ფებრილური გულყრები (მომატებული ტემპერატურით გამოწვეული გულყრები) გვხვდება ყოველი 100 ბავშვიდან 3-4-ში 6 თვიდან 5 წლამდე ასაკში, მაგრამ ყველაზე გავრცელებულია 12-18 თვის ბავშვებში.
ბავშვებს, რომლებსაც წლამდე ასაკში ჰქონდათ პირველი ფებრილური გულყრა, 50%-ის ალბათობა აქვთ, რომ ეს განმეორდება. თუ წლის შემდეგ დაემართებათ, განმეორების რისკი 30%-მდე მცირდება. მათგან ძალიან მცირე ნაწილს შეიძლება განუვითარდეს ეპილეფსია.
რა არის ფებრილური გულყრა?
ფებრილური გულყრა ჩვეულებრივ იწყება ცხელების პირველ საათებში. ამ დროს ბავშვი რამდენიმე წუთით გამოიყურება უცნაურად, შეშდება და თვალებს გადაატრიალებს. ასევე შეიძლება შეამჩნიოთ სუნთქვის ცვლილებები და კანის გამუქება. გულყრა ჩვეულებრივ გრძელდება 1 წუთის განმავლობაში, თუმცა იშვიათად 15 წუთიც შეიძლება გაგრძელდეს.
ფებრილური გულყრის გამეორება იმავე დღეს ნაკლებ სავარაუდოა. თუ კრუნჩხვა ცხელებით არ არის გამოწვეული, უფრო დიდხანს გრძელდება, სხეულის მხოლოდ ერთ ნაწილზე შეიძლება გავრცელდეს და მალევე მეორდება.
როგორ მოვიქცეთ, თუ ბავშვს დაემართა ფებრილური გულყრა?
- დააწვინეთ იატაკზე ან საწოლზე საფრთხის შემცველი საგნებისგან მოშორებით;
- თავი დაადებინეთ გვერდულად, რომ ნერწყვი ან ნარწყევი იოლად გადმოვიდეს პირიდან და არ გადასცდეს.
- არ ჩაუდოთ პირში რაიმე საგანი ან არ ეცადოთ ენის დაჭერას. ის ისედაც ვერ გადაყლაპავს ენას. დაურეკეთ ბავშვის ექიმს.
- თუ კრუნჩხვები არ შეჩერდა 5 წუთში, დარეკეთ 112-ში.
არის თუ არა საშიში ფებრილური გულყრა?
მიუხედავად იმისა, რომ ცხელებით გამოწვეული კრუნჩხვები მშობლებს გვაშინებს, ის არ არის სახიფათო ბავშვებისთვის. ის არ იწვევს ტვინის დაზიანებას, ნერვული სისტემის პრობლემებს, ინტელექტუალურ დარღვევებს, დამბლას ან სიკვდილს.
როგორ მკურნალობენ ფებრილურ გულყრას?
თუ თქვენს შვილს აქვს ფებრილური გულყრა, დაუყოვნებლივ დაურეკეთ პედიატრს, რათა დადგინდეს ბავშვის ცხელების მიზეზი. მისი დადგენა და მკურნალობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კრუნჩხვის.
ზოგადად, ექიმები არ ურჩევენ წამლებს ფებრილური გულყრის თავიდან ასაცილებლად. თუმცა, ეს უნდა განიხილოთ თქვენი შვილის ექიმთან. გახანგრძლივებული ან განმეორებითი კრუნჩხვების შემთხვევაში, რეკომენდაცია შეიძლება განსხვავებული იყოს.
მედიკამენტები, როგორიცაა აცეტამინოფენი (პარაცეტამოლი) და იბუპროფენი, დაგეხმარებათ სიცხის დაწევაში, მაგრამ ხელს ვერ შეუშლის ფებრილურ კრუნჩხვებს.
წყარო: ამერიკის პედიატრიის აკადემია www.healthychildren.org