Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ჩვილებში პერიოდული ფაღარათი (დიარეა) საკმაოდ გავრცელებულია და ნორმად ითვლება. თქვენი პატარა ახლა იწყებს საჭმლების გასინჯვას და საჭმლის მომნელებელი სისტემა – მუშაობას. თუმცა, თუ დიდხანს გრძელდება ან დიდი რაოდენობით სითხეს კარგავს, შესაძლოა, გაუწყლოვნება გამოიწვიოს.

გახსოვდეთ, რომ როცა საქმე ჩვილების ავადმყოფობას ეხება, აუცილებლად უნდა შეატყობინოთ ექიმს.

როგორი უნდა იყოს ჩვილის ნორმალური განავალი?

არ არსებობს ამ კითხვაზე ერთი სწორი პასუხი. საფენის გახსნისას შესაძლოა ფერებისა და ტექსტურის ცისარტყელა იხილოთ. ეს იმიტომ ხდება, რომ ახალშობილებს სხვადასხვა ასაკში და ეტაპზე შეიძლება ჰქონდეთ სხვადასხვა სახის წყლიანი განავალი ან დიარეა.

ახალშობილის პირველ განავალს, მეკონიუმს ცუდი სუნი არ აქვს, რადგან ის საშვილოსნოში ყოფნის დროს ავსებული ნაწლავების გათავისუფლების გზაა. მას შეიძლება შავი ან მწვანე შეფერილობა ჰქონდეს და ცხიმიანი, კუპრისებრი იყოს. ის გაგრძელდება ან აირევა სხვა სახეობის განავალთან დაბადებიდან 1-2 დღე.

რამდენიმე დღის შემდეგ ბავშვის განავალი გაყვითლდება. ის შეიძლება იყოს თხელი და წყლიანი, თუმცა ეს არ ნიშნავს დიარეას, თუ პატარას არ აქვს ჩვეულებრივზე ხშირი კუჭის მოქმედება.

ჩვილებს აქვთ რბილი განავალი, განსაკუთრებით თუ მხოლოდ დედის რძეს მიირთმევენ. მათ კუჭის მოქმედებაც ხშირად აქვთ, ყოველი კვების შემდეგაც კი. ამიტომ, ძნელი გასარკვევია, მათ დიარეა აქვთ ხოლმე თუ არა.

თუ ჩვილს აქვს წყლიანი განავალი, რომელიც გაჟონავს საფენიდან და ჩვეულებრივზე ხშირად აქვს კუჭის მოქმედება, შესაძლებელია ეს ჩავთვალოთ ფაღარათად.

თუ ბავშვი არის შერეულ  ან მთლიანად ხელოვნურ კვებაზე, მისი განავალი ნაკლებად თხელია და მოყვითალო-მოყავისფრო შეფერილობა აქვს.

დიარეის მიზეზები ჩვილებში

ბავშვის დიარეის მრავალი მიზეზი არსებობს. ამათგან უმეტესობა თავისით ქრება და ის როგორც წესი, დიდხანს არ გრძელდება. იშვიათ შემთხვევებში, თქვენს ბავშვს შეიძლება მკურნალობა დასჭირდეს.

დიარეის მიზეზები  ძუძუთი კვებაზე მყოფ ბავშვებში

ექსკლუზიურად ძუძუთი კვებაზე მყოფ ჩვილებს ნაკლებად ემართებათ ფაღარათი. იმ ბავშვების 27%-ს, რომლებიც მხოლოდ დედის რძით იკვებებიან  და  ხელოვნურ კვებაზე მყოფი ჩვილების 72%-ს ხშირად აქვთ დიარეა.

ცვლილებები თქვენს მენიუში

ძუძუთი კვების დროს, თქვენს მენიუში ცვლილებამ შესაძლოა გამოიწვიოს ბავშვის ფაღარათი. მაგალითად, თუ ერთი ღამის განმავლობაში შეჭამთ ბევრ ცხარე ან შაქრიან საჭმელს.

წამლები

ზოგიერთი წამალი, მათ შორის ანტიბიოტიკები შესაძლოა გადავიდეს დედის რძეში და გამოიწვიოს დიარეა.

დიარეის მიზეზები ძუძუთი ან ხელოვნურ კვებაზე მყოფ ჩვილებში

კუჭის ბაქტერია

„კუჭის გრიპი“, გასტროენტერიტი ფაღარათის გარდა იწვევს ღებინებასაც და დაბალ სიცხეს. სიმპტომები შეიძლება გაგრძელდეს 24 საათის განმავლობაში.

ჩვილის წამლები

ზოგიერთმა მედიკამენტმა, მათ შორის ანტიბიოტიკებმა ან სიცხის დამწევებმა, შეიძლება გამიწვიოს დიარეა.

ცვლილებები ბავშვის მენიუში

6 თვიდან, მას შემდეგ რაც ბავშვი დაიწყებს სხვადასხვა სახეობის საჭმლის გასინჯვას, შეჩვევის პროცესში შეიძლება შეექმნას კუჭ-ნაწლავის პრობლემები.

COVID-19

ფაღარათი ახალი კორონავირუსის ერთ-ერთი გავრცელებული სიმპტომია.

