Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ფიზიკური დატვირთვა ორსულობის პერიოდში  მრავალ მითს უკავშირდება. თუმცა, ფიტნეს-ინსტრუქტორ ნინიკუშკა გოგუაძისთვის, ორსულობა არ გამხდარა ცხოვრების რადიკალურად შეცვლის მიზეზი. ის ორსულობის პერიოდშიც განაგრძობს აქტიურ ცხოვრებას და  მძიმე წონებით ვარჯიშს. ფიტნეს-ინსტრუქტორის რწმენით ჩვენი სხეული  უფრო ძლიერია, ვიდრე თავად ჩვენ გვგონია და მზად არის გამოწვევებისთვის.

მოგვიყევით თქვენი საქმიანობის შესახებ.

უკვე მეხუთე წელია, რაც ფიტნეს-ინსტრუქტორად ვმუშაობ, მანამდე დაახლოებით ერთი წლით ადრე დავიწყე ვარჯიში დარბაზში. ჩემმა მეუღლემ (მაშინ ჯერ კიდევ შეყვარებულმა) მაჩუქა დარბაზის აბონიმენტი, თვითონ წლებია რაც ვარჯიშობს და  პირველი ნაბიჯების გადადგმაშიც მეხმარებოდა. ვარჯიშის დაწყება არ გამჭირვებია, რადგან სპორტით ბავშვობიდან ვარ დაკავებული, თხილამურზე ვსრიალებ და შეჯიბრებებშიც ხშირად ვიღებდი მონაწილეობას, მაგრამ მქონდა ჩავარდნები, ასევე მქონდა წონის დიდი მატება და მასთან გამკლავებას სირბილით და უაზრო დიეტებით ვცდილობდი, რასაც დიდად შედეგი არ მოჰქონდა. სამაგიეროდ, ძალიან მალე დავინახე ვიზუალური შედეგი სწორი კვებით და დარბაზში ვარჯიშით, რის გამოც ამ ყველაფერზე დამოკიდებული გავხდი. ნელნელა აღმოჩნდა რომ ვიზუალურის გარდა, სხვა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ცვლილებების მოტანა შეუძლია ვარჯიშს და მომინდა ეს გამოცდილება სხვებისთვისაც გამეზიარებინა. ასე, დავიწყე   ფიტნეს-ინსტრუქტორობა.

გაგვიზიარეთ,   თქვენი გამოცდილება აქტიური ორსულობის შესახებ ?

ჩემი ცხოვრება ძალიან აქტიური იყო ორსულობამდე, მუდმივად ვვარჯიშობდი საკმაოდ მძიმე წონებით, დავდიოდი ველოსიპედით, დავრბოდი და ა.შ. ამიტომ, როდესაც დავორსულდი, გადავწყვიტე არაფერი შემეცვალა  და გავაგრძელე იგივე ცხოვრებით ცხოვრება, როგორც მანამდე. გავლილი მაქვს სხვადასხვა კურსები “ვარჯიში და კვება ორსულობის დროს” და “რეაბილიტაცია ორსულობის შემდეგ”, ამიტომ ზუსტად ვიცოდი, რას ვაკეთებდი.

ორსულობის დროს აქტიური ცხოვრება გვეხმარება, როგორც ორსულობის პერიოდის გამარტივებაში, ასევე შემდგომ აღდგენაში. აქტიურად ყოფნა, ასევე ძალიან კარგია ნაყოფისთვის. ვინც ორსულობამდე ვარჯიშობდა შეუძლია გააგრძელოს იმის კეთება, რასაც აკეთებდა, თუ რა თქმა უნდა მოძრაობის სისწორეში დარწმუნებულია. თუ ქალი ორსულობამდე არ იყო აქტიური, კარგია მსუბუქი ვარჯიშით დაწყება, სეირნობა, იოგა, სპეციალურად ორსულთათვის შედგენილი ვარჯიშები (რა თქმა უნდა, ვარჯიშის დაწყებამდე ექიმთან კონსულტაციაც საჭიროა).

რა მითები უკავშირდება  ორსულის ვარჯიშს და ზოგადად აქტიურობას, ამ პერიოდში?

ორსულობის პერიოდში ბევრი მითი მოვისმინე, ხელების მაღლა აწევა არ შეიძლებადან დაწყებული – თმის შეჭრა არ შეიძლებათი დამთავრებული. რა თქმა უნდა, ყველაზე ხშირად მწერდნენ იმაზე, რომ ნაყოფს საფრთხეს ვუქმნი იმის გამო, რომ ვვარჯიშობ აქტიურად და თან წონებით. ყველაზე მეტად ყურადღებას ამახვილებდნენ წონებით ვარჯიშზე.

როგორია რეალობა?

რეალურად, როდესაც სხეული მიჩვეულია ვარჯიშს, ორსულობის დროსაც შეუძლია მას იგივეს გაკეთება. ჩვენი სხეული ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე ჩვენ გვგონია და მზად არის მსგავსი გამოწვევებისთვის.  რა თქმა უნდა, მთავრია ვუსმინოთ სხეულს და თუ ხვდები რომ მას დასვენება უნდა, უნდა დაასვენო, თუ ხვდები რომ რაღაც არ შეგიძლია, უნდა დაანებო თავი ამის კეთებას, მაგრამ ეს არ უნდა იყოს იმ ფსიქოლოგიური მომენტის გამო,  “ორსულად ვარ და არ შემიძლია”. ვარჯიშს უმრავლესობა იწყებს სასურველი ვიზუალის მოპოვების გამო, მაგრამ ამის გარდა,  სხვა უამრავი პლიუსი აქვს. ვარჯიშის დროს  ბევრად უფრო პროდუქტიული ხდები, ბევრად უფრო ბედნიერი, თავდაჯერებული და გაქვს უფრო მეტი ენერგია.

რას ურჩევდით ორსულებს და რა უნდა გაითვალისწინონ?

ორსულებს ვურჩევ დარჩნენ აქტიურები, ისეირნონ ბევრი, დაილიონ ბევრი წყალი. უფრო მეტად შეიყვარონ საკუთარი თავი და დაისვენონ მაშინ, როცა ეს სჭირდებათ.

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5