშვს?

პირველ რიგში  მეტყველების პრობლემები უნდა შეფასდეს მულტიდისციპლინური გუნდის მიერ, (ფსიქოლოგი, ლოგოპედი, ნევროლოგი, პედიატრი). ბავშვის განვითარების შესაფასებლად გამოიყენება ინტერვიუ, დაკვირვება, მეტყველების შესაფასებელი სტანდარტული ტესტები, არავერბალური და ვერბალური ინტელექტის შესაფასებელი ტესტები. რაც უფრო ადრეულ ასაკში მოხდება დიაგნოსტირება, მით უფრო ეფექტური იქნება ბავშვის პრობლემაზე მუშაობა. ადეკვატური დიაგნოსტირების შემდეგ აუცილებელია შესაბამისი სპეციალისტების ბავშვთან მუშაობა. აღსანიშნავია, რომ ბავშვის პრობლემაზე მუშაობა ხანგრძლივი პროცესია და გრძელდება 1-3 წელი, შეიძლება მეტიც. სპეციალისტის პარალელურად ბავშვის მეტყველებაზე მუშაობის პროცესში აუცილებელია მშობლის აქტიური თანამონაწილეობა. ძალზე მნიშვნელოვანია ის, რომ ბავშვი არ აიძულოთ წარმოთქვას რაიმე სიტყვა ან წინადადება, ან სწორად გაიმეოროს სიტყვა, ან ბგერები. გარშემომყოფთა დაჟინებული მოთხოვნა ბავშვს უარყოფით დამოკიდებულებას უყალიბებს თავად მეტყველების პროცესისადმი, რადგან მას გამუდმებით სთხოვენ იმის გაკეთებას, რაც მას არ შეუძლია, ან უჭირს.  ბავშვისათვის აუცილებელია სამეტყველო მასტიმულირებელი გარემოს შექმნა. კერძოდ, უნდა გაუხმოვანოთ ყველაფერი (თქვენი მოქმედებები, მისი მოქმედებები, რასაც ხედავს და ესმის), ამ დროს თქვენი მეტყველება უნდა იყოს მკაფიო, სწორი არტიკულაციით, წინადადებები უნდა იყოს მარტივი. მაგ.: სუფრას შლით და აჭმევთ, მოქმედების პარალელურად ამბობთ: „აი კოვზი, სუპი, ჭიქა დავდე, აი დანა, ტაფიდან გადმოვიღეთ კარტოფილი”; ან მაგ.: აცმევთ, პარალელურად ეუბნებით: „მომეცი ხელი, აი შარვალი, აი პერანგი, გამოსწიე ფეხი”. სეირნობთ ქუჩაში და ეუბნებით, მაგ.: „ნახე ჩიტი, გოგო მიდის, მანქანა მოდის, ბიჭი დგას, აი ხე და ა.შ.” ასეთი აქტიური მეტყველებითი სტიმულაცია ხელს შეუწყობს ბავშვის მიერ უნებლიე დონეზე სიტყვების წარმოთქმას; იგი უნებლიედ იწყებს იმის წარმოთქმას, რისი თქმაც მას ნებისმიერად არ შეეძლო. გახმოვანების დროს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ანტონიმების დასახელებას (მაგ: სპილოს მოკლე კისერი აქვს ჟირაფს  გრძელი, ეს ხე მაღალია, ეს დაბალი და ა.შ.), რაოდენობას (მაგ: ნახე 3 ბურთი ავიღე; ერთი, ორი, სამი და ა.შ.), საგნების დანიშნულების ახსნას (მაგ: საათი გვჭირდება, რომ გვაჩვენოს დრო, ტაფა გვჭირდება, რომ რაიმე შევწვათ და ა.შ). იმღერეთ მისი საყვარელი მელოდიები ერთად.  ითამაშეთ როლური თამაშები, თქვენ შორის უნდა წარიმართოს მარტივი დიალოგი. თავიდან შეიძლება ორივე როლი (ბავშვის და თქვენი) გაახმოვანოთ თქვენ თვითონ; შემდეგ როდესაც ბავშვი გაერკვევა, თუ რა ტიპის თამაშს სთხოვთ და მარტივი ფრაზებიც (მაგ: მყიდველი – „რა ღირს მანქანა?“ გამყიდველი – „ორი ლარი“ და ა.შ.) ნაცნობი გახდება, შეიძლება თვითონაც გაახმოვანოს დიალოგი. ითამაშეთ მანამ, სანამ ბავშვი თვითონ არ დაიწყებს გახმოვანებას (ამას შეიძლება დასჭირდეს 5-ჯერ, ან გაცილებით მეტჯერ თამაში).

რა მნიშვნელოვანი ფაქტორებია გასათვალისწინებელი სახლში მუშაობის დროს?

ერთსა და იმავე კითხვას ერთ ჯერზე ბევრჯერ ნუ გაუმეორებთ და მაშინვე პასუხს ნუ მოსთხოვთ. ჯერ თქვენ ეკითხებით, თუ ბავშვი არ უპასუხებს – თქვენვე უპასუხებთ კითხვას და აგრძელებთ მოქმედებას. აარჩიეთ სურათი, რომელზეც გაშლილია მოქმედება, აღუწერეთ ბავშვს სურათი და მიუთითეთ თითით, სთხოვეთ გიპოვოთ თქვენ მიერ დასახელებული ობიექტები, ამ ობიექტების ნაწილები.  ბავშვის მეტყველების განვითარება მჭიდროდაა დაკავშირებული ბავშვის ნატიფი მოტორიკის განვითარებასთან, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით მუშაობაც.

რა მოლოდინი შეიძლება ჰქონდეს მშობელს თერაპიის პროცესში?

იმისთვის, რომ უფრო ნათელი იყოს, თუ რა მოლოდინი შეიძლება გვქონდეს თერაპიის პროცესში, გაგაცნობთ კვლევის შედეგებს: კვლევების მიხედვით, სკოლამდელ ასაკში გამოვლენილი მეტყველების განვითარების სპეციფიკური დარღვევები ბავშვების 40-60%-ს შემდგომშიც აღენიშნებათ. ბავშვების 40%-ს, რომელთაც მეტყველების დარღვევა დაუდგინდათ 3 წლის ასაკში, იგივე დარღვევები 5 წლის ასაკშიც გამოუვლინდათ, ხოლო 5 წლის ასაკში მეტყველების დარღვევების მქონე ბავშვების 31%-ს იგივე პრობლემები აქვთ 7 წლის ასაკშიც. მეტყველების სპეციფიკურ დარღვევებთან შედარებით მეტყველების ზოგადი დარღვევები უფრო მდგრადია და შემდგომშიც გრძელდება. მეტყველების დარღვევის მქონე 7 წლის ბავშვების 51%-ს 16 წლის ასაკშიც აქვთ მეტყველების რეზიდუალური პრობლემები. მნიშვნელოვანი საკითხია, თუ რამდენადაა შესაძლებელი ბავშვის მეტყველების პრობლემების დაძლევის წინასწარმეტყველება. კვლევებმა აჩვენა, რომ 3 წლის ბავშვებში, რომლებიც მეტყველების თერაპიაზე დადიოდნენ, 90%-მდე სიზუსტით შეიძლებოდა ბავშვის მეტყველების განვითარების დონის პროგნოზირება 18 წლის ასაკისათვის.

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5