დიარეის სხვა მიზეზები ხელოვნურ კვებაზე მყოფ ჩვილებში

ფორმულის ინგრედიენტები

კონრეტული ხელოვნური ნარევი ან მისი შეცვლა შეიძლება გახდეს ფაღარათის მიზეზი. ზოგიერთ ბავშვს უჭირს ფორმულასთან შეგუება და შესაძლებელია ამან გამიწვიოს მუცლის სპაზმი, გაზები ან დიარეა.

ძროხის რძის ცილის ალერგია ან აუტანლობა

რძის ალერგია და რძის აუტანლობა განსხვავებული ცნებებია,  მაგრამ ორივე მათგანმა შეიძლება ზოგჯერ გამოიწვიოს დიარეა ახალშობილებში. ამასთან, ალერგია იშვიათია. 1 წლამდე ჩვილების მხოლოდ 7 პროცენტია ალერგიული ძროხის რძეზე. ამ სახის ალერგიამ შეიძლება გამოიწვიოს დიარეა, პირღებინება ან სხვა სიმპტომები კვების შემდეგ, ან თუნდაც რამდენიმე საათის ან დღის შემდეგ. ბავშვების უმეტესობა 5 წლის შემდეგ დაძლევს მას.

ძროხის რძის აუტანლობის დროს  თქვენი პატარას კუჭს არ შეუძლია ლაქტოზას, რძეში არსებული შაქრის მონელება. თქვენს ბავშვს შეიძლება ეს დროებით გაუჩნდეს „კუჭის გრიპის“ შემდეგ და მაშინაც კი, თუ ადრე პრობლემების გარეშე ჭამდა ფორმულას.

თუ თქვენს შვილს უჭირს ძროხის რძეზე დამზადებულ ფორმულასთან შეგუება, დააკვირდით შემდეგ ინგრედიენტებს:

  • კაზეინი
  • ლაქტოზა
  • შრატი

დიარეის იშვიათი მიზეზები

ძალიან იშვიათად, სერიოზულმა დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს დიარეა და სხვა სიმპტომები, რომლებიც დიდხანს გრძელდება, ან საერთოდ არ გაქრება.

ბავშვის დიარეის იშვიათი მიზეზებია:

  • მსხვილი ნაწლავის  სერიოზული ინფექციები
  • კლოსტრიდიუმის ინფექცია
  • კისტური ფიბროზი
  • ნეიროენდოკრინული სიმსივნეები

დიარეის შესაძლო შედეგები

თუ ბავშვს ფაღარათთან ერთად მაღალი ტემპერატურა და ღებინება აქვს, გაუწყლოვნების რისკია. დააკვირდით შემდეგ სიმპტომებს:

  • პირის სიმშრალე
  • კანის სიმშრალე
  • საჭმელზე უარის თქმა
  • ჩვეულებრივზე მეტი გაღიზიანებულობა
  • ცრემლების გარეშე ტირილი
  • სუსტი ტირილი
  • ჩავარდნილი თვალები
  • ძილიანობა
  • ძნელად გაღვიძება
  • მივარდნილობა
  • მშრალი საფენი 8-12 საათის განმავლობაში

შინ მკურნალობა

თქვენ ყოველთვის არ შეგიძლიათ შეაჩეროთ ან თავიდან აიცილოთ თქვენი ბავშვის დიარეა, მაგრამ შეგიძლიათ დაეხმაროთ თქვენს პატარას უფრო დისკომფორტის შემცირებაში. ასევე, თავიდან აიცილოთ დეჰიდრატაცია და სხვა გართულებები.

უმეტეს შემთხვევაში, ბავშვის მდგომარეობა თავისთავად უმჯობესდება და თქვენს ბავშვს არ დასჭირდება სამედიცინო მკურნალობა. აი, რისი გაკეთება შეგიძლიათ სახლში, როდესაც თქვენს პატარას დიარეა აქვს:

– დარწმუნდით, რომ თქვენი პატარა საკმარისად იღებს სითხეს. განაგრძეთ ძუძუთი ან ხელოვნური კვება.

– ჰკითხეთ ექიმს, ხომ არ არის საჭირო ელექტროლიტები ორგანიზმში სითხის შესანარჩუნებლად. თუმცა, დიარეის ნორმალურ შემთხვევებში, დედის რძე ან ფორმულა საკმარისია.

– ხშირად უცვალეთ საფენი. ეცადეთ, რომ შეინარჩუნოთ სიმშრალე, რათა თავიდან აიცილოთ გამონაყარი.

– თუ თქვენი პატარა მიირთმევს მყარ საკვებს, მიეცით ისეთი საჭმლები,  რომლებიც ხელს უშლის დიარეას: მაგალითად, კრეკერი, ბურღულეული, მაკარონი და ბანანი. მოერიდეთ შემდეგს: ძროხის რძე, წვენები, ცხარე საკვები, ანტიდიარეული წამლები.

როდის უნდა მივმართოთ ექიმს?

  • თუ ბავშვს აქვს თეთრი ან წითელი განავალი
  • თუ კუჭის მოქმედება 10-ზე მეტია 24 საათში
  • თუ ბავშვი ხშირად აღებინებს
  • თუ ბავშვს აქვს გამონაყარი კანზე

წყარო: www.healthline.com

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5